1772.რა უთხრა მაშინ შეკრებილ იუდეველებს წმ. პეტრე მოციქულმა?
,,შეინანეთ და ნათელ იღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისათა იესუ ქრისტესითა მისატევებლად ცოდვათა, და მიიღოთ ნიჭ სულისა წმიდისაი" (საქ. 2,38).
1773.რომელი საიდუმლო ჰქონდა მხედველობაში წმ. პეტრე მოციქულს?
მხედველობაში ჰქონდა ორი საიდუმლო:
    1. ნათლისღება მისატევებელად ცოდვათა.
    2. მირონცხება სული წმიდის ნიჭთა მისაღებად.
1774.რომელისა მეორე შეხსენება მირონცხების საიდუმლოს შესახებ მოციქულთა საქმეებში?
მეორედ იხსენიება მაშინ, როდესაც ,,ესმა უკუეთუ მოციქულთა, რომელნი იყვნეს იერუსალიმს, რამეთუ შიწყნარეს სამარაის სიტყუაი ღმრთისა, მიავლინეს მათდა პეტრე და იოვანე, რომელნი-იგი ვითარცა მივიდეს, ლოცვა ყვეს მათთვის, რაითა მიიღონ სული წმიდაი, რამეთუ მუნამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედა მოწევნულ სული წმიდაი, გარნა ხოლო იყვნეს მათ ზედა, და მიაქუნდა სული წმიდაი". (საქ.8,14-17).
1775.ეხება თუ არა ეს ადგილი მირონცხების საიდუმლოს, როდესაც აქ საუბარია ხელდასმის შესახებ?
ეს ადგილი ეხება მირონცხების საიდუმლოს, რამდენადაც:
    1. სწორედ ამ ხელდასხმით მიიღეს ახლად ნათელღებულმა სამარიტელებმა სული წმიდა, რაც სწორედ მირონცხების საიდუმლოს აღსრულების ჟამს ხდება;
    2. თუმცა აქ არ არის პირდაპირი მითითება წმიდა მირონზე, ეს არ ნიშნავს, რომ ხელდასხმისას არ იყო გამოყენებული წმიდა მირონი, რამეთუ წმიდა წერილი ყოველივეს როდი შეიცავს, რაც ქრისტემ და წმ. მოციქულებმა მოიმოქმედეს.
    3. ასევე წმ. ზიარების საიდუმლოს შესახებ წმ. წერილში საუბარია მხოლოდ პურის გატეხვაზე (ანუ როდესაც საუბარი პირველ ქრისტიანთა ცხოვრებას ეხება), თუმცა ამ საიდუმლოს აღსრულების ჟამს მუდამ მიიღებოდა უფალ იესო ქრისტეს სისხლიც ღვინის სახით.
    4. ჯერ კიდევ მოციქულთა დროს აღმოცენებული ყველა ადგილობრივი ეკლესია მირონცხების საიდუმლოს აღსრულებისას იყენებს წმ. მირონს.
    5. აგრეთვე წმიდა ზეპირი გადმოცემის საფუძველზე დაწერილ უძველეს ქრისიტანულ წიგნებში ნახსენებია წმ. მირონის გამოყენება მირონცხების საიდუმლოს აღსრულებისას, მაგალითად, მღვდლობის შესახებ დაწერილ თხზულებაში, რომელიც წმ. პავლე მოციქულის მოწაფეს წმ. დიონისე არეოპაგელს მიეწერება.
1776.რასთანაა დაკავშირებული მოციქულთა საქმეებში მირონცხების საიდუმლოს მესამე მოხსენება?
უკავშირდება პავლე მოციქულის მიერ ქალაქ ეფესოს მეორედ მონახულებას (საქ.19,1-7).
1777.ვინ ნახა ეფესოში პავლე მოციქულმა?
მაშინ ეფესოში პავლე მოციქულმა იოანე ნათლისმცემელის ნათლისღებით ნათელღEბული თორმეტიოდე კაცი ნახა.
1778.როგორ მოექცა მოციქული პავლე ამ კაცებს?
მოექცა ამგვარად:
    1. უპირველესად მათ ასწავლა იესოს რწმენა,
    2. როდესაც ირწმუნეს, ნათელ სცა მათ ისე, როგორც დაადგინა ქრისტემ,
    3. ამის შემდეგ დაასხა მათ ხელი, ამ დროს მათზე გარდამოვიდა წმიდა, რითაც პავლე მოციქულმა, ნათლისღების საიდუმლოს შემდეგ, მათზე მირონცხების საიდუმლო აღასრულა.
1779.რომელ სიტყვებშია ნახსენები მირონცხების საიდუმლო პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლეში, კორინთელთა მიმართ?
ნახსენებია შემდეგ სიტყვებში: ,,რომელმან იგი განამტკიცა ჩუენ თქუენ თანა ქრისტეს მიმართ და ცხებულ გუყვნა ჩუენ ღმერთმან, და აღგუბეჭნა ჩუენ და მომცა წინდი იგი სულისა გულთა შინა ჩუენთა" (Iიკორ.1,21-22).
1780.ეს სიტყვები მირონცხების საიდუმლოს ეხება?
ეხება იმდენად, რამდენადაც მათში საუბარია ქრისტიანთა ქრისტეში ერთდროულად განმტკიცებისა და დამტკიცების შესახებ, მათ ცხებაზე და სული წმიდის ნიჭებით მათ დაბეჭდვაზე. ყოველივე ეს კი მირონცხების საიდუმლოს აღსრულების ჟამს ხდება.
1781.როგორ არის ნახსნებეი პავლე მოციქულის ეპისტოლეში ეფესელთა მიმართ მირონცხების საიდუმლო?
იქ ნათქვამია: ,,აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქმიდაითა" (ეფ.1,13).
1782.როგორ არის ნახსენები იოანე მოციქულის ეპისტოლეში მირონცხების საიდუმლო?
ნახსენებია ასე: ,,თქუენცა ცხორება გაქუს მისგან და იცით ყოველივე. - ცხებულება იგი, რომელი მიიღოთ მისგან, თქუენ თანა ჰგიეს" (Iინ.2,20,27).
1783.როგორ ცხებაზეა აქ ნათქვამი?
აქ ნათქვამია შინაგან ცხებაზე, რომელიც გვეძლევა სული წმიდის მიერ, მაგრამ შინაგან ცხების ხილული გამოხატულება არის ის, რომ ქრისტიანს, რომელიც მირონცხების საიდუმლოს იღებს, წმიდა მირონს სცხებენ.
1784.აუცილებელია მირონცხების საიდუმლო?
აუცილებელია. აუცილებელია რომ არ ყოფილიყო, წმიდა მოციქულთა მას ასეთ მნიშვნელობას არ მიანიჭებდნენ.
1785.როდის აღესრულება მირონცხების საიდუმლო?
აღესრულება ნათლისღებისთანავე, როგორც ეს დასაბამიდანვე სრულდება ეკლესიაში.
    განმარტება:
    I. წმიდა მირონს, როგორც წესი, ამზადებს და აკურთხებს თვით ავტოკეფალური ეკლესიის საჭეთმპყრობელი.
    II. წმიდა მირონს რომის ეკლესიაში ,,კრიჟმო" ეწოდება.
    III. რომის ეკლესიის სწავლება ამ საიდუმლოს შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებისაგან განსხვავებულია ა) არ თვლის მას ისეთ აუცილებლობად, როგორც მართლმადიდებელი ეკლესია, რის შედეგადაც კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთი წევრი ამ საიდუმლოს გარეშე რჩება (საიდუმლო წმიდანათლისღებისთანავე კი არ აღესრულება, არამედ მოგვიანებით); ბ) რომის ეკლესიაში ამ საიდუმლოს აღასრულებს მხოლოდ ეპისკოპოსი და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეუძლია მისი აღსრულება პაპის ნდობით აღჭურვილ მღვდელს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები