ავტორი:
წმ. ილია მართალი
ხოლო გამხელა და გაკიცხვა წუნის დადების საზღვარს არ უნდა გადასცილდეს. წუნის დადება და ლანძღვა-თრევა, შორის-შორია, შუა დიდი მანძილი უდევთ. განა ცუდს – ცუდი, ავს – ავი არ დაერქმის ადამიანის ღირსების შეულახებლად, ადამიანის გაულანძღველად, თავლაფ-დაუსხმელად? ამ შემთხვევაში ავის მომქმედი არ უნდა გააბოროტო ლანძღვითა და თრევითა, იმიტომ რომ გაბოროტება, ვით ძლიერ თავდაუჭერელი ვნებათა-ღელვა, გულის-ყურის კარს დაუხშობს და იმ ზნეობით ძალს, რომელსაც ნამუსს ეძახიან და რომელიც ჭეშმარიტი გამკითხავია და მწურთვნელი კაცისა, ხმას აღარ ამოაღებინებს. ავის საქციელის მდევნელი ზრდილობიანი, მართებული გონება-გახსნილი პატიოსანი კაცი რისთვის აღიძვრის ხოლმე დევნად? იმისთვის ხომ არა, რომ ზოგიერთებსავით სიხარულით ქუდი ჭერსა ჰკარს, ჩემს მოძმეს ძლივს ცუდი ვუპოვნეო და ძლივს ჩემს ლანძღვით სავსე გუდას პირს მოვუხსნიო, არამედ იმისთვის, რომ ან ავის მომქმედს ავი მოაშლევინოს, ან ავზედ სხვას აუხილოს თვალი.