თემა: სინანული,  სულიერი მოძღვარი,  სიყვარული მოყვასისადმი


მოშურნეობა მოყვასის საცხოვნებლად.

წმიდა იოანე ღვთისმეტყველს ეფესოში ყოფნის დროს დაახლოებული ჰყავდა ახალგაზრდა კაცი, ერთი შეხედვით გულკეთილი და იმედისმომცემი. მან იგი სულიერად შეიყვარა და მისი აღზრდა გადაწყვიტა. მალე იოანე შორეულ ადგილებში უნდა გამგზავრებულიყო ღვთის სიტყვის საქადაგებლად. ამიტომ ეფესოდან წასვლისას ახალგაზრდა კაცი ეპისკოპოსს ჩააბარა იმ იმედით, რომ შეძლებისდაგვარად დაიცავდა მას ყოველგვარი ბოროტებისგან. ეპისკოპოსი სიხარულით დაეთანხმა, ზრუნავდა მასზე და სათნოების გზაზე განსწავლიდა. მცირე ხნის შემდეგ მონათლა კიდეც იგი და ფიქრობდა, რომ ამ საიდუმლოებით სრულად განამტკიცა იგი რწმენაში; ამიტომ სულის სასარგებლო დარიგებანი შეწყვიტა. მაგრამ რაოდენ დამღუპველია ახალგაზრდა კაცისათვის საკუთარ ნებაზე მიშვება! საბრალო ყმაწვილმა გაიცნო არცთუ ზნეობრივი თანატოლები, ღამღამობით საუბრობდა მათთან, ლოთობას, აზარტულ თამაშებსა და სხვა მანკიერებებს მიეჩვია, ხოლო რამდენადაც ამას ფული სჭირდებოდა, გარყვნილებიდან ყაჩაღად იქცა. ბოლოს მან ისე გაისასტიკა გული, რომ ყაჩაღთა ერთმა ბანდან იგი თავის მეთაურად აირჩია. მას შემდეგ მისთვის არა მხოლოდ ყაჩაღობა, არამედ მკვლელობაც სულ იოლი გახდა.
    როდესაც წმიდა იოანე დაბრუნდა, ეპისკოპოსს ყველას თანდასწრებით ჰკითხა:
    -სად არის ახალგაზრდა? მოიყვანეთ იგი ჩემთან...
    ეპისკოპოსმა ღრმად ამოიოხრა, ცრემლები გადმოსცვივდა და ძლივს წარმოსთქვა:
    -ის გარდაიცვალა.
    -როგორ? - წამოიძახა წმიდა იოანემ, - სულიერად თუ ხორციელად?
    -სულიერად, - მიუგო ეპისკოპოსმა, - ახლა იგი ყაჩაღია.
    -ორი უბედური! - წამოიძახა წმიდა იოანემ, - უდარდელი მასწავლებელი და უსულგულო მოწაფე! ვაი მას! მაგრამ შენ რა გააკეთე? განა შენ არ დაგადგინე ახალგაზრდა სულის მფარველად? ოჰ! მომგვარეთ ცხენი!
    წმიდა იოანე დიდხანს დადიოდა ტყეებსა და მთებზე და გზააბნეულ შვილს ეძებდა. ბოლოს იგი ყაჩაღების ბანდამ შეიპყრო. იმის ნაცვლად, რომ ბოროტმოქმედთაგან თავის დახსნა ეცადა, მან მათ სთხოვა, თავიანთ წინამძღოლთან მიეყვანათ.
    წმიდა იოანეს დანახვაზე საბრალო ახალგაზრდა ათრთოლდა და გაიქცა. წმიდა იოანეს სიბერე დაავიწყდა და გამოეკიდა მას.
    -რატომ გამირბიხარ, შვილო ჩემო? - მოთქვამდა იგი, - რატომ მაიძულებ ამ ჩემთვის აუტანელ ჯაფას? შეჩერდი, შეიბრალე მოხუცი; შეჩერდი და ნურაფრის გეშინია: გადარჩენის იმედი არ გამქრალა... უფლის წინაშე მე პასუხს ვაგებ შენს გამო! დაე, ჩემზე იყოს შენს მიერ დაღვრილი სისხლი!
    ბოლოს უნებურად დარწმუნებული ახალგაზრდა გაჩერდა, გადააგდო იარაღი, აქვითინდა და სახეზე ხელები აიფარა. საბრალო მთლად კანკალებდა, როგორც სასიკვდილე იარაღის ქვეშ.
    იოანე ღვთისმეტყველმა იგი ქალაქში წაიყვანა, ეკლესიაში მიიყვანა და ყველას უჩვენა სინანულის მაგალითი, რათა ცოდვაში ჩავარდნის შემდეგ გადარჩენის იმედი არავის დაეკარგა, რამეთუ უფალს ყველას გადარჩენა და ჭეშმარიტებასთან მიყვანა სურს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები