თემა: ვერცხლისმოყვარება,  მოწყალება,  სიყვარული გლახაკთა მიმართ


წმიდა იოანე მოწყალე, ალექსანდრიის პატრიარქი.

წმიდა იოანე ერთ ძუნწ და ვერცხლისმოყვარე ეპისკოპოსს იცნობდა. ერთხელ, როდესაც საავადმყოფოში მიდიოდა, თან წაიყვანა იგი და, რაკი იცოდა, რომ ეპისკოპოსს ფული ჰქონდა, უთხრა:
    -მამა ტროილ, ახლა შენი რიგია, რომ ეს გლახაკები მოწყალებით ანუგეშო.
    ტროილს მოწყალების გაცემა არ უნდოდა, მაგრამ წმიდა იოანესი შერცხვა და მთელი ფული გლახაკებს მისცა. მას კი 30 ლიტრი ოქრო ჰქონდა. შინ რომ დაბრუნდა, ძლიერ ინანა და ისეთ მოწყინებაში ჩავარდა, რომ იოანეს ტრაპეზზე აღარ დაეწვია. წმიდა იოანეს სულიწმიდისგან ტროილის მოწყინების მიზეზი ემცნო, 30 ლიტრი ოქრო აიღო და მასთან მივიდა:
    -მოგიტანე ის ოქრო, რომელიც ჩემი თხოვნით საავადმყოფოში გაეცი. გამომართვი და მომეცი ხელწერილი, რომ უარს ამბობ იმ ჯილდოზე, რაც მოწყალების გაცემის გამო შენთვის იყო გამზადებული.
    ვერცხლისმოყვარე ტროილმა სირცხვილი და ღმრთის შიში დაივიწყა. დაინახა თუ არა ოქრო, მაშინვე გამოკეთდა. მან იოანეს ასეთი ხელწერილი დაუწერა:
    "კაცთმოყვარე უფალო! ჩემს ნაცვლად ჯილდო მიეცი იოანეს, ალექსანდრიელ პატრიარქს, რომელმაც მოწყალებისთვის გაცემული 30 ლიტრი ოქროს სანაცვლო დამიბრუნა". იოანემ ხელწერილი აიღო, შინ დაბრუნდა, წმიდა ხატებთან დადგა და საიდუმლოდ ლოცულობდა, რომ უფალს ტროილი ვერცხლისმოყვარეობისგან განეკურნა.
    მომდევნო ღამეს ტროილმა სიზმრად დიდებული სასახლე ნახა. შესასვლელში ოქროს ასოებით ეწერა: "სავანე და მარადიული განსასვენებელი ეპისკოპოს ტროილისა".
    მას გაუხარდა, მაგრამ უეცრად მოსამსახურეებს ვიღაც გამოეცხადა და სამყაროს შემოქმედის სახელით უბრძანა, ოქროს წარწერა წაეშალათ და მის ნაცვლად დაეწერათ: "სავანე და მარადიული განსასვენებელი იოანესი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა, რომელმაც იგი 30 ლიტრი ოქროს ფასად შეიძინა".
    ტროილს შიშისგან გამოეღვიძა და გულში სინანული ჩაეღვარა; მიხვდა, რომ 30 ლიტრი ოქროს გამო ცათა სასუფეველი დაკარგა და სასწრაფოდ იოანესთან გაიქცა; ყველაფერი უამბო და შენდობა ითხოვა. იოანემ იგი მრავალი რჩევა-დარიგებით დამოძღვრა. მას შემდეგ ტროილი გლახაკთა მოყვარე და მოწყალე შეიქმნა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები