ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: კეთილი საქმეები, სარწმუნოება
629. როგორ უნდა განმართლდეს კაცი – სარწმუნოებით თუ კეთილთა საქმეთაგან?
კითხვაზე თუ როგორ უნდა განმართლდეს კაცი – სარწმუნოებით თუ კეთილთა საქმეთაგან, მაგალითად, პროტესტანტები პასუხობენ, რომ კაცს თავის მხრივ კეთილი საქმის გაკეთება თვისი განმართლებისათვის არ შეუძლია და მას ერთი მხოლოდ იესო ქრისტეს სარწმუნოება გაამართლებს; ხოლო კათოლიკეები განმართლების საქმეში სარწმუნოებას ამცირებენ და ამბობენ, რომ ღმრთის წინაშე განსამართლებლად კეთილი საქმის აღსრულება ყველას შეუძლია, ხოლო ვისაც ძალა არ შესწევს, მადლი ეკლესიისაგან უნდა ისესხოს და განმართლება ამით მოიპოვოსო. ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია კი გვასწავლის, რომ კაცის განმართლებისათვის საჭიროა როგორც სარწმუნოება იესო ქრისტესი, ისე ცხოვრება, მოქმედება, ანუ კეთილნი საქმენი სარწმუნოებისაებრ; ამასთანავე, განგვიმარტავს, რომ ყოველი საქმე კაცისა მაშინ იქნება ნამდვილად კეთილი და განმამართლებელი კაცისა, როდესაც იგი იესო ქრისტეს ცხოველი სარწმუნოებისაგან, სასოებისა და სიყვარულისაგან მომდინარეობს, როდესაც კაცის გულში თვით იესო ქრისტე ცხოვრობს და მოქმედებს.