ავტორი:
წმ. ილია მართალი
როცა საზოგადო მნიშვნელობის აზრი ამოქმედებს სიტყვას, მაშინ თითონ თქმა ქმნად გადაიქცევა ხოლმე. ამ გზით სულჩადგმული ცხოვრება მოედანზედ გამოდის და შემოქმედებითი ძალი ცხოვრებისა აღარ უქმობს, არამედ იღვიძებს და ფრთას ისხამს. ეს შემოქმედებითი ძალი ცხოვრებისა სათავეა ყოველის წარმატებისა და მაგ ძალის ძლიერებაზედ დამოკიდებულია ყოველი იმედი ცხოვრების წინწადგომისა და განკარგებისა, საცა ეგ ძალი აღძრული არ არის, იქ ცხოვრება დგას, ვითარცა გუბე და გუბესავით შხამავს და სწამლავს გარეშემო ჰაერსა. ადამიანიც, იმ ჰაერში სულის მბრუნავი, ცოცხალმკვდარსავით ზლაზვნით და ხანხალით დატანტალებს უგულოდ და უსულოდ ცხოვრების მოედანზედ, როგორც სასაფლაოზედ, თითქო მარტო იმისთვისაო, რომ ერთი პატარა ადგილი იშოვოს, საფლავი გაითხაროს და შიგ ჩაწვეს. საკვირველიც არ არის, იქ მაცხოვარი სიო განახლებისა არ დაჰბერს ცხოვრებასა და მის გამო დღევანდელი დღე მკვდარია ხვალისათვის, როგორც გუშინდელი დღევანდელისათვის იყო, ამიტომაც ადამიანს აღარც გუშინდელი ახსოვს, აღარც დღევანდელი სწამს და აღარც ხვალინდელს ეტანება. ყოველსფერზედ გულაყრილია და ცხოვრობს მარტო იმისათვის, რომ მოკვდეს, როგორც მეტხორცი რამ, როგორც შემთხვევით მოსული და შემთხვევითვე წასასვლელი. ერთის სიტყვით, ადამიანი გამოფუყებულია, გამოცარიელებული, და ამიტომაც თითონ მისი ცხოვრებაც სიკვდილია და არა სიცოცხლე.
გარნა იქ კი, საცა ეგ მადლიანი ძალა შემოქმედობისა აღძრულია, ადამიანი გრძნობს, რომ იგი შვილია გუშინდელისა, მოჭრინახულეა დღევანდელისა და დამბადებელია ხვალისა. წარსული, აწმყო და მომავალი – ერთ რთულ, დაურღვეველ ჯაჭვად მიაჩნია და იმ ჯაჭვში თავისი თავი რგოლად, წინასა და უკანაზედ მტკიცედ გადაბმულად. მაშინ ადამიანი თავის-თავს მართლა-და ადამიანადა სცნობს, ეგ ცნობა საკუთარის თავისა ღირსებას უღვიძებს, საკუთარის თავის ღირსება ჩაგრულ ყოფას ვერ ათმენინებს და დამკლავებული გამოჰყავს ცხოვრების მოედანზედ საომრად და საბრძოლველად. გმირებს, სახელოვანს კაცებს, დიდებულ მოღვაწეებს ქვეყნისას – ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა ჰბადავს.
რაკი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ დაიძრა შემოქმედობითი ძალი, ერთს ნამოქმედს სხვა სამოქმედო საგანზედ მოჰყვება, ერთი მეორეს ჰშობს, მეორე მესამეს და ეგრე გაებმის ის ფერადი გრეხილი ცხოვრების მოძრაობისა, რომელსაც ისტორიას ეძახიან. ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა შექმნის ისტორიას; უმაგისოდ ნურა ერი ნუ დაიქადებს, ისტორიის ღირსი ერი ვარო. უწინ, როცა ჩვენში ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა ფეხადგმული იყო, აკი ისტორიაცა გვქონდა, აკი გმირებიცა გვყვანდა, აკი დიდი მწერლებიც და პოეტებიც აღმოგვიჩნდნენ, აკი იმ აღმატებულ ყოფაცხოვრებამდინაც მივაღწიეთ, რომლის დიდებულებამაც თამარ მეფე საუკუნოდ სახსოვარი გახადა ჩვენთვის.