
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მოწყალება
დიდი სათნოება არის მოწყალება. ეს იცის ყოველმა ქრისტიანე კაცმა, და არა თუ ქრისტიანეთა, არამედ სხვათა, უცხო სჯულისა კაცთა; მაგალითებრ, მაჰმადიანთა, ურიათა დიდ სათნოებათ მიაჩნიათ მოწყალება და დიახაც სცდილობენ აღასრულონ იგი. გარნა ქრიტიანული მოწყალება დიდად განსხვავებულია მათი მოწყალებისაგან. ქრისტიანული მოწყალება არის ბუნებითი გრძნობა კეთილი კაცის გულისა, გარნა უმეტესად განღვიძებული და გაღონიერებული სარწმუნოებითა. თუ კაცს გული არა აქვს გაფუჭებული და ზნეობა დაცემული, როდესაც დაინახავს შეწუხებულს და უბედურს კაცს, თვითონაც უნებლივად შეწუხდება, მისი სული თანაუგრძნოს მოყვასის შეწუხებას და უნებლივად მოინდომებს რითიმე შეუმსუბუქოს მას მწუხარება.