ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: მოწყალება
ნუ დაივიწყებთ, რომ სიტყვა მოძღვრავს, მაგალითი კი იზიდავს! ბოროტება კი ბოროტებით არასოდეს აღმოფხვრილა! ზოგჯერ უფრო ადვილია ერთჯერადი დიდი დახმარება გასცე, ვიდრე მუდმივად მიაქციო ყურადღება, აიცილო შეჯახება, შეიკავო თავი მწარე შენიშვნისაგან ან შეურაცხმყოფელი სიტყვისაგან. აი, აქ არის გაშლილი სულიერ მოწყალებათა ვრცელი ასპარეზი: 1. მწუხარეთათვის ნუგეშისცემა; 2. განსაცდელში ან შეჭირვებაში მყოფი კაცისათვის კეთილი რჩევის მიცემა; 3. ბოროტისათვის ბოროტით არმიგება, სამაგიეროს არგადახდა, გულის არტკენა; 4. სავსე გულით წყენის მიტევება. ყოველთვის ვახერხებთ მოწყალების ამ საქმეთა აღსრულებას? არა! პირიქით, მწუხარეებთან გვიძნელდება გაძლება და ვცდილობთ არ გავიფუჭოთ გუნება მათთან ურთიერთობით. კიდევაც ვღიზიანდებით, თუ ადამიანი დიდხანს არ გამოდის მძიმე მდგომარეობიდან. თუ ვხედავთ, რომ კაცი შეჭირვებულია, ან საფრთხე ემუქრება, საუკეთესო შემთხვევაში გვერდს ვუვლით, ხოლო ზოგჯერ ნიშნისმოგებით ვამბობთ, რომ უარესის ღირსია. ჩვენ მიმართ მცირეოდენი დანაშაულიც კი ვერ მოგვითმენია, განსაკუთრებით იმისგან, ვინც გვიყვარს და ვცდილობთ, აუცილებლად სამაგიერო გადავუხადოთ. თუ აშკარად ავის ქმნისა გვეშინია, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ღმრთის შიში კი არა, უსიამოვნებებისათვის თავის არიდების სურვილი გვაკავებს. გონებაში კი ათასგვარ შურისძიებას წარმოვიდგენთ. უფალმა ხომ ყველაფერი იცის – ყოველი ჩვენი გულისნადები და განგვიკითხავს კიდეც ჩვენი სულის შინაგანი მდგომარეობის მიხედვით.