ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ლოცვა გონიერი წარდგომაა ღვთის წინაშე, მეტყველი გულით, მადლიერებით, ვედრებითა და შემმუსვრელი სინანულით. ეს ყველაფერი სულიერია. ყველაფრის ფესვი ღვთისადმი კეთილკრძალულ შიშშია, მისგანაა ღვთის რწმენა, თავის უარყოფა, სასოება, ყოველივე ამსოფლიურის დავიწყება და ღვთის ნებისადმი სიყვარულით მინდობა... როცა ლოცვა ძლიერდება, მაშინ გულს ყველა ეს გრძნობა და სულის მოძრაობა, შესაბამისად თან ახლავს.
მაშ როგორ მიმართებშია მასთან იესოს ლოცვა? ისეთივე მიმართებში, როგორც ის სითბო, რომელიც ამ ლოცვის ზემოქმედებით გულსა და მის მახლობლად, მკერდში წარმოიშვბეა.
ლოცვითი ჩვევები უცებ არ ყალიბდება, ის ხანგრძლივ შრომას და თავის იძულებას მოითხოვს.
სწორედ, ლოცვითი ჩვევების ჩამოყალიბებისათვისაა აუცილებელი შრომა. ყველაზე მეტად ამ საქმეშიიესოს ლოცვა და მისი თანმხლები სითბო დაგეხმარება.
შესაძლოა, იესოს ლოცვაც სრულდებოდეს, სითბოც თან ახლდეს, მაგრამ ლოცვა ნამდვილი მაინც არ იყოს და, რაც უნდა უცნაურად გვეჩვენოს, ეს ასე ხდება!..
როცა ვლოცულობთ, გონებით ღვთის წინაშე უნდა ვიდგეთ და მხოლოდ მასზე ვფიქრობდეთ. ამ დროს განუწყვეტლივ წარმოიშვება სხვადასხვა ზრები, რომლებიც გონებას ღვთისაგან განაშორებენ. იმისათვის, რომ გონება მიჩვეულიყო ერთ ადგილზე დგომას, წმიდა მამები ყენებდნენ მოკლე ლოცვებს, რომელთაც განუწყვეტლივ წარმოთქვამდნენ...
მოკლე ლოცვების ასეთი უწყვეტი წარმოთქმისას გონება მტკიცედ იდგა ღვთის სათნო ფიქრებში და ადვილად დევნიდა გარეშე აზრებს. ლოცვები მოკლე იყო, მაგრამ სხვადასხვაგვარი, ამიტომჩვენში გამორჩეულად დამკვიდრდა და საერთო წესად იქცა იესოს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!"
და მაინც, რა არის იესოს ლოცვა? ის ხომ ერთ-ერთი მცირესიტყვიანი ლოცვათაგანია ისევე, როგორც ყველა სხვა სახის მოკლე ლოცვა. შემოღებული კი იმისათვისაა, რომ გონება მხოლოდ ღმერთზე ფიქრით იყოს დაკავებული.
ვინც ეს ლოცვა გაითავისა და სათანადოდ დაეუფლა, მან მართლაც მიაღწია ღვთის განუწყვეტელ ხსოვნას. რამეტუ ღვთის ხსოვნა ბუნებრივია და გულწრფელად მორწმუნე გულში ბადებს კეთილკრძალულების, სასოების, მადლიერების, ღვთის ნებისადმი მინდობისა და სხვა რელიგიური გრძნობებს, რომლებიც არსით სულიერნი არისნ და რადგან იესოს ლოცვა წარმოშობს და ამკვიდრებს ღვთის ასეთ ხსოვნას, ჩვენ მას სულიერსვუწოდებთ. ეს უტყუარია მაშინ, თუ ლოცვა განმსჭვალულია აღნიშნული სულიერი გრძნობებით. ხოლო როცა ლოცვას ასეთი გრძნობები არ ახლავს, ის ისეთივე მხოლოდ სიტყვიერი რჩება, როგორც მისი მსგავსი ყველა სახვა ლოცვა.
დავიდგინოთ, რომ იესოს ლოცვის შესახებ ასე ვიფიქროთ.
ახლა კი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ის სითბო, რომელიც თან სდევს იესოს ლოცვას?
მოკლე ლოცვებით წარმოთქმისას გონება რომ არ გაიფანტოს საჭიროა გულში მისი ყურადღებით მოთავსება, რადგან თავში, სადაც აზრების ჭიდილია, ის ძალაუნებურად იბნევა. როცა გონება გულში დამკვიდრდება, ის თავს მოუყრის მთელ სულიერ და სხეულებრივ ძალებს... ადამიანის მთელი სასიცოცხლო ძალების ასეთი თავმოყრა, მაშივნე პოულობს გამოძახილს განსაკუთრებულ შეგრძნებაში; ეს შეგრძნება არის, სწორედ, დასაწყისი შედგომი სითბოსი... ეს განცდა თავიდან მსუბუქია, შემდგეგ თანდათან ძლიერდება, მძლავრდება, ღრმვანედა და ცივიდან, როგორც ის დასაწყისშია, გადადის თბილ გრძნობაში და ყურადღებას მიიპყრობს. ხდება შემდეგი რამ: გონება, რომელიც თავიდან ნებისყოფის მეშვეობით კავდებოდა გულში, თავისი ძალით იწყებს გულში სითბოს დაბადებას. ეს სითბო კი სულ მალე თავად გონებას ისე აკავებს, რომ ის თითქმის აღარ იძაბება. შემდგომში ისინი ერთმანეთს აძლიერებდნენ და ერთად უნდა მოქმედებდნენ, რამეთუ გონების გაბნევით იკარგება სითბო, ხოლო სითბოს მოკლებით სუსტდება ყურადღება.
აქედან ყალიბდება სულიერი ცხოვრების წესი: გული გძნობით ამყოფე ღმერთთან და ყოველთვის ღვთის ხსოვნაში იქნები, - ამბობს წმ. იოქნე კიბისაღმწერელი.
ახლა საკითხი - სულიერია თუ არა ეს სითბო? არა, არაა სულიერი! ჩვეულებრივია, სისხლის მოქმედებისგანა. ამიტომ, სულიერი, ზომთ აღნიშნული განწყობების აღმოცენებას, სულიერად იწოდება ისინი იმ შემთხვევაში, თუ არ ახლავს თუნდაც მსუბუქი ხორციელი ტკბობა და სული და სხეული ფხიზელ მდგომარეობაში რჩება. ე.ი. სითბო, რომელიც თან სდევს იესოს ლოცვს, თუ არაა მოცული სულიერი გრძნობებით, მაშინ არ ეგების მას ეწოდოს სულიერი, არამედ უბრალოდ, სისხლის სითბოა და ის, როგორც ამბობენ, ცუდი როდია, თუ კავშირი არ აქვს თუნდაც უმნიშვნელო ხორციელ ტკბობასთან. ტუ აქვს, მაშინ საშიშია და საჭიროა მისი გაძევება.
ეს არამართებული მდგომარეობა მაშინ გვხვდება, როცა სითბო გულს ქვემოთ ვრცელდება, კიდევ არის შემთხვევა, როცა სითბოს შეგრძნებისას მასე ვჩერდებით, რის გამოც სულიერ განწყობაზე და ღვთის ხსოვნაზე აღარ ვზრუნავთ. თუმცა ეს ხდება არა ყოველთვის, არამედ პერიოდულად. საჭიროა მისი შემჩნევა და გამოსწორება, რადგან სხვა შემთხვევაში შეგვრჩება სისხლისმიეწრი, ცხოველური სითბო, რომელსაც არ ეგების ეწოდოს მადლმოსილი და სულიერი... სულიერად ის მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, როცა თან სულიერი, ლოცვითი მოძრაობები ახლავს... ვინც ამის გარეშე თვლის სითბოს სულიერად, ის შეცდომას უშვებს და ვისაც მადლმოსილი ჰგონია ის, კიდევ უფრო მეტად ცდება...
მადლმოსილი სითბო განსაკუთრებულია და სინამდვილეში მხოლოდ იგია სულიერი... ის სხეულთან არაა კავშირში და არც რაიმე შესამჩნევ ცვლილებებს იწვევს მასში, გარდა ფაქიზი, სასიამოვნო შეგრძნებისა.
ამ შეგრძნებების მიხედვით ყველას შეუძლია განსაზღვროს სითბო.. ეს ყველამ უნდა გაკეთოს; ლოცვა გონიერი წარდგომაა ღვთის წინაშე

წმიდაო მამაო, როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც უსაფუძვლოდ ჰგონია, რომ ავად არის?
იმისათვის, რომ ასეთ ადამიანს ეშველოს, მას მოძღვარი უნდა ჰყავდეს, ენდობოდეს და ემორჩილებოდეს მას. მოძღვარს უნდა გაუმხილოს თავისი ზრახვები, ის კი დამოძღვრავს მას: - "ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ, აი, ამის მიმართ კი პირიქით, ყურადღებით იყავი". თუ ადამიანი მოძღვარს არ ენდობა და მისას არ ისმენს, ამგვარი აზრები მოსვენებას არასოდეს მისცემს. იცი რას ნიშნავს, როდესაც ადამიანები დახმარებას გთხოვენ და თვითონ თითს თითზე არ აკარებენ?! აი, მაგალითად, ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავაშვებულად ცხოვრობს და სულიერი აშლილობა აწუხებს, მოდის ჩემთან თამბაქოს კვამლისაგან ჩაწითლებული თვალებით და დახმარებას მთხოვს. ამასთან, რაღაც ცრუ ღვთისმოსაობით არის შეპყრობილი: მთხოვს, რომ ჩემი სენაკის ტაძრის კანკელიდან მივცე ხატი, და ამასთან, სენაკში კბილებგაჩრილი შემოდის. - "ჩემო ძმაო, - ვეუბნები, - ამ სიგარეტისაგან თვალები ცოფიანი ძაღლივით გაქვს ჩაწითლებული, მე ამ სენაკში მოხუცებსაც კი არ ვაძლევ მოწევის ნებას, აქ მხოლოდ საკმეველი იკმევა ხოლმე". მაგრამ ის გაჯიუტდა და თავისი განაგრძო: მოდის, დახმარებას მთხოვს და საკუთარ აზრს კი არ თმობს: - "რატომ არ გინდა დამეხმარო"?! გაიძახის, ანუ განკურნება სურს, მაგრამ - რაღაც მაგიური საშუალებით (ანუ უშრომელად), ისე რომ, არანაირი ძალისხმევა არ დასჭირდეს. მე ვეუბნები: - "შენ სასწაულისთვის არ ვარგიხარ, შენ ხომ ავადაც არა ხარ და მხოლოდ საკუთარი აზრებისა გჯერა". ამ ყმაწვილს რომ მორჩილება გამოეჩIნა, ეშველებოდა კიდეც. შევნიშნე, რომ ის ადამიანი, ვინც ჩემს დარიგებას ყურად იღებდა, სწრაფად მიდიოდა წინ და მის ცხოვრებაში ყველაფერი თავისთავად ლაგდებოდა. ხოლო თვით ეს ადამიანი და მისი ოჯახის წევრებიც სიმშვიდეს მოიპოვებენ. ერთხელ ერთი ღვთისმსახური მოვიდა მონასტერში, აქ მას გალობაში მონაწილეობაშეთავაზეს, მან იუარა, როდესაც მიზეზი ჰკითხეს, მიუგო, რომ ფსალმუნში ნათქვამია: "ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა". მან დაიჟინა, რომ გალობა ცუდი საქმეა, რადგანაც ეშინია "ორპირი მახვილისა", რომელიც მასზე აღიმართება, თუკი "ხმას აღიმაღლებს". - "ჩვენო საყვარელო, ჩვენო ძვირფასო, ჩვენო ოქრო, ეგ ყველაფერი სინამდვილეში ისე არ არის, როგორც შენ გგონია"! ეუბნებოდნენ მას ბერები, მაგრამ ის თავისას გაიძახოდა, აბა, მიდი და ასეთ ადამიანთან საერთო ენა გამონახე! რას უზამ?! მისი "განმარტება" მართებულიც რომ ყოფილიყო, სხვა, თუნდაც შემცდარი, ადამიანებისადმი მორჩილება ამ შემთხვევაში მადლს მოახვეჭინებდა და ეს იქნებოდა უდიდესი წყალობა, იმიტომრომ მორჩილება ღვთის წინაშე დიდად ფასობს.

როგორ იტანჯებიან ამის მსგავსად ადამიანები წლების განმავლობაში, იმიტომ რომ საკუთარი აზრებისა სჯერათ და სხვებს არ უსმენენ. რაც არ უნდა უთხრა და გაუკეთო მათ, ყველაფერს უკუღმა განმარტავენ. ბოროტება ხომ არ ჩერდება იმაზე, რომ ადამიანეი ერთხელ დაიჯერებს საკუთარ აზრებს! ბოროტება მრავლდება და იზრდება. ადამიანი უფრო და უფრო განამტკიცებს თავის თავს საკუთარ მოსაზრებებისადმი ნდობას და ყოველივე მან იგი შესაძლოა, სულიერ აშლილობამდე მიიყვანოს. მაგალითად, ადამიანი აშენებს სახლს, - "ეს როგორ აშენებ, - ეუბნებიან მას, - ჩამოინგრევა და ნანგრევებში მოყვები". თუ იგი მშენებლობის დასაწყისშივე ყურად იღებს რჩევას, ახლადდაწყებული მშენებლობის შეჩერება და კვლავ დაწყება უფრო ადვილია, მაგრამ დამთავრებულ შენობაზე ხელის აღმართვა გაცილებით ძნელია. - "იცოდე, შეიძლება დაგიტანოს"! ეუბნებიან მას, თვითონაც ხედავს, რომ შენობა დიდხანს ვერ გაძლებს, აცნობიერებს საშიშროებას, მაგრამ ფიქრი იმაზე, თუ რამდენი ფული და შრომა დახარჯა ამ მშენებლობაზე, უფლებას არ აძლევს, დაარღვიოს იგი. ამგვარად, მას ვერ გადაუწყვეტია, საკუთარი ხელით შექმნილი მოსპოს და ბოლოსდაბოლოს თვითონ აღმოჩნდება ნანგრევების ქვეშ.
განა ასეთი ადამიანის დახმარება შესააძლებელია?
შესაძლებელია, თუკი მას ეს სურს. მაგრამ, როგორ დაეხმარები, როდესაც უხსნი, რომ რაღაც არასწორად გააკეთა და ის კი თავს იმართლებს?! მაგალითად, ერთი ახალგაზრდა კაცი შაქრიანი დიაბეტით არის ავად და ისე, რომ არც კი იცის, რამდენად სერიოზული საფრთხე ემუქრება მის ჯანმრთელობას, ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ხუმრობაა. ექიმი ეუბნება: - "შაქრიანი დიაბეტი სერიოზული დაავადებაა და დიეტა უნდა დაიცვა". თუკი ახალგაზრდა ექიმს დაუჯერებს, სერიოზული გართულებები ა იქნება, მაგრამ, როგორ მიაღწევ მასთან ურთიერთგაგებას, თუ ასეთ რამეს იტყვის: - "რა დიდი რამეა ეს დიაბეტი?! ტკბილსაც შევჭამ, იმიტომ რომ როცა ტკბილს ვჭამ, მცხელა, ხოლო, როდესაც მცხელა, შემიძლია პლედის გარეშე დავიძინო, ან თოვლში ფეხშიშველა ვიარო". როგორ მიაღწევ ურთიერთგაგებას იმ ადამიანთან , რომელიც თავისას არ იშლის?!
წმიდაო მამაო, თუკი ამ ყმაწვილს საკუთარი ზრახვისა სჯერა, ეს ბუნებრივია?
თუ ყმაწვილს თავისი ზრახვისა სჯერა, ე.ი. მასში ბევრი ეგოიზმია.
როგორ უნდა მიხვდეს იგი ამას?
ის ამას გაიგებს, თუ მაგალითად, თავისი ბავშვობიდან რომელიმე შემთხვევას გაიხსენებს, რომელიც დაანახებს ეგოიზმის რა პროცენტი იყო მაშინ მასში. ერთხელ მოხდა ისე, რომ ორ ბიჭუნას ვაკვირდებოდი: ერთმა აიღო ბამბით გატენილი ბალიში, რომელიც ძალიან ადვილად ასწია, ხოლო მეორე იმავე ბალიშის ასაწევად რომ მივიდა, ისეთი სახე მიიღო, თითქოს ბალიშს კი არა, - ბეტონის ტომარას იღებდა. ამ მეორე ბიჭუნაში ეგოიზმი სჭარბობდა, მაგრამ როდესაც ის ცოტათი გაიზარდა, მიხვდა, რომ მისი მოქმედება ეგოიზმით იყო გამოწვეული, იგი აღიარებს ამ ცოდვას და ამგავრი აღიარებით ღვთის მადლს მოიხვეჭს, ის მიიღებს ამ ცოდვის შენდობას და გათავისუფლდება მისგან. აბა, სხვანაირად როგორ იქნება?! ღმერთი ხომ სამართლინია!
წმიდაო მამაო, ვთქვათ, მე ვფლობ გარკვეულ გამოცდილებას, თუ ამ გამოცდილებას დავეყრდნობი, ვხედავ, თუ როგორ განვითარდება ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვიმყოფები, ამაშიც არის საკუთარ თავზე მინდობა?
ნუ აკეთებ დასკვნებს შენით! როდესაც უფალმა პეტრე მოციქულს მოუწოდა, მან მისკენ მიმავალი გზა წყალზე გაიარა, მაგრამ როდესაც კი მოციქულმა საკუთარი ზრახვების თანახმად დაუშვა, რომ შესაძლოა, ჩაძირულიყო, მან მართლაც ჩაძირვა დაიწყო და ქრისტემაც დაუშვა ეს: რაკი შენ ამბობ, რომ იძირები, მაშინ ჩაიძირე!

აბა, შეხედე თავმდაბალ ადამიანს: მას არ სჯერა საკუთარი ზრახვების, მაშინაც კი - სასწაული რომ მოიმოქმედოს. იორდანიაში იყო ერთი ძალიან უბრალო ღვთისმსახური, რომელიც სასწაულებს აღასრულებდა. იგი ლოცვას აღავლენდა ავადმყოფ ადამიანებსა და ცხოველებზე და ისინი განიკურნებოდნენ, მუსულმანებიც კი რამე რომ აწუხებდათ, მასთან მიდიოდნენ და ისინიც განკურნავდა მათ. საღმთო ლიტურგიის აღსრულების წინ ეს მღვდელი სვამდა რაიმე ცხელ სასმელს, ორცხობილას მიატანდა და მერე, მთელი დღის განმავლობაში აღარაფერს იღებდა. ხმა იმის შესახებ, რომ იგი ლიტურგიის წინ ჭამდა, პატრიარქამდე მივიდა და პატრიარქმა საპატრიარქოში მოიხმო იგი. მღვდელმა არ იცოდა რისთვის დაიბარეს, ის მივიდა საპატრიარქოში და სხვებთან ერთდ ელოდა მიღებას პატრიარქთან. ქუჩაში საშინელი სიცხე იყო, ფანჯრების დარაბები დახურული იყო და ჭუჭრუტანიდან მისაღებში მზის სხივი შემოდიოდა. მღვდელს მზის სხივი თოკი ეგონა და რადგან ოფლად იყო გაღვრილი, ანაფორა გაიხადა და მასზე ჩამოკიდა. ამის დანახვამ მისაღებში მასთან ერთად მყოფი ადამიანები განაცვიფრა, ერთ-ერთი მათგანი პატრიარქთან მივიდა და უთხრა - "მღვდელმა, რომელიც ლიტურგიამდე საუზმობს, თავისი შესამოსელი მზის სხივზე დაკიდა!" პატრიარქმა კაბინეტში მოიხმო იგი და გამოკითხვა დაუწყო: - "აბა, მიამბე, როგორ მიდის შენი ცხოვრება, ხშირად წირავ, როგორ ემზადები წირვისათვის"? ეს მღვდელი პასუხობს: - "აი, როგორ: ჯერ ცისკარს წავიკითხვ, რაიმე მსუბუქს შევჭამ და მსახურებაზე მივდივარ". - "რატომ ჭამ ლიტურგიის წინ"? ეკითხება პატრიარქი. ღვთისმსახური კი მიგებს: - "ლიტურგიამდე თუ ცოტას შევჭამ, წმიდა ძღვენის მიღების შემდეგ ქრისტე ზემოთ აღმოჩნდება, მაგრამ თუ წირვის მერე ვჭამ, მაშინ ქრისტე ქვემოთ იქნება:. აღმოჩნდა, რომ იგი ამგვარად ღვთისმოსაობის კარნახით იქცეოდა. ანუ - კეთილი განზრახვა აქვს. პატრიარქმა უთხრა: - "არა, ეს სწორი საქციელი არ არის, ჯერ წმიდა ძღვენი მიიღე და მერე ჭამე ცოტაოდენი". მღვდელმა მეტანია შეასრულა და მორჩილებით მიიღო ნათქვამი.

მინდოდა მეთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი მაღალი სულიერი მდგომარეობისა, მიუხედავად იმისა, რომ იგი სასწაულებს აღასრულებდა, მან შენიშვნა უბრალოებით მიიღო, მასში არ იყო თვითნებობა, საკუთარ ზრახვებზე რომ ყოფილიყო მინდობილი, ასე იტყოდა: - "ეს ვინ არის, რომ მითითებებს მაძლევს მე - ადამიანს, რომელიც ადამიანებსა და პირუტყვს განვკურნავ და სასწაულებს აღვასრულებ! არა, ჩემი ქმედება გაცილებით მართებულია, ახლა რომ ამას მოვუსმინო, ვახშამი ხომ ზემოდან დააცვივდება ქრისტეს".

მე მივხდი, რომ მორჩილება ძალიან ეხმარება კაცს. თვით ის ადამიანიც კი, ვინც დიდი გონებრივი შესაძლებლობებით არ გამოირჩევა, მორჩილების საშუალებით, ბრძნად და ფილოსოფოსად გადაიქცევა. კაცი, ჭკვიანი იქნება ის თუ - სულელი, ჯანმრთელი თუ სნეული (სულიერად თუ ხორციელად), თუკი - ზრახვებისაგან გატანჯული - მორჩილებას გამოავლენს, იგი გათავისუფლდება ამ მტანჯველი ზრახვებისაგან. მორჩილება - ეს გათავისუფლებაა.

ყველაზე დიდი ეგოისტი ისაა, ვინც საკუთარი ზრახვების მიხედვით ცხოვრობს და არავის არაფერს ეკითხება. ასეთი ადამიანი თავს ინადგურებს. თუ კაცი თვითნებაა, თვითდარწმუნებული და თვითმაამებელი, რაც არ უნდა გონიერი და ჭკვიანი იყოს, ის გამუდმებით იტანჯება. დაბნეულია, თვითონვე იკრავს ხელ-ფეხს, სულ ახალი და ახალი პრობლემების ინაშე დგება, იმისათვის, რომ გზა იპოვოს, მან გული მოძღვარს უნდა გაუხსნას და სიმდაბლით ითხოვოს მისგან შემწეობა. მაგრამ ბევრი მოძღვრის მაგირ ფსიქიატრთან მიდის, თუ ფსიქიატრი მორწმუნე აღმოჩნდება, მაშინ მას მოძღვართან მიიყვანს, ურწმუნო კი იმით შემოიფარგლება, რომ რამენაირ აბებს მისცემს. თუმცა თავისთავად აბები პრობლემას ვერ გადაჭრის. იმისათვის, რომ ადამიანებმა სწორი დამოკიდებულება შეარჩიონ იმასთან დაკავშირებით, რაც მათ ემართებათ, იმისათვის, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს და აღარ დაიტანჯნონ, მათთვის სულიერი შეწევნა აუცილებელია.
იმისათვის, რომ ასეთ ადამიანს ეშველოს, მას

500. ერთ-ერთ ბერთან მცხოვრებმა ძმამ, იმავე ბერს, იოანეს, საკვებზე, ძილის ზომიერებასა და იმ შფოთზე ჰკითხა, რომელიც, როგორც მას ეჩვენებოდა, იმიტომ ემართებოდა, რომ ბერი მას ზოგჯერ არასწორად ექცეოდა.
ბერები ამბობენ, მოყვასის დამშვიდება სათნოებაა და თანაც დიდი სათნოებაო; განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმე ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ძმა ნაყროვანებამ ან თავშეუკავებლობამ დაამარცხოს. სხეულს რამდენიც სჭირდება, იმდენი მიეცი და დღეში სამჯერაც რომ ჭამო, არ დაზიანდები. თუ ადამიანი დღეში ერთხელ, მაგრამ განუკითხავად ჭამს, მაშინ რა სარგებელი აქვს? თავისუფლად ჰკითხე ბერს, რა სურს მას. როდესაც თქვენ, ორივე ღვთისნიერად ცხოვრობთ, მაშინ მანაც შენთან ღვთის შიშით გულღიად უნდა ილაპარაკოს; და ის, რაც მისი თქმით, მას ამშვიდებს, შენც ადექი და ის აღასრულე, და ეს ღვთის ნებას დაეთანხმება. ძილი კი ორი სახისაა: ზოგჯერ სხეული სიმაძღრისაგანაა დამძიმებული, ხოლო ზოგჯერ ადამიანს უღონობის გამო არ შეუძლია მსახურების აღსრულება და ძილი ერევა; სიმაძღრეს კი სიძვის ვნება მოსდევს, რამეთუ სხეული რომ შებილწოს, მტერი ძილით ამძიმებს მას. თუმცა, გონიერი ადამიანი ხვდება, თუ როგორ და საიდან ემართება ეს. ჩვენ შეძლებისდაგვარი შრომა მოგვეთხოვება და სხვა არაფერი. ღმერთი კი ჩვენს უღონობას თავის შეწევნით ფარავს და აძლიერებს. რამეთუ მას უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ. ილოცე ჩემთვის ძმაო, და როდესაც მოყვასთან საუბრობ, დაუკვირდი: თუ სიმდაბლით, განსჯით და უშფოთველად ლაპარაკობ, მაშინ გააგრძელე საუბარი; ხოლო თუ ასე არაა, მაშინ აზრი შეაკავე, გაკიცხე და დამშვიდდები. ნუ გაშფოთებს შენი ბერის საქციელი, არამედ საკუთარ თავს უთხარი: „ღმერთმა იცის უმჯობესი“ და შენც დაწყნარდები. ბერს სიმდაბლით შეახსენე და თავი დაანებე; დაე, აკეთოს, როგორც სურს. ილოცე ჩემთვის, უპატიოსნესო ძმაო!
ბერები ამბობენ, მოყვასის დამშვიდება სათნოებაა


საახალწლო ეპისტოლე - 1978

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ყოვლად სამღვდელო მწყემსმთავრებს, პატიოსან მღვდლებს, ღირსეულ მღვდელ-მონაზვნებს, ქრისტესმიერ დიაკვნებს, ყველა პატიოსან მსახურს ეკლესიისას. ჩვენი სამშობლოს მკვიდრთ და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, კეთილმორწმუნე მთელ სამწყსოს ჩვენსას


მშვიდობა თქვენ ყველას და მადლი ღვთიური დიდი სიყვარულისა, ქრისტესმიერო ჩემო შვილებო! ძველი წლის წასვლა და ახალი წლის მოსვლა ჩვენგან მოითხოვს ერთგვარ ანგარიშს, ღვთისა და ერის წინაშე. ჩვენც შევასრულოთ ეს მოთხოვნა შეძლებისამებრ. ძველი წლის წასვლით და ახალი წლის მოსვლით ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი ჩვენი დიდი მომავლისაკენ.
მარჯვე იყო ეს ნაბიჯი გასული წლისა, მშვიდობა სუფევდა ჩვენს ხალხში და ჩვენს მიწა-წყალზე, საეკლესიო ზარების ხმა ისმოდა ყველგან. ქართველი ხალხი შრომობდა მედგრად სხვა ძმებთან ერთად და მოყვასთან ერთად, ოფლი აწვიმდა მიწას და დაზგებს, მაგრამ ეს ოფლი იყო არა ჭირის და იძულების, არამედ ლხენის, სიხარულისა და დოვლათის დაგროვებისა; ოფლი, რომელიც არჩეულ გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯისათვის დაიღვარა.
სკოლები და ინსტიტუტები ზრდიდნენ შვილებს ჩვენი ქვეყნისას, საზღვრებს იცავდნენ თავდასხმისგან ჩვენი შვილები, მეცნიერება მიიწევდა სინათლისაკენ, კეთდებოდა ყველაფერი ის, რაც სჭირდება ძმობას, სიყვარულს და აღმავლობას. ასეთი იყო ჩვენი ძველი კეთილი წელი. ახლა ადალი გვარგუნა ღმერთმა ნათლისამ და სასოებამ. კვლავ გველოდება გაზაფხული შრომისა და აყვავებისა. მე გისურვებთ ჩემო სულიერო შვილებო დიდ ძალოვნებას თქვენი სულისას და ხორცისას, რომ კიდევ მედგრად გადადგათ თქვენი მადლიანი და შეუპოვარი ნაბიჯი კაცობრიობის უკეთესი მომავლისაკენ. მე გისურვებთ ჩემო ღირსეულო თანამორწმუნენო და თანამემამულენო ნათელ გონიერებას, რომ თქვენი ფიქრი არ განშორდეს მშვიდობაზე ზრუნვას, ვინაიდან მშვიდობის გარეშე ოფლი კი არ იღვრება სასიცოცხლო დოვლათის დასაგროვებლად, არამედ სისხლი და მწუხარება ყოველივე იმის წარსაწყმედად, რაც გარჯისა და მშვიდობის წლებში იქნა დაგროვებული.
უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი, იესო ქრისტე, მშვიდობისა და სიყვარულის გზით მოგვიწოდებდა მუდამ სიარულს: "რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ. უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს" (იოანე 15,12-13).
მე გისურვებთ, რომ მარად გულში გქონდეთ ეს "მცნებაჲ" ჩვენი ღმრთისა და მაცხოვრისა. მე შევთხოვ უფალს, რომ მწუხარება და შეშფოთება კი არ მოფენოდეს ჩვენს მშობლიურ მიწას ამ ახალ წელში, არამედ დიდი სათნოება, სარწმუნოება და სიყვარული. მე ვუსურვებ ჩვენს მხნე, სისხლსავსე ახალგაზრდობას, რომ მთელი აზრითა და მონდომებით გაჰყოლოდეს სწავლისა და განათლების გზებს და ბილიკებს, ვინაიდან უსწავლელისათვის ძნელი არის აზრის ამოცნობა იმ სისავსისა, რომელიც შექმნა შემოქმედმა თავისი განუზომელი ძლიერებითა და უკვდავი მარჯვენით, და რომელსაც დღეს ჩვენი მატერიალური სამყარო წარმოადგენს ჩვენთვის.
მე ვუსურვებ ცხოვრების სარბიელზე გამოსულ ჩვენს ჭაბუკებსა და ქალიშვილებს, რომ მომავალ წელში შექმნან პატიოსნებითა და სიყვარულით აღსავსე ოჯახები, ნუ დავივიწყებთ, რომ სიყვარული პატიოსნების გარეშე არ არსებობს, და პატიოსნება უსიყვარულოდ ობლის ხვედრს იტანს; ოჯახის შექმნას კი ერთიც სჭირდება და მეორეც, სიყვარულიცა და პატიოსნებაც.
მე ვუსურვებ ყველა მორწმუნესა და არა მორწმუნეს, რომ შრომა და ურთიერთსიყვარული ყოფილიყოს უპირველესი წყარო მათი ბედნიერებისა.
ნუ დაივიწყებთ ჩემო საყვარელო, ქრისტესმიერო შვილებო, რომ სიამაყეს, სხვის დაჩაგვრასა და სიმდიდრის მოხვეჭას, განდიდება არ მოაქვს ადამიანისათვის "რამეთუ ეგევითარნი უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თჳსსა მუცელსა და ტკბილად მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნიან გულნი უმანკოთანი" (I რომ. 16,18). თქვენ თავმდაბლობა განგადიდებთ, სიყვარულისა და ურთიერთ პატიების უმანკო გრძნობა აამაღლებს თქვენს სულებსა და პატიოსნებას. ესეც გახსოვდეთ, რომ პირველი მაგალითი თავმდაბლობისა და სიყვარულისა ადამიანებს მაცხოვარმა ჩვენმა უჩვენა, როდესაც თავისი ჯვარცმის წინა დღეს მასთან მყოფ მოწაფეებს ფეხები დაბანა.
მე ღმერთსა ვთხოვ უცხოობაში მყოფ ჩვენს თანამემამულეთა სიცოცხლესა და ბედნიერებას. ვუსურვებ მათ, რომ მისცემოდეთ სურვილი და ღვთიური მადლი სამშობლოში დაბრუნებისა, ვინაიდან "სამშობლო, დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა" (რაფიელ ერისთავი).
მაშ ამაღლდით რწმენით, სიკეთით და პატიოსნებით ჩვენი ერის ტკბილო შვილებო! შევსთხოვოთ უფალს, რომ მოიტანოს ახალმა წელმა ჩვენი ხალხისა და სამშობლოსათვის ახალი სიბრძნე და ენერგია, ახალი წინსვლა, ახალი დიდი ნაბიჯები უკეთესი მომავლისაკენ, ახალი წყაროები და ნაკადულები აღმავლობისა, ახალი ზვრები და ბაღნარები, ახალი სკოლები და განათლების კერები, ახალი სითბო, ახალი სიტკბო, ახალი სუნთქვა სასოებით და აღტაცებით.
ღმერთი ხომ იცვლის ყველაფერს გარეშემოს როგორც სამოსს და თავად კი წლები არ აკლდება, ასევე თქვენც ახალ წელში ყველაფერი ძველი და უვარგისი, თქვენი შრომის შედეგად ახლით და უკეთესით შეგეცვალოთ, ჩემო საყვარელო სამწყსოვ, გაზრდილიყოთ, გამრავლებულიყოთ და წლები არასოდეს მოგკლებოდეთ ღვთის წმიდა სულით უკვდავებამონიჭებულებთ.
დიდება და მზეგრძელობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას; სარწმუნოების, შრომის, სიყვარულისა და სიკეთის გზით წინ უკვდავებისაკენ, ღვთისმშობლის ხვედრი ჩვენი კურთხეული მიწის შვილებო!
"მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი თქვენ ყოველთა თანა. ამინ" (I რომ. 16,24).

თბილისი 1978 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ყოვლად

image
image თემა: ახალი წელი
ავტორი: ილია II

ჩვენი მეექვსე შერკინება მოწყინების სულის წინააღმდეგაა, რომელიც თანაშეუღლებულია მწუხარების სულთან და თანამოქმედებს მასთან ერთად. ესაა საშინელი და ულმობელი ეშმაკი, მონაზვნებს რომ გამუდმებით ებრძვის. იგი მეექვსე ჟამზე (დაახ. 12 საათი, შუადღე) დაეცემა მონაზონს, შთაუნერგავს მას სისუსტესა და ძრწოლას, შეაძულებს საკუთრივ იმ ადგილსაც და იქ თანამცხოვრებ ძმებსაც, აგრეთვე, ყოველგვარ საქმეს და თვით საღვთო წერილთა კითხვასაც, თანაც შთაუგდებს (ჩააგონებს) ადგილის გამოცვლის გულისზრახვას, ისე თითქოს სხვა ადგლებში გადასვლის გარეშე ფუჭად დაიკარგებოდა მისთვის მთელი შრომა და დრო. ამ ყოველივეს გარდა, შიმშილსაც შთაუდებს მას მეექვსე ჟამზე იმგვარს, როგორიც სამდღიანი მარხვის, უშორესი გზისა თუ უმძიმესი შრომის შემდეგაც რომ არ განუცდია. ამის მომდევნოდ, იმ გულისზრახვებსაც ჩააგონებს, თითქოსდა ვერანაირი სხვა საშუალებით ვერ დააღწევდეს თავს ამ სნეულებასა და დამძიმებულობას, თუ არა ხშირი გასვლებითა და სხვა ძმებთან მისვლით, ვითომცდა უძლურებაში მყოფთა შეწევნისა და მათი მონახულების მიზეზით, თუმცა როდესაც ამ გზით ვერ შეძლებს მის შეცდენას, მაშინ უღრმესი ძილით დანთქავს მას, რითაც მასზე უმძლავრესი და უღონიერესი ხდება, ამხობს რა არათუ სხვა რამ ხერხით, არამედ უმოქმედობით ლოცვასა და მარხვაში, ისევე როგორც – საღვთო სიტყვათა დასწავლასა და განსაცდელთა დათმენაში, რადგან თუ ვერ ჰპოვებს იგი ამ ადამიანს ხსენებულ საჭურველთა მიერ შემტკიცებულს, სტყორცნის რა თავის ისრებს, გამოაჩინებს მას როგორც დაუდგრომელს, მოხეტიალედ, მცონარედ და უსაქმურად აქცევს მას, ამასთან მიმართავს იქითკენ, რომ მრავალი მონასტერი მოვლოს მან და მხოლოდ იმის დაკვირვებაში იყოს და იმაზე წუხდეს, თუ სად იმართება სადილები და ნადიმები. მართლაც, სხვა არაფერი ეზმანება მოწყინებაში მყოფის გონებას, თუ არა ამათგან ქმნილი განლაღებანი. აი, ამგვარად კრავს მას ეშმაკი სოფლის საქმეებით და თანდათან აცთუნებს მავნებელ მოუსვენრობათა მიერ, იმ ზომამდე, რომ სამონაზვნო აღთქმისგანაც სავსებით განაშორებს მას. ამ უმძიმესი სენის მცოდნე საღვთო მოციქული, რომელსაც ბრძენი მკურნალის მსგავსად სურს, რომ ჩვენი სულებიდან ძირითურთ აღმოფხვრას იგი, უპირატესად მის წარმომშობ მიზეზებს ააშკარავებს და ასე ამბობს: „გამცნებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, განეკრძალოთ ყველა იმ ძმას, ვინც კი უწესოდ მიმოდის და არა თანახმად იმ გადმოცემისა, ჩემგან რომ მიგიღიათ, რადგან თქვენ იცით, თუ როგორ გმართებთ ჩვენდამი ბაძვა, ვინაიდან უწესოდ არ მოვქცეულვართ თქვენს შორის, არცთუ ვინმესგან უფასოდ გვიჭამია პური, არამედ დღედაღამ შრომითა და რუდუნებით ვსაქმობთ, რომ არავის თქვენგანს დავაწვეთ ტვირთად, არათუ იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ნიმუში მოგცეთ ჩვენს მისაბაძად, და რადგან თქვენთან ყოფნისას სწორედ ეს გამცნეთ თქვენ, რომ ვისაც არ ნებავს საქმის კეთება, ნუღარ ჭამს. ვიგებთ, რომ მავანნი მიმოდიან თქვენს შორის უწესოდ, არას საქმობენ, არამედ მიმომწვლილველობენ, ვამცნებთ კი ამგვართ და შევაგონებთ ქრისტე იესოს მიერ, რომ მყუდროებით იშრომონ და ასე ჭამონ თავიანთი პური“ (II თეს. 3.12). ვისმინოთ, თუ როგორ ნათლად წარმოგვიჩენს ჩვენ მოციქული მოწყინების მიზეზებს, რადგან იგი „უწესოებს“ უწოდებს იმათ, რომლებიც არ შრომობენ, და ამ ერთი სიტყვით მრავალ ბოროტებას ასაჩინოებს, გამომდინარე იქიდან, რომ ვინც „უწესოა“, იგი არის უკრძალველიც, დაუფიქრებლად მოლაპარაკეც, მგმობელობისთვის მზადყოფნაშიც, აქედან დაყუდებითი მოღვაწეობისადმი უუნაროც და მონაც მოწყინებისა. ამიტომაც გვამცნებს მოციქული, რომ განვერიდოთ ამგვარ ადამიანებს, ანუ გავემიჯნოთ მათ როგორც წყლულოვან სნეულებს, ხოლო სიტყვები: „არა თანახმად იმ გადმოცემისა, ჩვენგან რომ მიგიღიათ“, იმას ააშკარავებს, რომ ამპარტავანნი ყოფილან ისინი, მომძაგებელნი და სამოციქულო გადმოცემათა დამარღვეველნი. ასევე, როდესაც ამბობს: „არცა ვინმესგან უფასოდ გვიჭამია პური, არამედ დღედაღამ შრომითა და რუდუნებით ვსაქმობთ“, ამით აშკარა ხდება, რომ თუ იგი, ვინც იყო წარმართთა მოძღვარი, სახარების მქადაგებელი და მესამე ცამდე ამაღლებული, რომლის თქმითაც უფალს უბრძანებია სახარების მქადაგებელთათვის, რომ ვინც დღედაღამ შრომა–ჯაფით დამაშვრალობდა, რომ არავის დასწოლოდა ტვირთად, ასეთ დროს რაღა ვქნათ ჩვენ, რომლებიც მოწყინებაში ვართ საქმეთაგან და სხეულებრივ შვებას მიდევნებულნი, ჩვენ, რომლებსაც არც სახარების ქადაგება დაგვკისრებია, არცთუ ეკლესიათა გამო ზრუნვა, არამედ მხოლოდღა საკუთარ სულზე მეურვეობა? შემდეგ, უფრო ცხადად ასაჩინოებს რა უსაქმობისგან აღმოცენებულ მავნებლობას, ასე დასძენს იგი: „არას საქმობენ, არამედ მიმომწვლილველობენ“, რადგან უსაქმობისგან გამომდინარეობს მიმომწვლილველობა, მიმომწვლილველობისგან – უწესოება, უწესოებისგან კი – ყველა უკეთურება. ამასთან, შეუმზადებს რა მათ კურნებასაც, ურთავს: „ვამცნებთ კი ამგვართ, რომ მყუდროებით იშრომონ და ასე ჭამონ თავიანთი პური“. იქვე უგამკიცხველესად ამბობს: „ვისაც არ ნებავს საქმის კეთება, ნუღარ ჭამს“. ამ სამოციქულო განწესებით აღზრდილი ეგვიპტელი წმინდანები მონაზონთათვის იმას განაჩინებენ, რომ არასოდეს იყვნენ ისინი უსაქმოდ, განსაკუთრებით უფრო ახალგაზრდები. იციან მათ, რომ შრომითი მოთმინების გზით განდევნიან მოწყინებას, თავიანთ სარჩოს მოიპოვებენ და შეჭირვებულთ შემწეობას აღმოუჩენენ, რადგან არა მარტოოდენ საკუთარი საჭიროებისთვის დამაშვრალობენ ისინი, არამედ თავიანთი შრომით ყარიბებსაც, ღარიბ–ღატაკებსაც და პატიმრებსაც შეეწევიან, სწამთ რა, რომ ამგვარი ქველმოქმედება წმინდა მსხვერპლია, ღვთისთვის სათნო მამები კი იმას ამბობენ, რომ მშრომელი ერთ ეშმაკს ებრძვის ხშირად და მისგან არის შეჭირვებული, უსაქმური კი მრავალი უკეთური სულის მიერ ხდება დატყვევებული. გარდა ამისა, კარგი იქნება გავიხსენოთ მამათა შორის უგამოცდილესი ამბა მოსეს სიტყვები, რაც მან მე მითხრა, რადგან ვიყავი რა მცირე დროით უდაბნოში დამკვიდრებული, შემაწუხა მოწყინებამ, რის გამოც მივედი მასთან და ვუთხარი, რომ რადგან წინა ღამით ასე ძლიერად შემაწუხა და დამაუძლურა მოწყინებამ, მანამ ვერ გავთავისუფლდი მისგან, სანამ არ წავედი და არ მივედი ამბა პავლესთან. სწორედ ამაზე მიპასუხა ამბა მოსემ და ეს მითხრა: „გამხნევდი, რადგან არათუ გაგითავისუფლებია შენი თავი მოწყინებისგან, არამედ უმალ მას მიცემულხარ და დამონებულხარ, იცოდე კი, რომ უფრო მძიმედ შეგებრძოლება იგი შენ, როგორც ბრძოლისგან გაქცეულს, თუ არ ეცდები ამის შემდეგ მის დამარცხებას მოთმინების, ლოცვისა და ხელსაქმის გზით“. ჩვენი მეექვსე შერკინება მოწყინების სულის


საახალწლო ეპისტოლე - 1982

სრულიად საქართველოს ღვთივკურთხეულ შვილებს!


უსასრულო ჟამთმდინარებას შეერთო მადლშემოსილი ძველი წელი და უფლის ნებით ზეგარდამოვიდა ქვეყნად ახალი, 1982 წელი.
წარსულ წელს ქართველმა ერმა იაკობის ძალა გამოავლინა შრომაში, მეცნიერებაში, ტექნიკაში, სულიერ ცხოვრებაში ჩვენი სამშობლოს ბედნიერი მომავლისათვის, - მერმისი დღისათვის, რომლისთვისაც ბრძანებს მოციქული პავლე: ეგრეთცა აღდგომაჲ მკუდართაჲ: დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით; დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით; დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი (1 კორ. 15,42-44).
სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის მეცადინეობა ყოველი ჩვენგანის ვალია. რათა "ივერი აღდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის. წმიდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული!.." ეს ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს, როგორც სულიერს, ისე მატერიალურს, პირველყოვლისა, ეს ეხება ქართულ ენასაც.
ძველქართული პოეზიის ბწყინვალე ძეგლის, "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲს", ავტორი ღირსი მამა იოანე-ზოსიმე ამბობს: "და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან".
წმიდა ოთხთავის მიხედვით, ლაზარე მეგობარი იყო ქრისტესი. იგი მკვდრეთით აღადგინა მაცხოვარმა, ხოლო მის დებს, როგორც ძმის ჭირისუფლებს, სამარადისო ცხოვრება აღუთქვა. აზრი ნათელია, ღმრთის ნებით, ქართული ენა მკვდრეთით აღდგენილ წმიდა ლაზარესთან არის გაიგივებული, ხოლო მის ჭირისუფლად შერაცხულია მთელი ქართველი ერი, რომელიც ვალდებულია დღენიადაგ უფრთხილდებოდეს, ზრუნავდეს მისთვის, ვითარცა მართალი იოსები იფარავდა მტერთაგან ჩვილ ყრმას, მაცხოვარს ჩვენსას იესო ქრისტეს.
მადლობა უფალს, ჩვენს კურთხეულ მიწა-წყალზე წინაპართა ნაკვალევი სანთლით საძებარი არა გვაქვს. მიწიერი საქართველოს მთა და ბარიდან 15 ათასზე მეტი ისტორიული ძეგლი შეღაღადებს ზეციურ საქართველოს! ქართველი კაცი სადაც ბარს დაჰკრავს, დღის სინათლეზე გარდასული დიდების უტყვი მოწმენი ამობრწყინდებიან. ყოველი მათგანის მდიდარ ისტორიას მხოლოდ ძუნწი წარწერა გვამცნობს. დგას ქართველი კაცი დიდებული ქართული ტაძრის წინაშე და რაოდენ სავალალოა, რომ მასზე ამოტვიფრულ წარწერას ვერ კითხულობს. სამწუხაროა, რომ დღეს ძველქართული (ასომთავრული და ნუსხა ხუცური) მხოლოდ ენათმეცნიერების საქმედ იქცა.
გვახსოვდეს, ასომთავრული და ნუსხა-ხუცური დამწერლობის ხმარებიდან განდევნით ჩვენივე ნებით ვაშენებთ ყრუ კედელს წარსულსა და მომავალს შორის. თანამედროვე ქართველი კაცისათვის თანდათან უცხო და გაუგებარი ხდება უძველესი ქართული გამოცემები, თუმცა ისინი იმავე ღვთიური მადლით გასხივოსნებული, დინჯი და დარბაისლური ქართულით გვიამბობენ ერის გარდასული ცხოვრების ჭირსა და დალხინებას.
ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში ჩვენს დიდ წინაპრებს მთელი სიღრმით შეუცვნიათ მშობლიური ენის საღვთისმეტყველო ბუნება და რელიგიური ძალისხმევა: "დამარხულ არს ენა ქართული დღემდე მეორედ მოსლვისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა". ღვთის შთაგონებით ასეთი განუზომელი მისია დააკისრეს ქართულ ენას ქრისტიანობის შესანიშნავმა აპოლოგეტებმა, რიაც ავალებს ყოველ ქართველს, უძველეს ანბანთა - ასომთავრულისა და ნუსხა ხუცურის ცოდნას.
სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ხალხი პატრონობას უწევს ისტორიულ ძეგლებს, აღადგენს და მეორე სიცოცხლესაც უბრუნებს მათ. ამ ღვთიურ და ეროვნულ საქმეში გადამწყვეტი სიტყვა ახალგაზრდობას ეკუთვნის. კარგი იქნებოდა, თუ ასეთივე შემართებით დაეუფლებოდა იგი ძველქართულ დამწერლობას, რათა ყოველ ახალ ძეგლთან შეხვედრისას აღარ დაგვჭირდეს ენის სპეციალისტთა მოხმობა ტაძრისა და მონასტრის კარიბჭეზე აღბეჭდილი წარწერის ამოსაკითხად.
ჩვენი სამეცნიერო დაწესებულებები სათანადო ყურადღებას უთმობენ ძველქართული დამწერლობის გავრცელების საქმეს, მაგრამ ქართული ანბანის ტაბულებისა და პარალელური ტექსტების გამოცემა არ მოგვცემს იმდენ სარგებლობას, რამდენსაც ძველი დამწერლობის თანმიმდევრული შესწავლა.
ყოველმა საშუალო სკოლადამთავრებულმა უნდა იცოდეს ასომთავრული და ნუსხა ხუცური წერა-კითხვა. ამ საშვილიშვილო საქმეში დაუფასებელი დახმარების გაწევა შეუძლიათ ძველი ქართული ენის მასწავლებლებს.
დღეს წმიდა ეკლესია ერთადერთი სავანეა, სადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურად იკითხება ძველქართული დამწერლობა, რამეთუ ყველა საეკლესიო წიგნი ხუცურადაა დაბეჭდილი. უფლის შემწეობით, ჩვენს ერში მორწმუნენი მრავლად არიან, მაგრამ ძველქართული დამწერლობის მცოდნენი მცირედნი: ქართველ მრევლში იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც შეეძლოს მედავითნეობა გაუწიოს მოძღვარს, რაც ბევრ დაბრკოლებას უქმნის წირვა-ლოცვის დაყენებას.
ვთხოვ ქართველ მორწუნეთ, გამოიჩინონ სიბეჯითე და გულმოდგინება, შეისწავლონ ასომთავრული და ხუცური დამწერლობა. არ მოშალონ ხიდი - აკვედუკი, გადებული სახელოვან წარსულსა და ბედნიერ მომავალს შორის, როგორც ერთადერთი გზა, რომლითაც მოაღწია ჩვენამდე ენამ, რწმენამ და ქართველი კაცის გენიამ.
ძველქართული დამწერლობის ცოდნა ყოველი ქართველის ვალია. იგი ფარად და მახვილად ეპყრა მოციქულთა სწორ წმიდა ნინოს, რომელმაც ქართველი ერი საბოლოოდ აზიარა ქრისტეს რწმენას. ძველქართულ ენაზე მეტყველებდნენ ქართველი წმიდანები; ღირსნი მამანი და დედანი, რომელთა ღვაწლი განუზომელია ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოსთვის, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ნათელყოფაში.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულო შვილებო, გისურვებთ მზეგრძელობას სულიერებასა და ქრისტესმიერ სიყვარულს. შევთხოვ ქვეყნის შემოქმედს, ახალი წელი ყოფილიყოს საწინდარი მარადიული მშვიდობისა, რათა 2000 წელს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს დედამიწაზე მოსვლის ოცსაუკუნოვან სიხარულს ჩვენი პლანეტა შეხვდეს აყვავებული და სვებედნიერი. ამ ახალმა წელმაც გაგიღოთ კარნი ახალ მიღწევათა, კვლავაც მშვიდობის მზის ქვეშ იფურჩქნებოდეს ერის ცხოვრება.
ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ (მათე 5,9). სულგრძელ იყავით ყოველთა მიმართ; კეთილს უყოფდეთ ურთიერთს; სულსა ნუ დაივიწყებთ; ღმერთისა მიმართ ილოცვიდეთ; მარადის გიხაროდენ!
ღმერთი თქვენთან არს ყოველთა დღეთა და უკუნითი უკნისამდე. ამინ!

1982 წელი, იანვარი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სრულიად საქართველოს ღვთივკურთხეულ

image
image თემა: ახალი წელი
ავტორი: ილია II

რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი ცხონებისათვის

დაფიქრდი საყვარელო, იმის შესახებ, თუ რამდენი რამ გააკეთა ღმერთმა ჩვენი ცხონებისათვის. თავდაპირველად მან მოამზადა თავისი სამეფო მათთვის, ვინც მისი ნების მორჩილი იქნებოდა. ღმერთმა სიკეთე და ნეტარება მხოლოდ თავისთვის როდი დაიტოვა, არამედ იგი ჩვენთვისაც მოამზადა, როდესაც მოისურვა, რომ მადლით თავის შვილებად და სულიწმიდის თანაზიარად გავეხადეთ. ჩვენი ცხონებისათვის დემონების წინააღმდეგ იბრძვის ზეციური მხედრობა – ანგელოზები და მთავარანგელოზები, რომელთა მსახურება იმაში მდგომარეობს, რომ დაიცვან ადამიანები და ცხონებაში დაეხმარონ. ამაზე წმიდა წერილი ამბობს: "ნუ არა ყოველნივე არიანა მოხარკე სულებ, მსახურად მოვლინებულ მათთვის, რომელთა იგი დამკვიდრებად არს ცხოვრებაი?" (ებრ. 1, 14).
ჩვენი ცხონებისათვის ღმერთმა "არაარსიდან" შექმნა გრძნობადი სამყარო და ჩვენ დაგვადგინა მასში ყველა ქმნილების მეფედ, მათ ჩვენი მსახურება უბრძანა, ჩვენ კი – თავისი ნების აღსრულება, რათა უფალში, მარადიულ ცხოვრებაში ნეტარება გვქონოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი ცხონებისათვის "არა შემქმნნა ჩუენ ღმერთმან რისხვისათვის, არამედ შესაწევნელად ცხოვრებისა უფლისა ჩვენისა მიერ იესო ქრისტესა" (1 თეს. 5, 9). ჩვენ ცხონებისათვის უფალმა მოგვცა კანონი და მცნებები და გამოგზავნა წინასწარმეტყველები, რომელთაც სხვა მიზანი არ ჰქონიათ, თუ არა ის, რომ ცხონების გზა ესწავლებინათ ჩვენთვის. მამაც, ძეც და სულიწმიდაც – ერთარსი სამება, იღწვის ჩვენი ცხონებისათვის. და რამდენადაც დიდი იყო სამყაროს შექმნის საკითხი, იმდენადვე, არანაკლებ დიდი იყო ჩვენი ცხონების საკითხიც. რამეთუ ჩვენი შეყვანა სამყაროში, ჩვენი ცხონება ღვთის ყოვლისშემძლე ქმედების შედეგია. რწმენის მიზანიც სხვა არაფერია, თუ არა – ჩვენი სულების ცხონება, როგორც პეტრე მოციქული წერს: "და მოიღოთ აღსასრულსა მას სარწმუნოებისა თქუენისასა ცხონებაი სულთაი" (1 პეტრე 1, 9).
როგორი ბრმები ვართ, ძმანო ჩემნო, თუ ვერ ვხედავთ იმას, რამდენი გააკეთა ღმერთმა ჩვენი ძვირფასი სულების ცხონებისათვის. ასე რომ, შევიტყვეთ რა ახლა ცხონების სიდიადე, ჩვენი ცხოვრების დარჩენილი დღეების სიმცირე, ყოველთვის გვახსოვდეს მოციქულ პავლეს სიტყვები: "აჰა, ესერა აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაი, აჰა, ესერა აწ არს დღე იგი ცხოვრებისაი" (2 კორ. 6, 2). ყოველივე ამის შემდეგ განა შეიძლება, არასოდეს არ იფიქრო იმის შესახებ, რა გააკეთა ჩვენი ცხონებისათვის უფალმა? გამოვაღვიძოთ ყველა ჩვენი მიძინებული კეთილი მისწრაფებები და გამოვიყენოთ ცხოვრების დარჩენილი დღეები ჩვენი სულის ცხონებისათვის. ვთქვათ ის, რაც სჯულისმოძღვარმა უთხრა ქრისტეს: "რა გავაკეთო, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდრო?" ეს სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. "რა გავაკეთო, რომ ვცხონდე?" ყველა დანარჩენი მავნე, უსარგებლო და ამაოა. ჩვენ უკვე მრავალგზის დავაყენეთ საკუთარი ცხონება საფრთხის წინაშე. ამის შემდეგ მაინც გვეშინოდეს მსგავსი საქციელისა. ვმადლობდეთ ღმერთს იმისათვის, რომ იგი თავისი უდიდესი მადლით ითმენს ჩვენს დაუდევრობას საკუთარი ცხონების მიმართ. ვილოცოთ მის წინაშე, რათა შეგვეწიოს დაწყებული საქმის დასრულებაში.
ვიფიქროთ ძმანო, იმის შესახებ, რა შრომა, განცდა და სიკვდილი დაითმინა ქრისტემ ჩვენი ცხონებისათვის. ამის აღსრულებით მან გვიჩვენა, რომ ჩვენი ცხონება მისთვის ყველაზე ძვირფასია. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ცოდვების, კადნიერებისათვის დავესაჯეთ, იმისათვის, რომ ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით მის მადლს, იგი ევნო ჩვენთვის – მგმობართა და განდგომილთათვის. გარდა ამისა, მან მოისურვა, ჩვენი ცხონებისათვის თავისი ღვთაებრიობა მოეცა. საკუთარ თავში მან ეს ადამიანურ ბუნებასთან შეაერთა და ისეთი ვნებები იტვირთა, რომ მთელი მისი სხეული – თავიდან ფეხებამდე ერთიანი ჭრილობა იყო და მან ისეთი ტკივილები აიტანა, რომელიც არ განუცდია არცერთ ადამიანს, როგორც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: "კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული" (ესაია 53, 3).
იგი სიღატაკეში, გამოქვაბულში დაიბადა; არ ჰქონდა ადგილი, სადაც თავს მიიდრეკდა: "მელთა ხურელი უჩს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს" (მათე 8, 20). მან დაითმინა უმძიმესი გინება და სიცოცხლე უპატიო სიკვდილით, სიღატაკეში დაამთავრა, "იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისათა" (ფილ. 2, 8); თავისი ხორცით აუწერელი ტკივილები აიტანა სასტიკი მწამებლებისაგან იქამდე, რომ სისხლი მდინარეებად მოედინებოდა მიწაზე. მან ისეთი მწუხარება და ბრძოლა გადაიტანა, როგორიც არასოდეს არავის აუტანია – "შეწუხებულ არს სული ჩემი სიკუდილამდე" (მატე 26, 38). მოკლედ რომ ვთქვათ, მასზე მოიწია მთელი წყება სატანჯველისა იმისათვის, რათა ჩაექრო მარადიული ტანჯვის ცეცხლი, რომელიც ჩვენი ცოდვებით ავაგზნეთ, აგრეთვე იმისათვის, რომ ჩვენ ზეცაში ავეყვანეთ.
ასე რომ, მას შემდეგ, რაც ღმერთმა ასეთი საშინელი სიკვდილით ჩვენ დამღუპველი მდგომარეობისაგან გაგვათავისუფლა და იმდენი ვნება აიტანა, რაც არავის აუტანია, ვხვდებით, რაოდენ ძვირფასია ჩვენი ცხონება. და თუ არ გავიაზრებთ ამას, როგორი უპასუხისმგებლონი ვიქნებით მის წინაშე!
ყოველივე ამის შემდეგ ვიფიქროთ, ძმანო ჩემნო, რამდენად გასაოცარია ასეთი რამ: ქრისტემ დაღვარა თავისი ყოვლადწმიდა სისხლი ჩვენი ცხონებისათვის, ჩვენ კი არ გვსურს, ვიზრუნოთ მასზე ისე, როგორც მოციქულმა პავლემ გვამცნო: "ვიდრე ჟამი გუაქუს-ღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ" (გალ. 6, 10). თუ ახლა არ შეგვაშინებს ჩვენი დაუდევრობა, აუცილებლად შეგვაშფოთებს იგი მართალი მსაჯულის – ქრისტეს ტახტის წინაშე, როდესაც ჩვენი საქმეები გამომჟღავნდება ისე, როგორც ის სინამდვილეში იყო.
შეგვრცხვეს ჩვენი დაუდევარი და ცოდვილი ცხოვრებისა, რომლითაც დღემდე ვცხოვრობდით და გადავწყვიტოთ, დავძლიოთ ყველა ჩვენი ვნება და ბოროტება, რომელიც გვებრძვის. და თუ აქამდე ჩვენ დაუდევრად ვეკიდებოდით ჩვენს ცხოვრებას, როგორც უმნიშვნელო და არადჩასაგდებ საქმეს, ახლა მაინც მხურვალედ ვილოცოთ უფლის წინაშე, რათა მან გაგვინათოს გზა იმისათვის, რომ ახლა მაინც ვიქმოდეთ რაიმეს ჩვენი სულის ცხონებისათვის, რადგანაც დრო, რომელიც შეგვეძლო, ჩვენი გამოსწორებისათვის დაგვეთმო, აღარ დაბრუნდება. დაფიქრდი საყვარელო, იმის შესახებ, თუ რამდენი

წმიდაო მამაო, რას ნიშნავს ის, რომ რაღაცის "უფლება გქონდეს"?
"უფლების ქონა" - ეს ერული ლოგიკაა. რაც მეტია ადამიანში ერული, მით მეტი რამის "უფლება აქვს" მას. და რაც უფრო სულიერია იგი, მით ნაკლები რამის უფლება აქვს. განსაკუთრებით - ბერს: მას მხოლოდ ერთი მოვალეობა აკისრია: არ ჰქონდეს არაფრის უფლება! იმის თქმა მინდა, რომ ბერი არაფერზე არ უნდა იყოს მიჯაჭვული. ქრისტეს სიყვარულისთვის ბერი ყოველივეზე ამბობს უარს... ამიტომ, თუკი ის ცხოვრებაში რამენაირი უფლების მოსაპოვებლად იღვწის, უდიდეს შეცდომას უშვებს. ამგვარი ქცევა ხომ შეურაცხყოფს ქრისტესა და მონაზვნობას. ერის ადამიანებს ბევრი რამის უფლება აქვთ და ამიტომაც არიან ერში. მაგრამ, იმას, რაზედაც ბერს, ანდა უბრალოდ - სულიერ ადამიანს, - "უფლება აქვს", იმას ქრისტე მომავალი ცხოვრებისათვის უზოგავს მას.

"უფლების ქონის" ტენდენცია დღეს მხოლოდ ერში კი არ არის, თითქმის მთელი ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელი, არამედ - ახალგაზრდა ბერებისთვისაც. ზოგიერთმა მათგანმა არც ის იცის, ბერი რისთვის გახდა, არც ის, - რას ნიშნავს საერთოდ ბერობა. ამიტომაც მასში გამუდმებით არსებობს ეს- "უფლება მაქვს"! ერული სული 9სულიერად) აუხსნელი ლოგიკა, ადამიანური სამართლიანობა - ნებისმიერ საგანთან მიმართებაში ბოჭავს მათ. ეს ადამიანური სამართლიანობა, რომელიც ევროპული სულიდან იღებს სათავეს, დღეს მონაზვნობასაც მსჭვალავს.

თანამედროვე ეპოქაში, მონაზვნურ ცხოვრებაში, არც თუ იშვიათად შეხვდებით ამ სულს: "მე მოყვასს არანაირ უსიამოვნებას არ ვაყენებ. მე ხომ მისი წყენინება არ მინდა. ასე რომ, ყველაფერი რიგზე გვაქვს". ანდა, როგორც ზოგიერთი ბერი იტყვის: "ჩემი საქმე გავაკეთე, სადაც დახმარება ყო საჭირო, დაცეხმარე, რაც უნდა დამემთავრებინა, დავამთავრე; ყველაფერი რიგზე მაქვს; ხოლო სხვა სამუშაო?! ის ხომ ჩემი არ არის. მივდივარ, სენაკში უნდა შევიდე და კანონი შევასრულო". ასეთი ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი ძმა უძლურებაშია, ან - თავი სტკივა და ამიტომ ვერ მუშაობს, იმიტომ, რომ ღამისთევაზე იყო და ძალიან დაღლილი დაბრუნდა. ანდა ამას იტყვიან: "ეს ჩემი უფლებაა და უფლება მაქვს, შევჭამო". არც კი იფიქრებენ, რომ შესაძლოა, მოყვასი უფრო სუსტია, ანდ მისი ორგანიზმი მეტ ენერგიას ხარჯავს და მეტი საჭმელი ჭირდება. ყოველივე ამის შედეგად ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ხორციელად სულიერ წიაღში იმყოფებიან, იქამდე მიდიან, რომ თავიდან ბოლომდე ერულად აზროვნებენ და შესანიშნავი ადამიანებიც არიან, ოღონდაც - ერის ადამიანები... იცით, რა ძნელია იმ ადამიანების ცქერა, თავიდან ბოლომდე ამ სოფელს რომ ეკუთვნიან?! ანუ მე შევნიშნე, რომ მრავალი ბერი, ზოგი - მეტად, ზოგი - ნაკლებად, მარხულობს, ლოცულობს, მსახურებას ესწრება, მორჩილებას ასრულებს, მონაზვნურადაა შემოსილი, მონაზვნური წესით ცხოვრობს; მაგრამ მისი დამოკიდებულება ყველაფრისადმი ერულია და არა - სულიერი. ისინი ზრუნავენ, რომ მათი მისამართით საწყენი სიტყვა არ ითქვას, რომ ვინმე უსამართლოდ არ მოექცეთ. ანუ ეს ბერები ერული სამართლიანობის ჩარჩოებში არიან მოქცეულნი, ზოგიერთი კი აქამდეც ვერ მიდის. აბა მიდი და სცადე მათთან სულიერი ურთიერთგაგება დააყარო! ეს ბერები ცდილობენ, ყველაფერი ისე მოაწყონ, რომ სამომავლოდ ქრისტეს მათთვის საბუღალტრო ანგარიშების შედგენა გაუადვილონ (რათა იგი მათ წინაშე ვალში არ დარჩეს)! ამიტომ, რადგაც ქრისტე ხედავს უსამართლობის იმ ხარისხს, რომელსაც თითოეული ადამიანი დაითმენს და ხედავს ასევე მის მიერ მსხვერპლის გაღების ხარისხს, რათა ყოველივე ამისათვის შესაფერისი მიუზღას, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ თვითონვე აწარმოონ მისთვის (ქრისტესთვის) (საკუთარი დამსახურების) ანგარიშები.

მე საერთოდაც მაშფოთებს იმ სახის აზროვნება, რომელსაც ზოგიერთ თანამედროვე ბერში ვხედავ. მათი სამართლიანობა სრულიად ადამიანურია! თუმცა, როგორ აისახება ადამიანური სამართლიანობა სულიერ ცხოვრებაში?! ადამიანური სამართლით, თვით ერულ ცხოვრებაშიც კი ვერ წახვალ შორს, ხოლო სულიერ ცხოვრებაში ხომ - ლაპარაკიც ზედმეტია! როდესაც თანაცხოვრებულთა მონასტერში ვცხოვრობდი, იქაური ბერები გამუდმებით მსხვერპლის გაღებას ცდილობდნენ. ეს სული ყველგან იყო გამეფებული: სამუშაოზე, ტრაპეზზე, ისინი პირველ რიგში მოყვასზე ფიქრობდნენ და მერე სამოთხის მკვიდრებივით ცხოვრობდნენ. მაგალითად, ტრაპეზობისას ბერი ცდილობდა, ნაკლები ეჭამა, რომ სხვას ბევრი დარჩენოდა; შესაძლოა, არც თვითონ გამოირჩეოდა გოლიათის ჯანმრთელობით, მაგრამ ამას არად აგდებდა. ასეთი ბერი იმაზე კი არ ფიქრობდა, მისი მოყვსი ჯანმრთელი იყო თუ ავადმყოფი, არამედ უბრალოდ - მსხვერპლს იღებდა. ის საკუთარი განსჯის უნარსაც კი არ მოიხმარდა და ამბობდა: "ძმა თუ თავის უფლებაზე მეტს შეჭამს, ეს მას ავნებს". სწორედ იმ წუთიდან, როდესაც ბერი იმაზე ზრუნვას იწყებს, რომ რამენაირად წყენა და ზედმეტი გარჯა თავიდან აიცილოს, რომ მისმა შრომამ დაუფასებლად არ ჩაიაროს, მას თითქოსდა აღა სწამს ღმერთის, აღარ სწამს სხვა ცხოვრების არსებობა, აღარ სწამს, რომ თითოაულ ადამიანს მომავალი სამსჯავრო და საღვთო საზღაური ელის. და უმცა იგი (სხვებზე) ცოტა ზედმეტად გაისარჯა, მისი ეს შრომა ამაო არ იქნება. ამაოდ მხოლოდ პირუტყვები შრომობენ, მაგრამ თვით ეს საბრალო ქნილებებიც კისაკუთარ თავს ჩვენთვის სწირავენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სწორედ ჩვენს გამო იტანჯებიან. პირველ მამათა შეცოდების შემდეგ ხომ ბუნება ადამიანთან ერთად კვნესის და მასთან ერთად იტანჯება. რა საშინელებაა! ნახეთ, როგორ იტანჯებიან მონადირისაგან დაჭრილი გარეული მხეცები! ისინი დაწყლულებულები და ფეხებდამტვრეულები ვერსად გაურბიან დიდ მტაცებელ მხეცებს, რომლებიც შეიპყრობენ და გადასასნლავენ მათ. და ამასთან, ამ საბრალოებს უმცირესი სამაგიეროც კი არ ერგებათ. თუკი ადამიანს ეს არ ესმის, ის აღარაა ადამიანი. ღმერთმა მას სწორედ იმისათვის მისვა გონება, რომ მისი საშუალებით სწორად იღვაწოს და თავისი გზა იპოვოს. ახლა მე იმას კი არ ვამბობ, რომ უკანასკნელი სასიცოცხლო ძალები უნდა გამოწუროთ, არამედ იმას, რომ - ღვთისმოსაობაიქონიოთ.
წმიდაო მამაო, ესე იგი, თქვენ გსურM, რომ ჩვენი გულები მოყვასის ტვირთის შემსუბუქებისა და მისთვის სიმშვიდის მინიჭების მხურვალე სურვილით თრთოდეს...
დიახ, იმიტომ, რომ როდესაც მოყვასის ხვედრის შემსუბუქებას და მისთვის სიმშვიდის მინიჭებს ცდილობ და ამასთან საკუარ თავს ბოლომდე ღვთის ხელს გადასცემ, ძალებისაგან აღა იცლები. ხოლო თუ ქანცი გიწყდება და ამის შესახებ სხვას ეტყვი, ჩათვალე, რომ შენმა მთელმა გარჯამ ამაოდ ჩაიარა. როგორ ფიქრობ, დაგაჯილდოებს ქრისტე იმისათვის, რომ საკუთარ მწარე ხვედრზე მოთქვამ?! ასეთ შემთხვევაში ყურის ძირში შემოლაწუნების გარდა ვერაფრით "დაჯილდოვდები".

შეძლებისდაგვარად ეცადე, რომ სწორედ ის სამუშაო შეასრულო, რომელზედაც ახლა გელაპარაკები, ესაა ის "სუიერი ღვაწლი", რომლის აღსრულებაც გევალებათ. ვინც ამ ღვაწლს არ აღასრულებს, მას ასკეტური მოღვაწეობაც კი ვერ უშველის, იმიტომ, რომ მისი რადიოსადგური იმავე სიხშირეზე არ მუშაობს, რომელზეც ღმერთის რადიოსადგური. და ეს თუ ასეა, მაშინ ყველაფერი, ყოველგვარი მარხვა და მუხლდრეკა ამაოდ ჩაივლის... იმის თქმა კი არ მინდა, რომ ყოველივე ეს უსარგებლო საქმეა, არამედ, მხოლოდ იმის, რომ მარტო მოღვაწეობის გარკვეული წესების შესრულება იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრი რიგზეა.
უფლების ქონა - ეს ერული ლოგიკაა. რაც მეტია


ღმერთის სიყვარულისათვის

გვიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვითონ გვამცნო, და არა ისე, როგორც ხიბლში მყოფ მეოცნებეებს ჰგონიათ, რომ უყვართ.
ნუ გამოიგონებ აღტაცებულ მდგომარეობას, ნუ მისცემ გასაქანს ნერვებს, ნუ აღაგზნებ შენს თავს ნივთიერი, სისხლის დუღილით გამოწვეული ცეცხლით. ღმერთისთვის სათნო მსხვერპლია მხოლოდ გული დამდაბლებული და სული შემუსვრილი. რისხვით უარყოფს ღმერთი თავდაჯერებით, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენით შეპყრობილი ადამიანის მიერ შეწირულ მსხვერპლს, თუნდაც ეს განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს.
ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს, ოცნებებს აღძრავს, ხელს უწყობს დაცემული ცხოვრების განახლებას; სიმდაბლე კი ნერვებს ამშვიდებს, სისხლის მოძრაობას აცხრობს, აღვირს ასხამს ოცნებებს, დაცემულ ცხოვრებას მოაკვდინებს და ქრისტესმიერ ცხოვრებას განაცხოველებს.
„ფრიად უმჯობეს არს მსხვერპლთა დამორჩილება და სმენად ბრძანება უფლისა უფროის ცრემლისა ვერძთასა“ (1მეფ. 15, 22), ეუბნება წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს, რომელიც გაკადნიერდა და ღმერთს უკანონო მსხვერპლი შესწირა. თუ გსურს, რომ ღმერთს სიყვარულის მსხვერპლი შესწირო, ნუ გააკეთებ ამას თვითნებურად, განუსჯელ ლტოლვას აყოლილი; სიმდაბლით შესწირე მსხვერპლი იმ დროს და იმ ადგილას, სადაც და როდესაც ეს უფალს ნებავს.
ადგილი, სადაც სულიერი მსხვერპლის შეწირვა გვიბრძანეს, ერთადერთია - სიმდაბლე.
უფალმა ზუსტი და სარწმუნო სიშნებით აღბეჭდა ის, ვისაც უყვარს ღმერთი და ის, ვისაც არ უყვარს. მან თქვა: „უკეთუ ვისმე ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს... ხოლო რომელსა არა ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი არა დაიმარხნეს“ (ინ. 14, 23-24).
ღმერთის სიყვარულის სწავლა გწადია? განეშორე ყოველ საქმეს, სიტყვას, აზრს, გრძნობას, რომელიც სახარებამ აგიკრძალა. განეშორე ცოდვას, ესოდენ საძაგელს ღმრთის წინაშე - ამით უჩვენე და დაუმტკიცე ღმერთს შენი სიყვარული. იმ შეცოდებებს, რომლებსაც კაცობრივი უძლურების გამო მაინც ჩაიდენ, მყისვე აღსარებით უწამლე. თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ფხიზლად უდარაჯებ საკუთარ სულს და არც ამ ცოდვებს გაიკარებ.
„ამისთვის შევიყვარენ მცნებანი შენნი უფროის ოქროისა და ანთრაკისა; ამისთვის ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვემართე და ყოველი გზაი სიცრუვისა მოვიძულე“ (ფსალმ. 118, 127-128), ამბობს წინასწარმეტყველი. ამგვარი საქციელი აუცილებელია ღმერთის ერთგულების დასაცავად. ერთგულება სიყვარულის აუცილებელი პირობაა - ამ პირობის შესრულების გარეშე სიყვარული ინგრევა.
ბოროტისაგან მუდმივი განშორებით და სახარების მცნებების დაცვით, რაშიც სახარების მთელი ზნეობრივი სწავლება მდგომარეობს, მივაღწევთ ღმერთის სიყვარულს; ამავე გზით შევინარჩუნებთ მას: „უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყვარულსა ზედა ჩემსა“ (ინ. 15, 10), თქვა მაცხოვარმა.
სრულყოფილი სიყვარული ღმერთთან ზიარებაში მდგომარეობს; ასეთი სიყვარული მიუწვდომელ სულიერ ნუგეშინისცემასთან, სიტკბოებასთან და საღმრთო ნათლით განათლებასთან არის შეერთებული. მაგრამ ამ გზის დასაწყისში მოწაფეს მძიმე ბრძოლა მოუწევს საკუთარ თავთან, საკუთარ ღრმად დაზიანებულ ბუნებასთან: ბოროტება, რომელიც ცოდვით დაცემის შედეგად ჩვენს ბუნებას შეეთვისა, მისთვის კანონად იქცა - ეს კანონი ებრძვის და უჯანყდება ღმერთის კანონს, წმინდა სიყვარულის კანონს.
ღმერთის სიყვარული მოყვასის სიყვარულს ეფუძნება: როდესაც შენი სულიდან ღვარძლი ამოიძირკვება, მაშინ მიუახლოვდები სიყვარულს. როდესაც შენს გულს მთელი კაცობრიობის მიმართ წმინდა, მადლისმიერი მშვიდობა დაეუფლება, მაშინ უკვე სიყვარულის კარს მიადგები.
მაგრამ ეს კარი მხოლოდ სული წმიდის მიერ იღება. ღმერთის სიყვარული არის ნიჭი ღმრთისა ადამიანში, რომელიც თავის თავს ამ ნიჭის მისაღებად გულის, გონებისა და ხორცის სიწმინდით განამზადებს. მომზადების ხარისხის მიხედვით ეძლევა კაცს ნიჭიც, რამეთუ ღმერთი მართლმსაჯულია თავის წყალობაშიც.
ღმერთის სიყვარული მთლიანად სულიერია: „შობილი იგი სულისაგან სული არს“ (ინ. 3, 6).
„და შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს“ (იქვე): ხორციელ სიყვარულს, როგორც ხორცისა და სისხლის მიერ შობილს, ნივთიერი და ხრწნადი თვისებები აქვს. მისი ცეცხლი მთლიანად ნივთიერზეა დამოკიდებული.
როდესაც წმ. წერილში კითხულობ, რომ ღმერთი ჩვენი არის ცეცხლი, და ამავე დროს საკუთარ თავში ბუნებრივი სიყვარულის ცეცხლს იგრძნობ, ნუ გეგონება, რომ ეს ორი სიყვარული ერთი და იგივეა. არამც და არამც! ისინი მტრობენ და აქრობენ ერთმანეთს (იხ. იოანე კიბისაღმწერელი, თავი მე-3). „მაქუს ჩვენ მადლი, რომლითა ვმსახურებთ ღმერთსა მოშიშებით და ღირსებით. რამეთუ ღმერთი ჩვენი ღმერთ განმლეველ არს“ (ებრ. 12, 28-29). ბუნებრივი, დაცემული სიყვარული აღაგზნებს ადამიანში სისხლს და ნერვებს, აღძრავს ვნებებს. წმინდა სიყვარული კი სისხლს აგრილებს, ამშვიდებს სულსაც და ხორცსაც, შინაგან კაცს ლოცვითი მდუმარებისკენ იწვევს, ათრობს სიმდაბლითა და სულიერი სიტკბოებით.
მრავალმა მოღვაწემ მიიღო ბუნებრივი სიყვარული საღმრთო სიყვარულად, რითაც სისხლის აღგზნება და ხიბლი დაიტეხა თავს; აღგზნების მდგომარეობა კი ძალიან იოლად გადადის გაშტერების მსგავს მდგომარეობაში. ამგვარი აღგზნებისა და გაშტერების მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ბევრმა სულიწმიდით შემოსილ და წმიდა მამებად მიიღო, სინამდვილეში კი ისინი მხოლოდ და მხოლოდ ხიბლის უმადური მსხვერპლნი იყვნენ.
ბევრი ასეთი მოღვაწე იყო დასავლეთის ეკლესიაში მას შემდეგ, რაც იგი პაპისტური გახდა; იქ მკრეხელურად მიაწერენ ადამიანს ღმერთის თვისებებს და მიაგებენ კაცს თაყვანისცემას, რომელიც ერთადერთს - ღმერთს ეკუთვნის. დასავლელმა მოღვაწეებმა მრავალი წიგნი დაწერეს თავიანთი აღგზნებული მდგომარეობიდან; ამ მდგომარეობაში მყოფებს თავისი ხიბლი საღმრთო სიყვარულად წარმოუდგებოდათ, აღგზნებული წარმოსახვა კი უამრავ ჩვენებას უხატავდა, რომელიც მათ თავმოყვარეობასა და ამპარტავნებას ეფერებოდა.
აღმოსავლეთის ეკლესიის შვილო, უფრთხილდი, ამგვარი წიგნების კითხვას, უფრთხილდი შემცდართა დარიგებების შესრულებას! სახარება და ჭეშმარიტი ეკლესიის წმ. მამათა თხზულებები დაიდე სახელმძღვანელოდ, სიმდაბლის საფეხურებით შეუყევი საღმრთო სიყვარულის სიმაღლისაკენ მიმავალ კიბეს, მუდამ თან გახლდეს ქრისტეს მცნებების დაცვა.
კარგად გახსოვდეს, რომ ღმერთის სიყვარული სული წმიდის უდიდესი ნიჭია, კაცს კი მხოლოდ ის ძალუძს, წმინდა ცხოვრებით და სიმდაბლით მოამზადოს თავი ამ უდიდესი ნიჭის მისაღებად, რომლის მიერაც იცვლება გულიც, გონებაც და ხორციც.
ამაოა შრომა - უნაყოფო და საზიანოც კი, თუ ნაადრევად ვეძიებთ საკუთარ თავში მაღალი სულიერი ნიჭების გამჟღავნებას. მოწყალე უფალი თავის დროზე უბოძებს ამ ნიჭებს მათ, ვინც მუდმივად, მოთმინებით და სიმდაბლით ასრულებს ქრისტეს მცნებებს. ამინ. გვიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვითონ

495. რადგან ცოდვილი ვარ და სხეულის უძლურების გამო ღვთისათვის სათნო და კეთილი საქმეების კეთებას მოვაკლდი, ამიტომ გთხოვ მეუფეო, ილოცე ჩემთვის, ღვთის განმარისხებლისთვის, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვი, არაფრის კეთება არ შეუძლია იმიტომ, რომ სხეულის უძლურება ეწინააღმდეგება.
ძმაო, თუ შენ სინამდვილეში გრძნობ, რომ ცოდვები გაქვს, ნეტარი ხარ; რამეთუ ვინც მათ განიცდის, ის ვერ ეგუება და ყველანაირად შორდება მათ. საკუთარი ცოდვების განცდა და მამებისაგან დახმარების თხოვნა, რათა მათმა ლოცვებმა ცოდვებისა და ცოდვილთათვის მოსალოდნელი ტანჯვისაგან გვიხსნან, უკვე სინანულის ნაწილია. ჩვენ ვლოცულობთ შენთვის, ხოლო შენ შეეცადე, შენი ძალისაებრ, სიმდაბლე და თვინიერება მოიხვეჭო. არავითარ შემთხვევაში თავი არ გამოიდო, რომ რაიმე შენი ნებისაებრ აღასრულონ, რამეთუ აქედან მრისხანება იშვება; არავინ არ განიკითხო და დაამცირო, იმიტომ რომ ეს გულს აუძლურებს და გონებას აბნელებს, აქედან კი უდიერება და გულის უგრძნობლობა იშვება. განუწყვეტლივ იფხიზლე და საღმრთო რჯული შეისწავლე, რამეთუ ის გულს ზეციური ცეცხლით ათბობს, და ასეცაა ნათქვამი: „ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი“. ნუ მწუხარებ, ძმაო, შენი მოწოდება ღვთისგანაა; ნუ იწყენ და უძლურდები; ღმერთი იმას არ ითხოვს შენგან, რაც შენს ძალებს აღემატება, არამედ შეძლებისდაგვარ შრომას გთავაზობს. ბაგეები ფუჭი და ამაო სიტყვებისაგან დაიცავი, და შენი გული ბოროტ სიტყვებს ნუ მიეჩვევა. წმიდანთა ლოცვებთან ერთად ღმერთს წინ შენი ძალა დაუგე და უთხარი: „ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას“ (ლუკა 18, 13). და ის შეგიწყალებს და ყოველგვარი ბოროტებისაგან დაგიცავს და დაგიფარავს, რათა სიბნელიდან ჭეშმარიტ სინათლეზე, ხიბლიდან ჭეშმარიტებაში და სიკვდილიდან სიცოცხლეში გადახვიდე, ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
ძმაო, თუ შენ სინამდვილეში გრძნობ, რომ ცოდვები

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3