ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
მარიამი, განხორციელებული ღმრთის, იესუ ქრისტეს დედა, წმიდათა იერარქიაში უპირველესია. ეკლესია მას უწოდებს: ყოვლადწმიდას, კურთხეულს, მარადქალწულს, ღმრთისმშობელს, ქერუბიმთა უპატიოსნესსა და სერაბიმთა უზეშთაესსა და სხვა მრავალ აღმატებულ სახელს (ლუკა 1, 28-48). ღმრთისმშობლის, იოანე ღმრთისმეტყველის, იოანე ნათლისმცემლის და მათ კვალზე წასულების ღვაწლით, რომელთაც დაიცვეს უბიწოება, ქალწულებას კვლავ დაუბრუნდა თავისი პირვანდელი დიდება (დაბ. 2, 25).
სინდისი საღვთო ნაწერის პირველი მცნებაა, რომელიც შემოქმედმა ღრმად ჩააქსოვა პირველქმნილი ადამიანების გულში, და მას შემდეგ, ყველა, ვინც იბადება, მშობლისგან ითვისებს ამ მცნებას. ვინც თავისი სინდისი ყოველდღიური სწავლებით დახვეწა, თავს უცხოდ გრძნობს ამ წუთისოფელში და ერისკაცებსაც უკვირთ მისი დელიკატური ქცევები. თუ ადამიანი არ ხვეწს თავის სინდისს, მაშინ მისთვის სულიერი დარიგებები და მამათა სწავლებაც, უსარგებლოა და ღვთის მცნებებს ვერ დაიცავს, ვინაიდან უგრძნობელია.
მშობლის წყევლა საშინელი რამ არის. ვაი მას, ვინც თავისი საქციელით თავს დაიტეხა მშობლის წყევლა, მაგრამ ვაი მის მშობელსაც, რომელმაც დაწყევლა თავისი შვილები. იქნებ ვინმემ მრისხანების ჟამს თავისი შვილი ბოროტ ძალას გაუგზავნა? ჩვენ ხომ უხილავად გვაკრავს გარს ავი და კეთილი სულების მთელი სამყარო. თქვენს მიერ დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვით ხომ თქვენვე აგდებთ საკუთარი შვილის სულს ბოროტის ხელში. შეინანეთ, შესთხოვეთ უფალს პატიება, რომ თქვენი წყევლა წარიშალოს ღმრთის გულმოწყალების ძალით და არა ევნოს რა შვილებს.
203. ეს ყოველივე გადმოგცა შენ, თეოდულე, მყუდროების მოსახელემ, თუმცა კი საქმეში განცრუებულმა, ამასთან გადმოგცა, ალბათ, რა მთელი სისავსით, არამედ ის, რაც მისცა მას ღმერთმა, ღმერთმა, – მამად, ძედ და სულიწმინდად ქებულმა და დიდებულმა მთელი გონითი ბუნების მიერ: ანგელოზებისგან, ადამიანებისგან და მთელი ქმნილებისგან, რაც დაჰბადა გამოუთქმელმა სამებამ, ერთმა ღმერთმა, რომლის ბრწყინვალე სასუფეველთან ნეტამც ჩვენც შევძლოთ მიახლება ზესთაწმინდა ღვთისმშობლისა და ჩვენი ღირსი მამების ლოცვით. მას, ღმერთს მიუწვდომელს, საუკუნო დიდება! ამინ.
ჩვენ ვერ ჩავწვდებით ღვთისმშლობლის სიყვარულის სისრულეს, ამიტომაც ვერ გავიგებთ სისრულით მის ტანჯვას. მისი სიყვარული იყო სრულქმნილი. მას უსაზღვროდ უყვარდა ღმერთი და ძე თვისი, მაგრამ მას უყვარდა ადამიანებიც უდიდესი სიყვარულით. წარმოიდგინეთ, რა განიცადა მან, როცა ამ ადამიანებმა, რომლებიც მას ასე ძლიერ უყვარდა და რომელთა გადარჩენა ასე გულით ეწადა, ჯვარზე გააკრეს მისი საყვარელი ძე? ჩვენ ამის ჩაწვდომა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენში მცირე სიყვარულია ღმერთისადმი და ადამიანების მიმართაც. როგორც სიყვარული ღვთისმშობლისა უსაზღვროა და მიუწვდომელი, ასევე მისი ტანჯვაც უსაზღვრო და მიუწვდომელია.
თუ ხატს სახე შენარჩუნებული აქვს, ხომ შეიძლება განხლდეს, ან ახალი ჩარჩო გაუკეთდს?! როგორ შეიძლება, უფლის ან წმიდანების ხატი დამარხო, ან დაწვა. თუ ხატის მეორე მხარეს არის გარყვნილი სურათი, სხვა რაიმე ბიწი და არ შორდება - საღებავიც რომ გადაუსვა, მაინც შიგნით რჩება - აქ არის ბოროტის მახე დაგებული. ბოროტს უნდა სიძვის წილი სთადოს სიწმინდეში. აქ არ შეიძლება თანაზიარება ისევე, როგორც უფლისა და ბელიარის. მხოლოდ ამ ერთადერთ შემთხვევაში იწვება ხატი, ხოლო თუ უკანა მხარეს ღმრთისმშობლის, ან რომელიმე წმიდანის ხატია, ფიცარზე არ ეკვრება; თუ ერთ მხარეს წაღმა ხატია და მეორე მხარეს უკუღმა, ამ შემXვევაში ჰორიზონტალურად იდება.
ყოველთა წმიდათა კაცთათვის თქმულ არს წერილსა შინა, რომელ ცხოვრება მათი დაფარულ არს ღმერთსა შინა, გარნა უმეტესად ითქმის ესე ღთისმშობლისათვის, რომლისა ყოველი გონება და არსება იყო დაფარულ ღვთის არსებასა შინა. გარეშეობა ღვთისმშობლისა არ აჩენდა არცა ერთსა მისსა დაფარულსა დიდებულებასა; ვერავინ განარჩევდა მას სხვათა ქალთაგან, ვერცა შესამოსლითა, ვერცა სუფრასა ზედა და ვერცა სხვითა გარეგანითა გარემოებითა; ოდეს გულსა შინა მისსა ნათლობდა ნათელი ღვთაებისა, ოდეს ყოველი გონება მისი იყო გართული ზეციერითა ჰაზრითა და გული აღვსებული გამოუთქმელითა სათნოებითა, გარეგანი მისი იყო უბრალო და მსგავსი ყოველთა სხვათა ქალთა.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სამშობლო საყვარელო, ღმრთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებისასა განწმედილო! შენთვის დაწული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენკენ ლტოლვილი, დღეს განვისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა... ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხება: რა მომიტანე, რა მალამოსა სცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომიპყარ: "არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული სახსრად შენდა". მოვედი არა ვითარცა მნე სასყიდით დადგინებული, რამედ ვითარცა მნე ერთგული და მარად მორჩილი.
ქრისტიანს განსაკუთრებით მოეთხოვება სუფთა გული, რომ გულის თვალით შეძლოს დანახვა, თუ ვინ არის ღმერთი. უნდა შეძლოს და დაინახოს ამ გულმა ღვთის სიყვარული და მთელიანად მისი სრულყოფილება, მშვენიერება ანგელოზებისა, დიდება ღვთისმშობლისა, სილამაზე და დიდებულება მისი სულისა, როგორც ღვთის დედისა, სილამაზე ღვთის წმინდათა სულებისა, მათი სიყვარული ჩვენდამი. გულის თვალით უნდა ჭვრეტდეს ქრისტიანი სარწმუნოების ჭეშმარიტებას საიდუმლოებების ჩათვლით, უნდა გრძნობდეს მათ დიდებულებას. ასევე აუცილებელია საკუთარი სულიერი მდგომარეობის, განსაკუთრებით საკუთარი ცოდვების დანახვა. უსუფთაო გული კი, მიწიერ გულისთქმებს აყოლია და მათზე გადანასკული ამ ყველაფერს ვერ დაინახავს.
ჰოი, ღვთივკურთხეულო საქართველოვ, წინასწარმეტყველი დავითის მსგავსად რჩეულთა შორის ამაღლებულო; ღვთისმშობლის საფარველით დაცულო ივერთ სამკვიდროვ, ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მიერ ქრისტეს ნათლით განბრწყინვებულო და ათთა ბევრთა და სხვა მრავალთა მოწამეთა სისხლით მორწყულო; დროშავ სვიანო, უძლეველო, გორგასლიანო, დავითიან-თამარიანო; საიდუმლოთა დიდთა დამტევნელო ენავ ქართულო, ლაზარეს მსგავსად მკვდრეთით აღმდგარო; ღვთაებრივი სიყვარულის თანაზიარო სულო ქართულო, უტკბილესო ჩანგო ჩვენო, მრავალხმიანო.
შეურყეველი იდექ მტკიცედ, უფალი შენთანა!
გწამდეს, გიყვარდეს, სთესე სიკეთე და დასტკბი ხელთა შენთა შრომის ნაყოფით, რათა იყო ერთიანი და მთლიანი და იხარო ორსავე სოფელსა შინა. ამინ!