სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები
სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები სულის საწამლო ბალახები, წიგნი, ციტატები
ფრიად სასარგებლოა წმიდა მამათა ნაშრომების კითხვა – ისინი სახარებას თავიანთი სახარებისეული ცხოვრებით განმარტავენ. ასევე სასარგებლოა გამოკვლევა საკუთარი ცოდვიანობისა, უმადურობისა და აგრეთვე ჩვენზედ გარდამოვლენილი ღვთის მრავალმოწყალებისა. ყველაფერ ამას თავისთავად მოჰყვება სიმდაბლე და ამის შემდეგ აუცილებლად – საღმრთო მადლი.
თემა: წმინდანთა სწავლების კითხვა, სახარება, მადლი, თავმდაბლობაავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
სულიერი საკითხავი სულს ათბობს და გაძლიერებულად აღძრავს მას ლოცვისა და მოღვაწეობისათვის.
თემა: ლოცვა, ღვაწლი, წმინდა წიგნების კითხვაავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
საკუთარი თავის გამოკვლევას სიმდაბლე მოაქვს, ამასთან, ლოცვისა და ღვთის წყალობის აუცილებლობის გაცნობიერება. ამიტომ წინასწარ, სანამ სკვნილის მარცვლებს ჩამოვთვლიდეთ, კარგი იქნებოდა ჩვენი ცოდვები და ჩვენდამი ღვთის ქველმოქმედება ჩამოგვეთვალა.
თემა: ლოცვა, საკუთარი თავის შეცნობა, თავმდაბლობაავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
ლოცვისას, როცა გონება უჯერო საგნებზე გადაერთვება ან ისინი თვითონვე, სურვილსგარე გვახსენებენ თავს, არ არის საჭირო მტერთან კამათში შესვლა, რადგან ყველა ადვოკატიც რომ ერთად შეიკრიბოს, მაინც ვერაფერს გააწყობს ერთ პატარა ეშმაკთანაც კი. ეს ზრახვები შეიძლება განიდევნოს მხოლოდ მათი უგულებელყოფით, ზუსტად ისევე, როგორც მკრეხელური აზრები (რა თქმა უნდა, მტერი კიდევ საკმაო ხანს იყეფებს, მაგრამ მერე გაგვშორდება). ადამიანს არ უნდა აბრკოლებდეს ეშმაკის მკრეხელობა, მას მხოლოდ საკუთარი ცოდვები უნდა აშფოთებდნენ, მაგრამ ამასთან ღვთის უსაზღვრო მოწყალებას უნდა სასოებდეს; ღმერთზე უსასოება – მზაკვარის ხელჩარევის შედეგია.
ლოცვისას გონების გულში მოკრებას ძალზე უწყობს ხელს სუნთქვის მცირეოდენი შეჩერება, მაგრამ არა გამუდმებით, რადგან ხელოვნური შეკუმშვა გულს აზიანებს. რა თქმა უნდა, გული განიწმინდება არა ასეთნაირი შეკუმშვების გზით, არამედ სინანულითა და სიმდაბლით. ამ დროს ოხვრა და ვაება გულის სიღრმიდან ამოდის და თან საღვთო ნუგეში ამოაქვს. როცა ადამიანი თავის თავს ეგოისტურად და უგულისხმოდ შეაჭირვებს, მაშინ ხელოვნური გულშეკუმშვა მისთვის სასოწარკვეთისა და სულიერი სიმძიმის მომტანია.
თემა: ლოცვა, ლოცვისას გონებაგაფანტულობაავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
როცა ადამიანი სასოებით მოღვაწეობს – მას საღმრთო ნუგეში მოეფინება და სული ცხადად შეიგრძნობს ღვთის მოსიყვარულებას. ამ დროს უფალი ადამიანის გულს თავისკენ იზიდავს, და ხელები, ღვთაებრივი სითბოთი აღძრულნი, სიხარულით მარცვლავენ სკვნილს. რა თქმა უნდა, თავიდან გარკვეულწილად აუცილებელია განზავებული გულისხმისყოფით ძალისხმევა, სანამ ჩვენი სულიერი ძრავა გახურდება და სული, განუწყვეტელი ლოცვით ადგილიდან დაიძვრის.
თემა: განუწყვეტელი ლოცვა, ლოცვა, ღვაწლიავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
მღვიძარებისას ფრიად სასარგებლოა მრავალსახეობა. თუ ადამიანი მარტოა, დაე, თავიდან გრძელი მეტანიები გააკეთოს, მერე მოკლე და შემდეგ დაიწყოს იესოს ლოცვა – მჯდომარემ ან მუხლმოყრილმა. ყოველივე ეს რამდენჯერმე გაიმეოროს იმ დროის გათვალისწინებით, რაც მის განკარგულებაშია. ასეთი მეთოდი უაღრესად სასარგებლოა, რამეთუ სულიერ გამოცოცხლებას იწვევს და სულიერი მოძრაობების – მეტანიების – დახმარებით უმოძრაობისაგან გამოწვეულ დაღლილობას დევნის. ამით, აგრეთვე, ძილქუში განიდევნება და მაშინ ლოცვას გონებაში ნათელი შემოაქვს.
თემა: ლოცვა, იესოს ლოცვა, მღვიძარება, სიფხიზლეავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
უზომო ფიზიკური შრომა და მისგან გამოწვეული დაღლილობა და გაფანტულობა სიფხიზლეს განგვაშორებს და სულს აუხეშებს. განსაკუთრებით, თუ ეს სამუშაო სიჩქარით კეთდება, რადგან როცა იესოს ლოცვასა და სხვა სულიერ ვალდებულებებს ვტოვებთ, მაშინ მტერი თანდათან იპყრობს ჩვენს სულიერ სიმაღლეებს და გვებრძვის უკვე როგორც ხორცის, ასევე ზრახვების საშუალებითაც. მას მწყობრიდან გამოჰყავს ყველა ჩვენი ხორციელი და სულიერი ძალები და ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას არღვევს. ამის შედეგი კი ჩვენი სულის ვნებებით შეპყრობაა.
რაც შეეხება ზომიერ, გააზრებულ შრომას, - ის ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ახალდამწყებთათვის, რამეთუ ადამიანისათვის ორმაგი სიჯანსაღისა და ღვთის კურთხევის მომტანია. ასეთ შემთხვევაში ადამიანი არა მხოლოდ თავის თავს უზრუნველყოფს აუცილებელი სახმარით, არამედ შეუძლია სხვებსაც უწილადოს
თემა: შრომა, ლოცვა, იესოს ლოცვა, მღვიძარება, სიფხიზლეავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
თუ ხელსაქმე ხმაურს წარმოშობს, მაშინ ფრიად სასარგებლოა დაბალ ხმაზე ფსალმუნთა გალობა, სანამ სული საღმრთო გამიჯვნას არ მიაღწევს – როცა მას უკვე ხმაური აღარ ესმის, ან ესმის, როცა ამას თავად მოისურვებს, ანდა, უფრო სწორად რომ გამოვთქვათ: როცა გონება ზეციდან დაეშვება. ხელსაქმე უბრალო უნდა იყოს, რომ ხელები მიეჩვივნონ თავისთავად მუშაობას და გონების დახმარებას არ საჭიროებდნენ.
დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ხელსაქმეზე მთელი ჩვენი სხეულებრივი ძალები არ დავხარჯოთ, თორემ ვეღარ შევძლებთ სულიერი ვალდებულებების შესრულებას, ან შევასრულებთ მათ წადიერების გარეშე და იმის ცქერაში ვიქნებით, როდის გამოჩნდება სკვნილზე ჯვარი, რომ მეტანიები დავასრულოთ, მაშინ როდესაც მეტანიები ყველა სხვა სულიერ ვარჯიშებზე უფრო სასარგებლოა.