ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მოთმინება, ხელმძღვანელთა მოვალეობანი
660. სხვა ქრისტესმოყვარე კაცს ურგები მონა ჰყავდა, რომელიც გაიქცა მისგან, რაღაც დროის შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა; იმ კაცმა ბერს, იოანეს ჰკითხა, მიეღო ის თუ არა. როდესაც ბერმა უთხრა არ მიიღოო, მსახური გამოსწორდა, მაგრამ ბატონს მისი გაშვება სურდა და კიდევ ერთხელ გაუგზავნა ბერს ამ საკითხზე შეკითხვა.
ჯერჯერობით დატოვე ის მსახური და ასწავლე მას და შენც ისწავლე მისი მეშვეობით. თუ გამოსწორდა - კარგია; თუ ძველებურად გააგრძელა ცხოვრება და შენ მას ღვთის გულისათვის მოუთმენ - ესეც კარგია, რამეთუ მოთმინებისათვის საზღაურს მიიღებ. მაგრამ თუ დაინახავ, რომ მოთმინების ძალა არ გყოფნის და ის გაზიანებს, მაშინ გაუშვი და გაიხსენე ერთ-ერთი წმინდანის ნათქვამი: „თუ ხედავ, რომ მდინარეში ვიღაც იხრჩობა, ხელს ნუ გაუწვდი, რათა შენც არ დაგახრჩოს, არამედ ჯოხი გაუწოდე და თუ ჯოხის დახმარებით გადაარჩენ, კარგია; თუ არა, მაშინ ჯოხს ხელი გაუშვი, რომ შენც მასთან ერთად არ დაიღუპო“.
661. რამოდენიმე დღის გასვლის შემდეგ იმ მსახურს რომელიღაც ნივთის მოპარვით თავის ბატონის შეურაცხყოფა უნდოდა, მაგრამ წმინდანების ლოცვით ღმერთმა ეს არ დაუშვა, და მსახური კვლავ გაიქცა. მისი ბატონი ბერთან მივიდა, ლოცვით დახმარებისათვის მადლობა უთხრა მას და საკუთარ თავს კიცხავდა, რომ პირველი პასუხის შემდეგ, მაშინვე არ გაუშვა ის მსახური. ბერმა კი მას შემდეგი უპასუხა:
მე მისი გაშვება სიძულვილის გამო კი არა, არამედ შენი აზრების უძლურების გამო გირჩიე, რამეთუ შენ ვერ მოუთმენდი მას შეურაცხყოფას. ჩვენც ასევე ცოდვილნი ვართ. ვინმეს გაგდება ჩვენი საქმე არაა. შენ რომ მისი სიზარმაცე მოგეთმინა, მაშინ მისი გულისთვის საზღაურს მიიღებდი. ერთხელ მამები აბბა პიმენის თანდასწრებით აბბა ნესტორის შესახებ ამბობდნენ, რომ ის სულგრძელად ითმენდა მოწაფის უდებებას. აბბა პიმენმა კი თქვა: „მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, ბალიშსაც დავუდებდი თავქვეშ“. „ღმერთს რა პასუხს გასცემდი?“ - ჰკითხეს მას სხვებმა. „ღმერთს ვეტყოდი, - აღნიშნა აბბა პიმენიმ, - „შენ თავად სთქვი უფალო: „ორგულო, აღმოიღე პირველად დვირე თუალისაგან შენისა, და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა“ (მათე. 7, 5).
662. და განა კარგად იქცეოდა ბერი, ძმის გამოსწორებაზე რომ არ ზრუნავდა?
ძმაო! ბერი მას სწავლის გარეშე არ დატოვებდა, ბევრჯერ შეაგონებდა, მაგრამ ის არ იღებდა მის დარიგებებს და რადგანაც მოწაფე არ სწორდებოდა, ამიტომ ეს საქმე ღვთის მსჯავრს მიანდო და თქვა: „ღმერთმა იცის რა უფრო სასარგებლოა; ეს ძმა ჩემზე უკეთესია“. სრულყოფილები, ვერ ბედავდნენ რა ვინმეს განკითხვას, ასე იმათ შესარცხვენად იქცეოდნენ, რომლებიც თვითონ არაფერს წარმოადგენენ, ყველას კი განიკითხავენ.