თემა: მოწყალება


ხილვა მოწყალების მიმღებლებზედ.

ერთ ვინმე განდეგილს ყოველივე ქვეყნიური სიამენი სიყმაწვილეშივე დაეტოვებინა და ვიწრო სენაკში დამკვიდრებულიყო, სადაც დროს ღვთისადმი აღვლენილ ლოცვასა და ვედრებაში ატარებდა; ხორცს თვისას მარხულობითა და ღამისთევით მოაკვდინებდა, სულს კი განაცხოველებდა. ამგვარი ანგელოზებრივი ღვაწლისთვის ის ზეციური ხილვის ღირსი შეიქმნა.
    ერთ დღეს იმ მონასტერში, რომელშიც ბერი იყო დამკვიდრებული, ქალაქის თავი მივიდა, რათა ძმათათვის მოწყალება დაერიგებინა. მან თითოეულ ბერს თითო ვერცხლი მისცა, განდეგილ მოსაგრეს კი ოქროს მონეტა მიუტანა, მისი სენაკის სარკმელთან დადგა და გულმოდგინედ სთხოვდა, ესმცირედი საჩუქარი მიეღო. ღირსი მამა დღის განმავლობაში მხოლოდ გამხმარი პურის თითო ნატეხსა და ერთ ჭიქა წყალს იხმევდა. მას ადრე ოქრო და ვერცხლი ძღვნად არასოდეს მიეღო, მაგრამ ახლა, ესოდენ კეთილისმყოფელი და კეთილშობილი კაცის თხოვნაზე უარის თქმა მოერიდა და ოქროს ფული მიიღო...
    იმ ღამეს მოსაგრემ ჩვეულებისამებრ წაიკითხა ლოცვა და დასაძინებლად მიწვა. უეცრად ძილში იხილა, რომ მონასტრის სხვა ძმებთან ერთად იდგა ტრიალ მინდორში, რომელიც ხშირი ეკალბარდებითა და მაყვლის ძეძვით იყო დაფარული. ანგელოზის მსგავსი ერთი ვინმე უცხო ჭაბუკი კი ბერებს ამ ეკალ-მაყვალს ძალდატანებით ათიბვინებდა. ამის შემდეგ ჭაბუკი განდეგილს მიუბრუნდა და უთხრა:
    -გათიბე ეკალი და მაყვალი!
    როდესაც იხილა, რომ ბერი უარზე იდგა, ჭაბუკმა მრისხანედ დაუყვირა:
    -უქმად დგომის საბაბი არ გაქვს, გუშინ შენ სხვა ბერებთან ერთად გაქირავდი. ამასთან ერთად, სხვებისგან განსხვავებით, ვერცხლი კი არა, ოქრო მიიღე. ამიტომ შენ, როგორც მეტის მიმღებმა, სხვებზედ მეტი უნდა იშრომო. ეს ეკალ-მაყვალი არის იმ კაცის საქმენი, ვინც გუშინ მოწყალება მოგცა... იშრომე ოფლითა შენითა.
    ამ სიტყვებზე განდეგილს გამოეღვიძა, მან თავისი ხილვა გონებაში გაისიგრძეგანა და თავზარი დაეცა, რადგან საკუთარი ცოდვების ეკალ-მაყვალთან ერთად სხვისიც უნდა ეგლიჯა...
    თქვენ კი, რომელნიც მოწყალებას ითხოვთ და ამით ცხოვრობთ, ჩვენებისგან, რომლის ხილვის ღირსიც ღმერთმა ის მართალი განდეგილი გახადა, შეიცანით თქვენი მოვალეობა: ილოცეთ თქვენს კეთილისმყოფელთა ცოდვების მიტევებაზე.ხოლო თქვენ, რომელნიც მოწყალებას გასცემთ, სიგლახაკითა და უძლურებით ტანჯულ ადამიანებს საზრდოსა და სამოსელს აძლევთ, გააორკეცეთ თქვენი მოწყალების სალარო, რამეთუ ცოდვანი თქვენნი მოწყალებითა და სარწმუნოებით განიწმინდებიან.
    "ყოველსა, რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა მიეღოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოხადონ მას" (ლუკა 12, 48)
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები