თემა: მრისხანება,  მორჩილება

31. გვმართებს კი ჩვენ, კვინობში (მონასტერი) მცხოვრებთ, რომ ნებაყოფლობითი არჩევანით და მოწადინე გულით მოვიკვეთოთ ყველა ჩვენი ნება წინამძღვრის წინაშე და, ღვთის თანაშეწევნით, როგორღაც ჩვენც გავხდეთ ადვილსააღვირენი (ადვილსამართავნი) და ნების არმქონენი, ხოლო გვმართებს კი, რომ მოხერხება გვქონდეს, რათა არც მძვინვარებით ვმშფოთვარებდეთ და არც ჩვენს გულისწყრომით ნაწილს აღვძრავდეთ პირუტყვულად და არაბუნებითად, რომ შემდეგ უხილავ ბრძოლაში გაუბედავნი არ აღმოვჩნდეთ, რადგან ჩვენს ნებას, თუ იგი ნებსით არ იქნება მოკვეთილი ჩვენგან, განრისხება სჩვევია იმათ მიმართ, რომლებიც იძულებით ცდილობენ მის მოკვეთას, ხოლო ბოროტად მყეფარე მრისხანება, ზემორე მიზეზით აღძრული, უსპობს მას ბრძოლის იმ ცოდნას, რისი მოპოვებაც ძლივს შეძლო მან დიდი გარჯილობის შედეგად. მართლაც, ნიშანდობლივია მრისხანებისთვის დამანგრევლობა. თუ, ერთი მხრივ, ეშმაკეული გულისზრახვების წინააღმდეგ აღიძვრის იგი, ანადგურებს და სპობს მათ, მაგრამ თუ, მეორე მხრივ, ადამიანთა წინააღმდეგ აღიმღვრევა, ასევე ანადგურებს ჩვენშიც კარგ გულისზრახვებს. ამრიგად, ვხედავ, რომ მრისხანება გამანადგურებელია ყოველგვარი გულისზრახვისა, უკეთურისაც და, თუკი აღმოჩნდება, კარგისაც, რადგან საჭურვლად და მშვილდად გვებოძა იგი ღვთისგან, თუ ერთიმეორისკენ არ მივმართავთ მას, მაგრამ თუ იგი განსხვავებულადაც ამოქმედდება, დამღუპველი ხდება. დიახ, იმგვარი გამბედავი ძაღლიც ვიცი, რომელიც მგლების თანასწორად ანადგურებს ცხვრებს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები