image

თემა: დუმილი,  ერესი,  კამათი

702. თუ შემთხვევით, მამებთან მაშინ მომიწევს ყოფნა, როდესაც ისინი ვინმეს, არამართლმადიდებლურად მოაზროვნეს, რწმენის თაობაზე ეპაექრებიან, მეც უნდა მივიღო პაექრობაში მონაწილეობა თუ არა? რამეთუ აზრი მეუბნება: „გაჩუმება რწმენის ღალატიაო“. ასევე, როდესაც ისინი ერთმანეთს დაწვრილებით ესაუბრებიან დოგმატებზე, ვთქვა, ის რაც ვიცი, თუ გავჩუმდე? და ბოლოს, როგორ მოვიქცე, როდესაც მკითხავენ?
რწმენის თაობაზე არასოდეს იპაექრო; ღმერთი ამას არ გთხოვს, ის შენგან მისი მცნებების დაცვას და იმ მართალი რწმენის აღიარებას მოითხოვს, რომელიც ეკლესიამ ნათლობისას გადმოგცა. დაიმარხე ეს და ცხონდები. დოგმატებზე კი არ ისაუბრო, რამეთუ ეს შენი სიმაღლე არაა. ღმერთს შენი ცოდვებისათვის ევედრე; დაე, ამაში ივარჯიშოს შენმა გონებამ. იფრთხილე, რომ მოსაუბრენი გულში არ განიკითხო, რამეთუ არ იცი, მართალს ამბობენ ისინი, თუ არა. იმ საქმეს კი ღმერთი განსჯის. ხოლო, თუ გკითხავენ, მაშინ მიუგე: „შემინდეთ წმინდა მამებო, მე ამას ვერ ვწვდები“.
703. მაგრამ თუ ერეტიკოსი, პაექრობისას სიტყვით დააბნევს მართლმადიდებელს; ნუთუ კარგი არ იქნება, თუ მას შეძლებისდაგვარად დავეხმარები, რათა შემდგომში დამარცხებულმა, მერყეობა არ დაიწყოს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში?
საუბარში ჩართვისთანავე, შენ ღვთისა და ადამიანების წინაშე იწყებ საუბარს და შენი ლაპარაკი თითქოსდა მასწავლებლობას ემსგავსება. მაგრამ თუ მასწავლებელს ძალა არა აქვს, მაშინ მისი სიტყვა დამაჯერებელი არაა და უნაყოფოა; ხოლო, როდესაც მას მცირედი სარგებელიც არ მოაქვს, მაშინ საჭიროა კი ლაპარაკი? თუ სინამდვილეში გინდა დახმარება, მაშინ ღმერთს გულში მოუხმე, რომელიც დაფარულს ხედავს და „შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთმ გინა თუ ვსცნობთ“ (ეფეს. 3, 20), და ის მოპაექრეებს თავის ნებისაებრ მოეპყრობა, შენ კი ამ საქმეში სიმდაბლით მოიქცევი. მაგალითად, როდესაც ვინმე ძალაუფლებას არასამართლიანად გამოიყენებს და ვიღაცას ციხეში ჩასვამს, ხოლო მეორე, რომელსაც წინააღმდეგობის და იმ ადამიანის დაცვის ძალა არა აქვს, თუ ფარულად სხვასთან, უფრო ძლიერთან, წავა და მომხდარს აუწყებს, რომელიც თავის ხელმწიფებით უშველის პყრობილს, განა ეს მოძალადეს არ შეაშფოთებს, რადგან არ იცის, თუ ვინ შეატყობინა უძლიერესს. ასევე ხდება აქ, რწმენისა და ჩვენი ძმების გასაჭირზე ღმერთს ლოცვა გულიდან აღვუვლინოთ და ვინც საკუთარი თავი დაიფიცა, რომ „ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხორებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი“ (1 ტიმ. 2, 4), ის მათაც თავის ნებისაებრ მიხედავს.
704. უკიდურეს შემთხვევაში, უნდა გამოივიძიო თუ არა რაზე მსჯელობენ ისინი, რომ ეს დანამდვილებით შევიტყო და კამათში არ ჩავერიო?
არაფერი გამოიძიო იქიდან, რასაც ღმერთი არ ითხოვს შენგან და საუბარში ისეთ სიტყვებს ნუ იტყვი, რომლებიც საფრთხეში ჩაგაგდებენ; არამედ, როგორც ზემოთ გითხარი, კმაყოფილი იყავი მართალი რწმენის აღიარებით და ამის იქით, არაფერზე არ იცნობისმოყვარეო.
705. როდესაც საუბარი წერილის რომელიმე საკითხს შეეხება, გავჩუმდე თუ მივიღო მასში მონაწილეობა? და როდესაც, ამასთანავე, მოსაუბრეები ისეთ საკითხში დაეჭვდებიან, რაც მე ვიცი, კარგი ხომ არ იქნება, თუ ვიტყვი?
დუმილი ჯობია. ხოლო, თუ ისინი ეჭვობენ, შენ კი იცი, რითი შეიძლება ეჭვის გადაჭრა, მაშინ მდაბლად თქვი, რომ იცი; ხოლო, თუ არ იცი, მაშინ შენი შეხედულებით არაფერი თქვა, რადგან ეს უგუნურებაა.
706. თუ საუბარი ისეთ თემას შეეხება, რომელიც სულს არ აზიანებს, გავჩუმდე თუ მივიღო მასში მონაწილეობა?
სანამ არ გკითხავენ, მანამ ლაპარაკის დაწყება კარგი არაა. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც გკითხავენ, სიმდაბლით და ღვთის შიშით თქვი, რაც იცი; შენს სიტყვას თუ მიიღებენ, ქედმაღლობას ერიდე და თუ არ მიიღებენ - წუხილს, რამეთუ ასეთია ღვთის გზა. სიტყვაძვირ ადამიანად რომ არ ჩაგთვალონ, შენც თქვი რაღაც, რაც იცი, მაგრამ შეკვეცე შენი სიტყვა და ამით მრავლისმეტყველებას და საკუთარ თავზე ფუჭ წარმოდგენას თავს დააღწევ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები