სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები
სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები სულის საწამლო ბალახები, წიგნი, ციტატები
ნეტარ არს კაცი, ვინც მდაბალ მიწას დაემსგავსა; მიწას, რომელსაც თუმც ყველა თელავს, მაგრამ ყველას მაინც სიყვარულით ტვირთულობს და სათუთად ასაზრდოებს – ვით მზრუნველი დედა, სხეულისათვის რომ ნივთიერება მოუცია ჩვენი შექმნისას. იგი სიხარულით იღებს ყოველივეს, რასაც კი მის ზედაპირზე ვყრით – კარგი ნაყოფიდან ბინძურ ნარეცხამდე; შემდეგ კი ყველაფერ ამას იგი ჩუმად და უდრტვინველად ვიტამინებად გადაამუშავებს და ნაყოფთან ერთად, განურჩევლად კეთილისა და ბოროტისა, ყველას უხვად უწილადებს.
უძლიერესი ქვეყნიერებაზე თურმე მდაბალი ყოფილა – ის თვითონაც იმარჯვებს და თავისი მსუბუქი სინდისის მეშვეობით სხვათა უამრავ სიმძიმესაც ეზიდება. მართალია, სხვების შეცოდებებისათვის – რომლებსაც იგი სიყვარულით ითავისებს – სხვათა უგულისხმოებასა და უსამართლობას განიცდის, მაგრამ შინაგანად უდიდესი სიხარულის შეგრძნება აქვს, რამეთუ შეძლო ამაო წუთისოფელი უგულებელყო.
ზრდასრული ადამიანები როცა შეუაცხყოფებსა და მკაცრ შენიშვნებს უკადრისობენ და არ სურთ განიკურნონ, ან ჯილდო მიიღონ (უდანაშაულობის შემთხვევაში), პატარა ბავშვებს ემსგავსებიან, რომლებსაც ნემსების ეშინიათ და ექიმების დაჯერება არ სურთ (ნემსი რომ არ უჩხვლიტონ) და ამიტომ ყოველთვის სიცხისა და ხველებისაგან იტანჯებიან.
მეტი მადლიერი უნდა ვიყოთ იმათი, ვინც ნემსი გვიჩხვლიტა და რომელთა წყალობითაც ჩვენი სულიდან ხიწვები გამოვიდა, ვიდრე იმათი, ვინც უსასყიდლოდ ჩვენი ყანა გადაბარა და მიწაში ჩაფლული ჩვენთვის უცნობი, მაგრამ ჩვენი კუთვნილი განძი დაგვანახა.
თემა: შეურაცხყოფა, ლანძღვა, რჩევის მიღებაავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ხელსაქმეზე მთელი ჩვენი სხეულებრივი ძალები არ დავხარჯოთ, თორემ ვეღარ შევძლებთ სულიერი ვალდებულებების შესრულებას, ან შევასრულებთ მათ წადიერების გარეშე და იმის ცქერაში ვიქნებით, როდის გამოჩნდება სკვნილზე ჯვარი, რომ მეტანიები დავასრულოთ, მაშინ როდესაც მეტანიები ყველა სხვა სულიერ ვარჯიშებზე უფრო სასარგებლოა.
თუ ხელსაქმე ხმაურს წარმოშობს, მაშინ ფრიად სასარგებლოა დაბალ ხმაზე ფსალმუნთა გალობა, სანამ სული საღმრთო გამიჯვნას არ მიაღწევს – როცა მას უკვე ხმაური აღარ ესმის, ან ესმის, როცა ამას თავად მოისურვებს, ანდა, უფრო სწორად რომ გამოვთქვათ: როცა გონება ზეციდან დაეშვება. ხელსაქმე უბრალო უნდა იყოს, რომ ხელები მიეჩვივნონ თავისთავად მუშაობას და გონების დახმარებას არ საჭიროებდნენ.
უზომო ფიზიკური შრომა და მისგან გამოწვეული დაღლილობა და გაფანტულობა სიფხიზლეს განგვაშორებს და სულს აუხეშებს. განსაკუთრებით, თუ ეს სამუშაო სიჩქარით კეთდება, რადგან როცა იესოს ლოცვასა და სხვა სულიერ ვალდებულებებს ვტოვებთ, მაშინ მტერი თანდათან იპყრობს ჩვენს სულიერ სიმაღლეებს და გვებრძვის უკვე როგორც ხორცის, ასევე ზრახვების საშუალებითაც. მას მწყობრიდან გამოჰყავს ყველა ჩვენი ხორციელი და სულიერი ძალები და ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას არღვევს. ამის შედეგი კი ჩვენი სულის ვნებებით შეპყრობაა.
რაც შეეხება ზომიერ, გააზრებულ შრომას, - ის ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ახალდამწყებთათვის, რამეთუ ადამიანისათვის ორმაგი სიჯანსაღისა და ღვთის კურთხევის მომტანია. ასეთ შემთხვევაში ადამიანი არა მხოლოდ თავის თავს უზრუნველყოფს აუცილებელი სახმარით, არამედ შეუძლია სხვებსაც უწილადოს
თემა: შრომა, ლოცვა, იესოს ლოცვა, მღვიძარება, სიფხიზლეავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
მღვიძარებისას ფრიად სასარგებლოა მრავალსახეობა. თუ ადამიანი მარტოა, დაე, თავიდან გრძელი მეტანიები გააკეთოს, მერე მოკლე და შემდეგ დაიწყოს იესოს ლოცვა – მჯდომარემ ან მუხლმოყრილმა. ყოველივე ეს რამდენჯერმე გაიმეოროს იმ დროის გათვალისწინებით, რაც მის განკარგულებაშია. ასეთი მეთოდი უაღრესად სასარგებლოა, რამეთუ სულიერ გამოცოცხლებას იწვევს და სულიერი მოძრაობების – მეტანიების – დახმარებით უმოძრაობისაგან გამოწვეულ დაღლილობას დევნის. ამით, აგრეთვე, ძილქუში განიდევნება და მაშინ ლოცვას გონებაში ნათელი შემოაქვს.
თემა: ლოცვა, იესოს ლოცვა, მღვიძარება, სიფხიზლეავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
ლოცვისას, როცა გონება უჯერო საგნებზე გადაერთვება ან ისინი თვითონვე, სურვილსგარე გვახსენებენ თავს, არ არის საჭირო მტერთან კამათში შესვლა, რადგან ყველა ადვოკატიც რომ ერთად შეიკრიბოს, მაინც ვერაფერს გააწყობს ერთ პატარა ეშმაკთანაც კი. ეს ზრახვები შეიძლება განიდევნოს მხოლოდ მათი უგულებელყოფით, ზუსტად ისევე, როგორც მკრეხელური აზრები (რა თქმა უნდა, მტერი კიდევ საკმაო ხანს იყეფებს, მაგრამ მერე გაგვშორდება). ადამიანს არ უნდა აბრკოლებდეს ეშმაკის მკრეხელობა, მას მხოლოდ საკუთარი ცოდვები უნდა აშფოთებდნენ, მაგრამ ამასთან ღვთის უსაზღვრო მოწყალებას უნდა სასოებდეს; ღმერთზე უსასოება – მზაკვარის ხელჩარევის შედეგია.