თემა: ვნებები,  მრუშობა


წუთიერი საცდური.

კლამონის მონასტრის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში მამა ელია იყო დაყუდებული. შუადღისას მას ვიღაცამ დაუკაკუნა. გამოსულმა ქალი დაინახა და ჰკითხა, რა უნდოდა.
    -შენიმდე მამაო, - მიუგო ქალმა, - მეც შენსავით აქვე, ორასიოდე ნაბიჯზე, ერთ პატარა გამოქვაბულში ვცხოვრობ; უდაბნოში სიარულისას მომწყურდა, ქენი სიკეთე და წყალი დამალევინე.
    ბერმა წყალი გამოუტანა და დაალევინა, მაგრამ გამოქვაბულში შებრუნებულს სიძვის ძლიერი ბრძოლა დაეწყო - ეშმაკმა იმ ქალის მიმართ ძლიერი ბრძოლა გაუჩინა. მან გულისთქმა ვერ დაძლია, გამოვიდა და ქალის კვალს გაჰყვა. აგვისტო იყო და ძლიერი სიცხისგან მიწა იწვოდა. ბერმა სწრაფად გაიარა ორასი ნაბიჯი და უეცრად თავზარი დაეცა: მან დაინახა შუაზე გაპობილი მიწა, რომელიც მის შთანთქმას ლამობდა. შიგ მიცვალებულთა გახრწნილი გვამები ეყარა, მატლი ეხვეოდა და ჩირქი სდიოდა. ვიღაც მშვენიერი მოხუცი მათზე მიმიუთითებდა და ეუბნებოდა:
    -ეს დედაკაცის გვამია, ეს - მისი ბავშვის; ეს - ლამაზი ქალისა, ეს კი მშვენიერი ჭაბუკის. მიდი, როგორც გინდა, ისე აისრულე წადილი! ჰოი, შე საბრალოვ! ერთი გულისთქმის ასრულებისთვის ამდენი ღვაწლის წყალში ჩაყრას აპირებ? ამ საძაგელი ცოდვისთვის ცათა სასუფევლის დაკარგვა გინდა? შე უბედურო, რა სუსტი ხარ და რა უსუსური გონება გაქვს, რომ ერთი ბილწი გულისთქმის გამო სულის წარწყმედაზე ფიქრობ!
    ბერი სიმყრალისგან დაბლა დაეცა. მოხუცი მიუახლოვდა, წამოაყენა და გულისთქმის ბრძოლა მოაშორა. ბერი გამოქვაბულში დაბრუნდა და ღმერთს მადლობა შესწირა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები