ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
მოძღვრისადმი რწმენის, პატივისცემისა და სიყვარულის შესახებ
სულიერი მოძღვრისადმი რწმენა და სიყვარული გააზრებულად, გულმოდგინებით დაიცავით, რადგან სულის სიცოცხლე და სიკვდილი ამაზეა დამოკიდებული. თუკი ღვთის სახის ხილვა გსურთ, ქრისტესმიერ მამას ნუ დაამწუხრებთ. ვინც მას ამწუხრებს, იცოდეს, რომ ქრისტეს ამწუხრებს და როგორღა იხილავს მას გარდაცვალების შემდეგ?
2. მჯერა, შვილო, რაც დაგარიგე, იმაზე მეტს გააკეთებ და ნახავ, რა კარგად იგრძნობ თავს! არასდროს დაუშვა, მტერი მოძღვრის მიმართ ბოროტი გულისსიტყვებით დაგესხას თავს, რადგან ისინი შხამით სავსე უხსენებლები არიან.
მოძღვართან სრულ ერთობაში იყავი. მისი სიტყვა ისე ისმინე, როგორც ქრისტესი. სიყვარული, მოკრძალება და სრული მორჩილება სათნოა მოძღვრისთვის. თუკი სათნოეყოფი მოძღვარს, სათნოეყოფი ღმერთსაც. რასაც მოძღვრის მიმართ აკეთებ, იმავეს აკეთებ ღვთისთვისაც.
3. შვილო, რაც შენს თავს ხდება, არაფერში ეჭვი არ მეპარება. ნამდვილ სულიერ შვილს ასე უყვარს თავისი მამა, რომელმაც ღვთის მადლით ის სულიერად შვა.
ვლოცულობ, ქრისტემ შენი გული მუდამ თავისი წმინდა სიყვარულით აავსოს, რაც მორწმუნეს, ქრისტიანს ყოველთვის განაახლებს.
4. მორჩილისთვის მომაკვდინებელია, თუკი მოძღვრის წინაშე საკუთარ თავს სუფთად და გულწრფელად არ წარმოაჩენს. ავადმყოფი, რომელიც ექიმს ჭრილობას არ აჩვენებს, ან დაავადების შესახებ დაუმალავს, სნეულებისგან არ განიკურნება, სიცხე და ტკივილი კი გაუგრძელდება. ასევეა მორჩილიც, რომელიც სულიერ ექიმს თავისი სულის ჭრილობებს არ უმჟღავნებს. ის, რაც ხელს უშლის თავისი ტანჯვის მიზეზი განაცხადოს, ეგოიზმია.
მაშ, მოდით, შვილებო, ეს ურჩხული ფეხქვეშ გავთელოთ, წმინდა აღსარების ხანჯლით გავგმიროთ და გავანადგუროთ სულიერი წამლების მიღებით, რომელსაც სულიერი ექიმი – მოძღვარი საკურნებლად მოგვცემს.
5. ვიფხიზლოთ, შვილებო, ვაიძულოთ თავი. რას ვუცდით? აღსასრული გვიახლოვდება და შეშფოთება გველის. რაღა გვიშველის? ახლანდელი თავის იძულება მოვალეობათა შესრულებისას, სათნოებების შეძენა; სულიერ მშობლებთან ერთობა კი იმ დიდ გასაჭირში განსაკუთრებით შეგვეწევა. ერთობას მაშინ მივაღწევთ, თუკი ჩვენი ცხოვრებით სათნოვეყოფით მათ. თუ ჩვენი ურჩობისა და განკითხვის გამო მოძღვრისგან სულიერად დაცილებულნი ვიქნებით, სიკვდილის ჟამს დემონებისგან როგორღა დავიცავთ თავს? მისი წმინდა ლოცვის მფარველობის გარეშე იესო ქრისტეს წინაშე როგორ წარვდგებით? საზვერეების გავლისას ვისი ლოცვები გვიხსნის? წინამძღვრის? მაგრამ მისი ლოცვაკურთხევა ხომ ვეღარ დაგვიფარავს, ვერ შეგვეწევა ჩვენს გასაჭირში, რადგან ცხოვრებაში მას ვამწარებდით.
მაშ, შვილებო, ვიზრუნოთ, რომ ღვთის ნების თანახმად ვიცხოვროთ, რათა სათნოვეყოთ მას და თავის წიაღში საუკუნოდ განგვისვენოს.
6. შვილო, შენი საკითხი უმთავრესიდან – მოძღვრის თემიდან მომდინარეობს. თქვენთვის ბევრჯერ მითქვამს, თუ როგორ ეშინია ეშმაკს წინამძღვრების. მოძღვართა მიმართ სიყვარული და რწმენა უმაღლესი გარანტიაა მათთვის, ვინც ღვთის სიყვარულის გამო მორჩილებას აღასრულებს. ხოლო ის, ვინც წინამძღვრების საკითხში ცდება, მაშინვე კარგავს უსაფრთხოების გარანტიას და სულიერი ნგრევა იწყება. ეშმაკმა ეს იცის და ამიტომ ბრძოლას წინამძღვრებიდან იწყებს – ცდილობს მათი სისუსტეები გაზვიადებულად წარმოაჩინოს, რომ მორჩილი მათთან ყოფნის უსარგებლობაში, მათ არასწორ ცხოვრებაში დაარწმუნოს და ა. შ. როცა ამას დააჯერებს, მის სულს მოიგებს. მაგრამ როცა მას მტკიცესა და შეურყეველს პოულობს, მიდის და ახალ ფრონტს ხსნის. იშვიათად, რომ მორჩილს ეს ბრძოლა არ გადახდეს.
7. მამა ეფრემი სწერს ერთ მონაზონს:
შვილო, იღუმენიას მიმართ სიყვარული და პატივისცემა გქონდეს. ვის არ აქვს სისუსტეები! საკუთარი ვნებების გამო ყველანი დამნაშავენი ვართ. მაგრამ ეს სხვაა, სულიერი დედის მიმართ შენი მოვალეობა კი – სხვა. დაინახე მასში ქრისტეს სახე და მისი ნდობა ღვთის ნდობად შეგერაცხება.
არ მინდა თვალთმაქცი იყო. ყველაზე მეტად გულწრფელობა და პირდაპირობა მიყვარს. ჩემი შვილებისთვისაც ამას ვისურვებდი. თქვი ნამდვილი აღსარება. ისმინე და დაიჯერე, რასაც სულიერი დედა გეტყვის.
თუკი მის ნათქვამს სარწმუნოებით არ მიიღებ, შედეგი განკითხვა, გულგრილობა, საბოლოოდ კი მასთან დაცილება იქნება. ეს შეუფერებელია შენთვის, როგორც მონაზვნისთვის, რომელიც სულიერი დედის მფარველობის ქვეშ იმყოფება.
არ უნდა განვიკითხოთ და არ უნდა ვიყოთ გულგრილნი არც ერთი ადამიანისადმი, მეტადრე ჩვენი სულიერი დედის მიმართ. იბრძოლე, რომ გიყვარდეს და მასში ქრისტეს სახეს ხედავდე. სარგებელს შენი რწმენის მიხედვით მოიმკი. ყოველივე ეს შეასრულე და ჭეშმარიტებას იხილავ.
ახლა, დიდ მარხვაში, მინდა თავი განსაკუთრებით აიძულო. დაიცავი შინაგანი და გარეგნული მდუმარება და გამუდმებით, უცილობლად გახსოვდეს სიკვდილი. სიკვდილის ხსენების სარგებელი უდიდესია. იმეორე იესოს ლოცვა. განუწყვეტლად აიძულე თავი, იღუმენიასთან ერთობა გქონდეს. არასოდეს დაუშვა გულისსიტყვა, რომელიც მას განიკითხავს, რადგან ასეთ გულისსიტყვას მამები ახასიათებენ, როგორც დამწვრობას ან საშინელ შხამს. გაფრთხილდი, სულიერ დედას არ დასცილდე, თორემ ეს მთელი შენი ბრძოლის პარალიზებას მოახდენს.
[4] წერილი ერგინას
წმიდა მთა, 19 მარტი, 1933 წ.
ჩემო დიდად საყვარელო ქრისტესმიერო დაო ერგინა და ჩემი უტკბილესი იესოს ჭეშმარიტო შვილო, ჩემი გულის სამკაულო და ჩვენი მოდგმის წარმატებავ, მეუღლესა და შვილებთან ერთად – გიხაროდენ და იცოცხლეთ უფლის მიერ – ამას ვლოცულობ თქვენთვის მთელი გულით, რომ მოგმადლოთ სახიერმა და წმიდა უფალმა. ამინ.
კვლავ მივიღე შენი საღმრთო კრძალულებით სავსე ეპისტოლე, სიამოვნებით წავიკითხე და სიხარულით გაივსო ჩემი სული, როდესაც დავინახე და გავიაზრე, რომ შენს გულში ასეთი ნაყოფი ჭარბობს, რაც იმას მოწმობს, რომ [შენში] ახალი ადამიანი, სულიერ ჩვილი იშვება.
მხნე იყავი და გაძლიერდი განსაცდელების დროს, ჩემო დაიკო, და როგორც უდიდესი სულიერი თილისმა, შეიწყნარე მოთმინება და სულგრძელება. უფრო მეტად და მეტად გაძლიერდი, ჩემო დაიკო, გასაჭირებში, რამეთუ ნელ-ნელა წავალთ აქედან. გაზაფხული ახლოვდება, მწუხარებების ზამთარი ნელ-ნელა განქარდება და იმ ბუდეებს, რომლებიც განუწყვეტელი განსაცდელებითა და ჭირით ავიშენეთ, მალე დავიმკვიდრებთ. იქ აღარავინ შემოგვედავება, აღარავის შეშურდება, აღარავინ შეგვაწუხებს და აღარავინ იძიებს შურს.
ეს ყველაფერი აქ დარჩება, ხოლო მზაკვარ და ვნებიან სხეულს, რომელიც გვმოსია და რომელსაც არ უნდა ღმერთის მცნებების დაცვა, აქ ჩამოვიძრობთ და დედამისთან დავტოვებთ, ჩვენ კი თავისუფალ ჰაერში მაღალმფრენი არწივებივით ზეციურ სავანეებს დავიმკვიდრებთ. თუმცა [მკვდრეთით] აღდგომის შემდეგ ისევ მივიღებთ ამ თიხის საბარგულს, მაგრამ აღარ იქნება შემაწუხებელი და დამძიმებული, არა სიამოვნებისმოყვარების ვნებით სავსე და მცონარე, არამედ ჩვენი უტკბილესი იესოს მიერ გაბრწყინებული, მზეზე უფრო გასხივოსნებული და მოელვარე, ეთერის განმანათლებელიც კი.
მცირე ყოფილა ამქვეყნიური ჭირი მომავალ გასამრჯელოსთან შედარებით. ასე რომ, ჩემო სულო, ჩემო გულო, ჩემო ერგინა, მოითმინე და შენს გასაჭირზე რომ მწერ, ყველანი ასე ვუდგებოდით წუთისოფლის ამაოებას, დიდი რამ გვეგონა, ახლა კი, როდესაც ჭეშმარიტება შევიმეცნეთ და ეს სიცრუე გავაცნობიერეთ, ღმერთი აღარ უყურებს ჩვენს შეცდომილ წარსულს, არამედ აწინდელს. ის ყველაფერი ერთი სუფთა აღსარებით აღიხოცება, საკმარისია, ჩვენი ცხოვრება ძალისაებრ ღმერთის მცნებებს მივუსადაგოთ.
მწერ: თუ თესალონიკში გამოხვალ, მეც ჩამოვალო. ამის თქმა არ შემიძლია, ჯერ ვიცოცხლოთ იქამდე. მაგრამ კარგადაც რომ ვიყოთ, მილტიადე ამის გამო მრავალ მიზეზს გამონახავს, რომ გული გატკინოს, ან მტერი შეეცდება დრტვინვაში ჩაგაგდოს.
უკეთესს გირჩევ: წერილით რაც გინდა მომწერე. მე მცირედით მეტი მესმის, ასე
მეტ შვებას მოგგვრი. რადგან, როდესაც [მთაწმიდის გარეთ] გავდივარ, ხალხი თავზე მესევა! ჭამასაც არ მაცლიან ხოლმე. დღედაღამ ვლაპარაკობ. ერთი მიდის და სხვა მოდის, განუწყვეტლივ. ამიტომ [გეუბნები], უკმაყოფილო დარჩები და ჯობია ამაზე ფიქრს თავი დაანებო-მეთქი. მხოლოდ წერილებითაც შევძლებთ ყველაფერს.
მწერ, ძმებს წერილი გაუგზავნეო. კი მაგრამ, თუ მასალა არ მექნება, როგორ ვიმუშაო? ჯერ კაცს სწავლა უნდა უნდოდეს, რომ მეც ვუთხრა რამე. თუ არა და, მი-ვედ-მოვედებით ტყუილად და ხეირი არ იქნება. ლეონარდოს უნდა, რომ მიმოწერა გვქონდეს, მაგრამ არ მეკითხება სულის, თავისი ცოდვების, თავისი შეცდომების შესახებ – როგორ გამოასწოროს, როგორ მოიქცეს, არამედ მხოლოდ „რას შვრები?“ და „როგორ ხარ?“. დანარჩენები ამასაც არ კითხულობენ. უფალი ხომ არ ამბობს, ილაპარაკე, როცა არ გეკითხებიანო, არამედ – მთხოვნელს მიეციო. ათასობით ადამიანი გვთხოვს [რჩევას] და მათ გამო ღმერთის წინაშე პასუხისმგებელი ვარ, ხოლო ვინც არ გვთხოვს, იმათ ლოცვა უფრო არგებს – ვილოცოთ, რომ შემეცნებაში მოვიდნენ, რის შემდეგაც დაიწყებენ შეკითხვას და ჩვენც ღმრთის მიერ მოცემულიდან ადვილად მივუგებთ სიხარულითა და სიყვარულით.
ოდიკის შესახებ მწერ. ეს ჩემთვის ძნელია, რადგან დღეს აღარ იშოვება, ეს კი იმიტომ, რომ ტაძრები [ხშირად] არ იკურთხება. ასე რომ, სხვაგან მოიძიოს. მე გარეთ არ გავდივარ და ხალხსაც არ ვიცნობ. თუმცა, თუ ვიშოვე, მოგწერთ.
წამალი მოვიდა, მაგრამ მომწერე რამდენი გადაიხადეს და შევაგროვებ ფულს. ორმოცი წირვისთვის დანარჩენიც გამოაგზავნე. ზედაშე — მღვდელს ეშინია წყალი არ ჰქონდეს გარეული და ამიტომ არ აიღო, ამიტომაც მე დავლიე თქვენს სადღეგრძელოდ და „მოვიხსენე დღეთა პირველთა“ და „ღამე გულითა ჩემითა ვზრუნვედ და ვთქვი: „ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა“. ყველაფერი სიზმარი იყო და განქარდა, ბუშტი იყო და გასკდა, ობობას ქსელი იყო და დაირღვა.
ყველაფერი ადამიანური, რაც სიკვდილის შემდეგ აღარ იარსებებს, ამაოებაა: არც სიმდიდრე რჩება, არც დიდება რჩება. მოვა სიკვდილი და ყველაფერს გააქრობს. ვაი, როგორ შორს ვართ გადასახლებულები და არ გვსურს ამის გაცნობიერება! რა სიმაღ-ლიდან გადმოვვარდით და არ გვსურს ამის გაცნობიერება! არამედ განზრახ ჯიუტად ვიყრუებთ თავს და თვალებს ვხუჭავთ, ნებით ვიბრმავებთ თავს, რათა ჭეშმარიტება არ დავინახოთ. ვაი ჩვენდა, რომ აქაური ბნელი ნათელი გვგონია, ხოლო იქაურ ნათელს თავს ვარიდებთ მცირე სიამოვნების გამო და სხეულის იმ მცირე შეჭირვების გამო, რომელსაც იქაური განსვენებისთვის განვიცდით. ვაი ჩვენს სისაწყლეს, რომ ღმერთი მოგვიწოდებს მისი შვილები გავხდეთ, ხოლო ჩვენ ბნელეთის შვილები ვხდებით მცირეოდენი თაფლისთვის. დაუსრულებელ საუკუნეებს ვთმობთ პატარა სიამოვნებისთვის, ან პატარა დიდებისთვის, ან პატარა განცხრომისთვის, ან სხვა რამ ხანმოკლე სიამოვნებისთვის. ამიტომაც ნეტარია ის, ვინც ამ ამაო საცდურს მიუხვდა და თავს იკავებს მცირე თაფლის სიამოვნებისგან, რამეთუ იქაური მარადიული სიკეთეების დამკვიდრებას მოელის.
შენ კი, დაო ჩემო, კარგო და საყვარელო, ბავშვობიდან ღმრთის მიერ გამორჩეულო, გაისარჯე იმისთვის, რომ სარძლო შესამოსელი განაშვენო და დღედაღამ ევედრე უფალს, რომ წარსული შეგინდოს და ზეგარდამო ძალა მოგანიჭოს, რათა მისი წმიდა და საღმრთო მცნებები დაიცვა, ხოლო [ამქვეყნიდან გასვლის დროს] კარგად მონა-ნული შეგიწყნაროს და მართალთა თანა დაგაწესოს. იქ კი ერთმანეთით დავტკბებით გაუძღომლად.
რამდენიმე დღის წინ ავად ვიყავი, მაგრამ ისევ გამიარა. თუ ნახავ, ლოცვა-კურთხევა გადაეცი და-ძმასა და დედას, მამიდასა და ნათესავებს.
მთელი სულით ვლოცულობ თქვენთვის,
ყველაზე უარესი თქვენი მლოცველი, მონ. იოსები
შენც ილოცე ჩემთვის ჩემი საყვარელი ლოცვებით, რათა უფალმა დამიცვას.
„ნეტავ ეშმაკეულებს იესოს ლოცვის თქმა თუ შეუძლიათ?“
როცა ნეა სკიტში ვცხოვრობდი და ჩემი მოძღვარი მამა იოსები ცოცხალი იყო, ჩვენთან ერთი ეშმაკეული ახალგაზრდა მოვიდა.
ჩემი მოძღვარი გულმოწყალების გამო იღებდა ამ უბედურებს. ისინი, რამდენ ხანსაც უნდოდათ, რჩებოდნენ, შემდეგ კი თვითონვე მიდიოდნენ. მათ არ შეუძლიათ ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა. ყველა, ვინც ღვთისგან შინაგანად ნუგეშს ვერ გრძნობს, ამას ადგილისა და ადამიანების გარემოცვის შეცვლაში ეძებს.
ამ ახალგაზრდას როსკიპი ქალის ეშმაკი ჰყავდა. როცა ბოროტი იპყრობდა, მისი ხმა მეძავი ქალის ხმით იცვლებოდა და ისეთ რამეს ლაპარაკობდა, მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, „საძაგელ არს სიტყუადცა“ (ეფეს. 5, 12). ხელობით ის მეკასრე იყო. არ ვასახელებთ მის ვინაობას. ჩვენს ძმობაში მან საკმაოდ დიდხანს დაჰყო. შრომის საათებში ის მოდიოდა და, როგორც შეეძლო, გვეხმარებოდა. მესამე დღეს მეუბნება:
– მამაო, მეც ხომ არ მასწავლიდი ბეჭდების გაკეთებას? კასრების დამზადება მძიმე სამუშაოა. გარდა ამისა, ესეც, ჩემ შიგნით რომ მყავს, მუდმივად მტანჯავს.
ღმერთმა გვაკურთხოს. გასწავლი, ძმაო! აი, ასე უნდა გააკეთო. იარაღები აქ არის, ხის მონაჭრები – იქ, ნიმუშებიც წინ გიწყვია. ამ მაგიდაზე იმუშავებ. ოღონდ, როგორც ხედავ, აქ, ჩვენს კრებულში, მამები არ ლაპარაკობენ, მხოლოდ გამუდმებით ლოცულობენ.
ამის თქმით მსურდა, შეძლებისამებრ თავიდან ამეცილებინა უქმადმეტყველება და ლოცვის დროს გონებაგაფანტულობა. მაგრამ იმ წუთას კიდევ ერთმა აზრმა გამიელვა გონებაში: „ნეტავ ეშმაკეულებს იესოს ლოცვის თქმა თუ შეუძლიათ?“ შევუდექით ხელსაქმეს და ლოცვას. რამდენიმე წუთიც არ გასულა, რომ ეშმაკი ბრაზით აენთო მასში. ხმა შეეცვალა, ყვირილი, ბილწსიტყვაობა, მუქარა და ლანძღვა-გინება დაიწყო:
– ხმა ჩაიწყვიტე, საძაგელო! – ყვიროდა შიგნიდან, – ხმა ჩაიწყვიტე! შეწყვიტე ეს ბუტბუტი! რას იმეორებ სულ ერთსა და იმავე სიტყვებს? მოეშვი ამ სიტყვებს. თავბრუ დამახვიე. კარგად ვარ შენში. რა გინდა, რატომ მაშფოთებ?
ბევრი ამის მსგავსი რამ ილაპარაკა. ეშმაკმა აწვალა ის და ბოლოს თავი დაანება...
– ხედავ, რა დღეში მაგდებს? – მეუბნება ის უბედური. – აი, სულ ამ ყოფაში ვარ.
– მოითმინე, ძმაო, – ვეუბნები, – მოითმინე! ნუ მიაქცევ ყურადღებას. ეს შენი არაა, ნუ დარდობ. შენ ლოცვაზე იზრუნე.
დავამთავრეთ ხელსაქმე და მოძღვართან წავედით. გზაში მეუბნება:
მამაო, იქნებ ამისთვისაც მელოცა, შიგნით რომ მყავს, ღმერთმა ისიც რომ შეიწყალოს?
რამ ათქმევინა ეს იმ უბედურს! მაშინვე ეშმაკმა შეიპყრო, ზემოთ აიტაცა და ძირს დაახეთქა. არემარე შეზანზარდა. ეშმაკმა ხმა შეუცვალა და ყვირილი დაუწყო:
– ხმა ჩაიკმინდე, საძაგელო! ხმა ჩაიწყვიტე-მეთქი, გითხარი. ამას რას ამბობ? რა წყალობა? არ მინდა შეწყალება! არ მჭირდება წყალობა! არა! განა რა ჩავიდინე, შეწყალება რომ ვითხოვო? ღმერთი უსამართლოა! ერთი პატარა ცოდვის, მხოლოდ ამპარტავნების გამო გამომაძევა ჩემი დიდებიდან. ჩვენ უდანაშაულონი ვართ, ის არის დამნაშავე. მან შეინანოს! შორს ჩვენგან წყალობა!
ბოროტმა ის ძლიერ ტანჯა და ბოლოს ჩვარივით დააგდო. შემაძრწუნა ეშმაკის სიტყვებმა. რამდენიმე წუთში საკუთარი გამოცდილებით გავიგე ის, რის გაგებასაც ვერ შევძლებდი, ათასობით წიგნიც რომ მეკითხა ეშმაკებზე. მოძღვრისკენ გზა გავაგრძელეთ. მამა იოსები მას ყოველთვის დიდი სიყვარულით იღებდა და ესაუბრებოდა. მუდამ მშვიდი იყო მასთან. ის ბევრს ლოცულობდა ეშმაკეულებისთვის, რადგან იცოდა, დემონებისგან როგორ ტანჯვას ითმენდნენ. ჩვენ კი გვეუბნებოდა:
თუკი ჩვენ ასე ვიტანჯებით გულისსიტყვებისა და ვნებებისგან მაშინ, როცა ეშმაკები ჩვენ გარეთ არიან, წარმოიდგინეთ, როგორ ეწამებიან ის უბედურები, ვისაც დემონები დღედაღამ თავის თავში ჰყავთ! – სიბრალულით თავს აქნევდა და დასძენდა: ალბათ, ისინი ჯოჯოხეთს აქვე გადიან. მაგრამ ვაი მათ, ვინც არ შეინანებს, რომ ღმერთმა ისინი ამ ცხოვრებაშივე ამა თუ იმ გზით მოწყალებით განსწავლოს! ის ერთი წმინდანის ნათქვამს იხსენებდა: „თუ ხედავ, რომ კაცი აშკარად ცოდავს, არ ინანიებს და მთელი ცხოვრება არავითარი მწუხარება არ შეემთხვევა სიკვდილის წუთამდე, იცოდე, რომ სამსჯავროზე, განკითხვის ჟამს, წყალობის გარეშე დარჩება“.
მოძღვრის ასეთი სიტყვების შემდეგ ჩვენ უფრო მეტი თანაგრძნობით ვუყურებდით განსაცდელში მყოფ ძმას.
ის ლოცვაზე დასასწრებად მამებთან ერთად ეკლესიაში არ შედიოდა, გარეთ, კლდეებზე დაეხეტებოდა სკვნილით ხელში და ხმამაღლა გამუდმებით იმეორებდა ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" არემარე კი ექოს აძლევდა.
მან გამოსცადა, თუ როგორ წვავს ლოცვა ეშმაკს. კლდეებზე ხეტიალისას ის განუწყვეტლივ ამბობდა ლოცვას. მოულოდნელად მისი ხმა იცვლებოდა და დემონი იწყებდა:
ხმა ჩაიწყვიტე, გითხარი, ხმა ჩაიწყვიტე! მახრჩობ! რას დაძრწი აქ, გარეთ, კლდეებზე და ბუტბუტებ? შედი სხვებთან ერთად ტაძარში და შეწყვიტე ბუტბუტი. რას იმეორებ დაუსრულებლად დღედაღამ ერთსა და იმავეს და წუთით არ მაძლევ მოსვენებას? თავბრუ დამახვიე. დამმდუღრე, მწვავ – არ გესმის?
განსაცდელი როცა ჩაივლიდა, ის ისევ სკვნილზე ლოცულობდა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ მან ძალიან კარგად გაიგო ის, რაც ეშმაკს ეგონა, რომ ვერ გაიგებდა. სულიერ ტკივილთან ერთად იმედიც გვეძლეოდა, როცა ვუყურებდით, თუ როგორ იტანჯებოდა, იბრძოდა და ითმენდა ეს ადამიანი. გარკვეულ ხანს დარჩა ჩვენთან და როცა წავიდა, გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს. ის აღარასოდეს გვინახავს. ღმერთმა უწყის, რით დამთავრდა ეს ყველაფერი.
ხედავთ ლოცვის ძალასა და ეშმაკების მოუნანიებლობას? ცეცხლში იწვიან და ყვირიან: „არ გვინდა შეწყალება!“ თან განუწყვეტლივ ღმერთს განიკითხავენ. ჰოი, ლუციფერული ამპარტავნება! მაშ, რით განსხვავდება ეშმაკისგან ქედმაღალი და სრულიად უნანელი ადამიანი? ის, ვისაც არ სურს ქრისტე ღმერთად და კაცად აღიაროს და მისგან წყალობა და შეწყალება ითხოვოს!
ახლა გესმით ლოცვის ძალიან ღრმა აზრი? როგორ ცხადყოფს ის, თუ ვინ არის ქრისტესთან ახლოს და ვინ შორს?
თემა: ლოცვა, ეშმაკი, დემონი, იესოს ლოცვაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
მდუმარების, უქმადმეტყველებისა და კადნიერების შესახებ
თავი აიძულეთ, რომ მდუმარება დაიცვათ. ესაა ყველა სათნოების მშობელი. დადუმდით, რომ ილოცოთ. მოლაპარაკე ადამიანი განა შეძლებს თავი დააღწიოს უქმადმეტყველებას, რომელიც შობს სულის დამამძიმებელ ბოროტ სიტყვებს? თითოეულ ასეთ სიტყვაზე ადამიანი პასუხს აგებს.
მუშაობის დროს საუბარს მოერიდეთ. მხოლოდ ერთი-ორი მოზომილი სიტყვა თქვით, ისიც, როცა საჭიროა. ხელებმა ხორცისთვის იშრომონ, გონებამ კი ქრისტეს უტკბესი სახელი იმეოროს, რომ უზრუნველვყოთ სულის მოთხოვნილება, რომელსაც წუთითაც არ უნდა ვივიწყებდეთ.
2. შვილო, ჩემზე ნუ დარდობ, არამედ იღვაწე მხურვალედ. იღვაწე მდუმარებით, ლოცვითა და გლოვით და საუკუნო ცხოვრების საფუძველს მიაგნებ. აიძულე თავი. სიხარულსა თუ მწუხარებაში პირი დაიხშე. ეს გამოცდილების ნიშანია და ორივე მდგომარეობაში უსაფრთხოებას შეინარჩუნებ. ლაპარაკით კი საუნჯეს ვერ დაიცავ.
მდუმარება ყველაზე დიდი და ნაყოფიერი სათნოებაა. ღმერთშემოსილმა მამებმა მას უცოდველობა უწოდეს. მდუმარება იგივეა, რაც დაყუდება.
მდუმარების პირველი ღვთაებრივი ნაყოფია გლოვა – ღვთისმიერი მწუხარება – სიხარულნარევი სევდა. შემდგომ მოდის ნათელი გულისსიტყვები, რომლებსაც თან სდევს მაცოცხლებელი ცრემლების წმინდა ნაკადული, ამით სული მეორედ ინათლება და განიწმინდება, ბრწყინავს და ანგელოზებს ემსგავსება.
იესოს შვილო, რა ადგილი მივუჩინო სულიერ ხედვას, რომლის სათავეც მდუმარებაა? აგვეხილება გონების თვალი და თაფლზე უტკბეს იესოს ვიხილავთ! სჯულიერი მდუმარება და ყურადღებიანი გონება ახალ სასწაულებს აღმოაცენებს! შენ ეს იცი.
მაშ, იბრძოლე. მცირედი გაგიმხილე, თავი აიძულე და უფრო მეტს იპოვი. ვლოცულობ შენთვის, როგორც დაგპირდი. ნეტავ მზად თუ ხარ?
3. ბევრს ნუ ილაპარაკებ, შვილო, რადგან მრავლისმეტყველება შენს სულს საღვთო შურს უკარგავს. შეიყვარე მდუმარება – ყველა სათნოების მშობელი. ის სულს ისე შემოზღუდავს, რომ მას ეშმაკის ბოროტება ვეღარ შეეხება.
„უმჯობეს არს გარდამოჭრა სიმაღლისაგან, ვიდრეღა დაცემა ენისაგან“. ენა ყველაზე დიდ ზიანს აყენებს ადამიანს.
4. ვერ ვცხონდებით, თუკი ცხოვრების დღეებს უქმადმეტყველებაში გავატარებთ, ან დაუდევრად ვიცხოვრებთ. ენას და გონებას გაუფრთხილდით, რადგან მათი დაცვა სულს ღვთიური ნათლით აღავსებს. ვინც საკუთარ ენას ლაგამს არ ამოსდებს, მის სულში უწმინდურება დაგროვდება.
5. დადუმდით. მდუმარება ყველაზე დიდი სათნოებაა. თუ გსურთ, რომ თქვენმა ლოცვამ ცრემლისა და მადლის საშუალებით ღვთის წინაშე კადნიერება შეიძინოს, მოერიდეთ უქმ სიტყვებსა და სიცილს.
უფრთხილდით ვნებიან გულისსიტყვებს, რომელთაც წარმოსახვები მოსდევს. გამოჩენისთანავე განდევნეთ ისინი, რადგან მათი შეწყნარება საფრთხეში ჩაგაგდებთ – უბადრუკი სულის სიკვდილს მოგიტანთ.
იესოს ლოცვა დაბეჯითებით, მოშურნეობით, მგზნებარედ, გამუდმებით იმეორეთ. მხოლოდ ასე გაძლიერდებით სულიერად. ნებისმიერი მსხვერპლის ფასად მოერიდეთ უქმ სიტყვებს, რადგან ისინი აუძლურებენ და ბრძოლის უნარს უკარგავენ სულს.
სულიერი სარგებლის მოპოვების დროა და არა ქარაფშუტობის. ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ ძილისგან ისევ გამოვიღვიძებთ? ამიტომ, ვაიძულოთ თავი.
6. როცა ვინმე დუმს, მას ლოცვისა და გონების მოკრების დრო და საშუალება ეძლევა, ხოლო როცა უყურადღებოდ ატარებს საათებს, ლოცვისთვის დრო აღარ რჩება, დაუდევარი საუბრები კი სხვადასხვა ცოდვას შეჰმატებს. ამიტომ უწოდეს წმინდა მამებმა მდუმარებას სათნოებათა მწვერვალი, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ადამიანის სულში რაიმე სხვა სათნოება დამკვიდრდეს.
მაშ ასე, მდუმარება, ლოცვა, მორჩილება. როცა, ღვთის შეწევნით, ამ სათნოებებს შეიძენ, შენი სული ქრისტეს ნათელს შეიცნობს.
7. სიტყვები კეთილგონიერებით წარმოთქვი, ჯერ დაფიქრდი და შემდეგ ილაპარაკე. ენას ნუ მისცემ უფლებას წინ გაგისწროს, სანამ სათქმელს მოიფიქრებდე.
ნუ გათამამდები, შვილო, უკეთურ კადნიერებას ბევრი ბოროტება მოსდევს. გაექეცი მას, როგორც ცეცხლს და შხამიან გველს!
8. მოერიდე კადნიერებას და უჯერო სიტყვებს, რაც ფიტავს ადამიანის სულს; მდუმარება, სიმშვიდე და ლოცვა კი, პირიქით, სულს ზეციური ცვრითა და ტკბილი გლოვით აღავსებს.
მოიძულე უქმადმეტყველება, როგორც ყინვისა და გვალვის მშობელი, რადგან ის თვალში ცრემლს დაგვიშრობს და სულს დაგვიჭკნობს.
9. მოთმინება, სიმდაბლე და სიყვარული იქონიე, შვილო. დაიცავი ენა, რადგან როცა ადამიანს ენა ამარცხებს, ის დაუოკებელ ბოროტებად იქცევა მისთვის, სხვებსაც ჩაითრევს თავის დინებაში და ცოდვის უფსკრულში გადაჩეხს.
ჰო, შვილო, დაიცავი პირი, რომ გულიც წმინდად დაიცვა. სუფთა გულში უფალი მოდის და იქ მკვიდრდება. მაშინ გული ღვთის ტაძრად იქცევა, ანგელოზებს კი უხარიათ იქ დავანება!
ბილწი გულისსიტყვები შერისხე და ლოცვით განდევნე. ლოცვა ცეცხლია, რომელიც წვავს და დევნის ეშმაკებს.
10. გაუფრთხილდი ენას, უფრო კი – შენს გონებას. არ მისცე უფლება ბოროტ აზრებს, რომ საუბარი გაგიბან. ნუ იტყვი ისეთ სიტყვას, რომელმაც, შესაძლოა, შენს ძმას ჭრილობა მიაყენოს.
კეთილსურნელოვანი სიტყვები წარმოთქვი – ნუგეშის, სიმხნევისა და სასოების სიტყვები. ადამიანის სიტყვებიდან მისი შინაგანი ბუნება, შინაგანი კაცი ჩანს.
11. შვილო, რამდენადაც ძალა შეგწევს, იბრძოლე თავის იძულებისთვის. ყველაფერში აიძულე თავი, განსაკუთრებით კი მდუმარებასა და ცრემლიან გლოვაში! როცა გულისხმისყოფით დუმილი ცრემლით განმტკიცდება, მაშინ დაიდება მონაზვნობის საძირკვლის ქვა, რომელზეც მომავალში საიმედო სახლი აიგება. იქ კი სული ნუგეშსა და სიხარულს იპოვის.
თუ მდუმარებას არ ვიმარხავთ, ეს სულის ცუდი მომავლის ნიშანია, რადგან რასაც მოიხვეჭს, მაშინვე განაბნევს. მონაზონი, რომელიც ენას თავისუფლებას აძლევს, ყველაფერში მოუწესრიგებელია. ამიტომ, შვილო, ყოველმხრივ აიძულე თავი, რადგან კარგი დასაწყისი საქებარია, უდები – გასაკიცხი, მისი ბოლო კი სავალალოა.
მდუმარებისას გვეძლევა დრო შინაგანი და ღვთის ნების მაუწყებელი ლოცვისთვის, ნათელი აზროვნებისთვის, რაც გონებასა და გულს გაასხივოსნებს.
[3] წერილი ერგინას
წმიდა მთა, 16 დეკემბერი, 1932 წ.
ჩემო საყვარელო ქრისტესმიერო დაო ერგინა, ჩემი სულის სამკაულო, ჩემო ჭეშმარიტო ქრისტესმიერო შვილო, იცოცხლე.
დღეს მივიღე შენი ეპისტოლე, სავსე სიყვარულითა და კრძალულებით, სიბრძნითა და გონივრულობით, შემეცნებითა და სიმდაბლით, და განვიპყრენ ხელნი ჩემი უფლისა მიმართ მხურვალე სიყვარულითა და სულით, ჩემი მდაბალი გულის საიდუმლო ხმა შევწირე უფალს: „შეისმინე“, – ვუთხარი, – „ტკბილო სიყვარულო, იესო მაცხოვარო ჩემო, ნათელო, ყველა ნათელზე უნათლესო, იმედო და ნუგეშო ჩემო, ძალო და სიმტკიცეო ჩემო, სიყვარულო და განათლებაო ჩემო. შეისმინე და გაუგზავნე ჩემს დას შენი ნუგეშის ნათელი და განხეთქე მოქლონნი და კლიტენი მისი ნატანჯი და დამძიმებული სულისა და ელვითა ბრწყინვალებისა შენისათა ანუგეშე მისი გული, რათა შემცირდეს მისი გასაჭირი და განსაცდელებით გამოწვეული დაუსრულებელი მწუხარება. ჰე, ჩემო ტკბილო ქრისტე, ნათელო, ყველა ნათელზე უნათლესო, რომელიც განანათლებ გულსა და თირკმელთა, სულსა და სხეულს, ნერვებსა და ძვლებს. თმებსა და ფრჩხილებს, გონებასა და აზროვნებას და ჩვენი სამკვიდრებლის მთელ შემადგენლობას.
ეს და სხვა მრავალი – ჩემი შენდამი სიყვარულის ნიშანი – შევღაღადე ჩემს მეუფესა და უფალს, რამეთუ არ მავიწყდება ბავშვობიდანვე შენი მრავალი და უთვალავი მწუხარება. ამის გამო უზომოდ მიყვარხარ და ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს შორის შენ გაძლევ უმეტეს სიყვარულს, რადგან ჩემი სიყვარულის პირველნაშობი შენ ხარ.
შენ კი მხოლოდ ერთს გთხოვ, ჩემი შენდამი ესოდენი სიყვარულის სანაცვლოდ მოთმინება ოდნავ გაზარდე და მჯერა ჩემი შემყვარებელი იესოსი, რომ ყველაფერს, რასაც სთხოვ, გადაჭარბებით შეგისრულებს უფალი. სულის მშვიდობასაც პოვებ და უდაბნოებასაც და მდუმარებასაც, და სახლსაც მისცემ და ყველაფერს, რაც კი უმჯო-ბესია ჩვენი საწყალი სულისთვის, მოგანიჭებს უფალი.
შენი საქმეა ცრემლით ეძიო, ხოლო როგორ – უფალმა იცის. იყოს მისი წმიდა ნება, და არა ჩვენი. რადგან ერთხელ მიხვდი, რომ უფალს შესცოდე, [კმარა,] იარებს ჭრილობებს ნუ დაუმატებ. კიდევ რომ დაეცე, როგორც ადამიანი, გულს ნუ გაიტეხ, საკუთარ თავის მიმართ სასოს ნუ წარიკვეთ. ვინც პეტრეს უთხრა, დამნაშავეს დღეში სამოცდაათჯერ შვიდგზის აპატიეო, ნუთუ თვითონ არ გვაპატიებს, ასეთი კაცთმოყვარე უფალი?
მილტიადეს შეეშვი – როგორც უნდა, ისე მოიქცეს: გაუგზავნოს თავის მშობლებს. თქვი, რომ მოწყალება გაეცი, ამიტომაც იმას, რასაც სხვას მისცემდი, ნუღარ მისცემ. სხვის მიმართ სხვა ქველისმოქმედებას ნუ იზამ. ესეც საკმარისია.
საკუთარ ნება-სურვილზე უარი თქვი, რათა სულის სიმშვიდე მოიპოვო. ადამიანის ნება-სურვილი ხომ [ღმერთსა და ადამიანს შორის] სპილენძის კედელია და [ღმრთის-მიერ] განათლებასა და მშვიდობას აბრკოლებს. ტკბილი იესოს მაგალითს დაუკვირდი, რომელიც თავისი დაუსაბამო მამის მორჩილი დარჩა ჯვარამდე, ჯვარზე სიკვდილამდე. თავისი სხეული გასამათრახებლად მისცა, ღაწვები – სილის გასარტყმელად, ხოლო სახე ნერწყვა-ფურთხებას არ აარიდა. ხედავ, ჩემო დაიკო, რაოდენი სიყვარული გვიჩვენა ტკბილმა უფალმა?
ასე რომ, ჩემი სულის სამკაულო, ჩვენც უარი ვთქვათ ჩვენს ნება-სურვილზე. ჩვენ მიმართ დამნაშავეებსაც ვაპატიოთ და მაშინ კადნიერებით შევძლებთ თქმას: „მოგვი-ტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევეთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. ყველანი ადამიანები ვართ, მიწიდან შექმნილები და ყველანი ვცოდავთ. თიხა ვართ და გვავიწყდება. თიხა თიხას ჰპარავს, თიხა თიხას ლანძღავს, თიხა თიხას ცილს სწამებს, თიხა თიხაზე თავს იმაღლებს, თიხა თიხას ამდიდრებს, თიხა თიხაზე უფ-როსობს, თიხა თიხას სცემს, თიხა თიხას ციხეში ამწყვდევს. ზოგადად, თიხა თვლის, რომ თიხაზე ბრძენი, ძლიერი, მდიდარი, კეთილშობილი, პატიოსანია, რადგან თავისი არსების უმეცარი და უგნურია – არ იცის, საიდან სად აღმოჩნდა, როგორ დაიბადა, რა დანიშნულება აქვს, სად დაასრულებს ყველაფერს, რა ელის შემდეგ. რადგან ეს ყველაფერი დავიწყებამ და უმეცრებამ ჩანთქა და [სულიერი] უგრძნობლობის ქაოსში ჩავცვივდით, ამიტომაც სააქაოშიც ვიტანჯებით და საიქიოშიც.
შესაბამისად, ვინც უკეთ ხედავს და ნაკლებად დაბნელებულია, უნდა აპატიოს და თანაუგრძნოს ერთსულ, ერთარსება მოყვასს, თავის ძმობილს. ღმერთს ხომ კაცი თავ-დაპირველად იმისთვის არ შეუქმნია, რომ ასე იტანჯოს და იწვალოს, არამედ ანგე-ლოზთა მსგავსად შექმნა, ოდნავ განსხვავდებოდა ანგელოზებისგან. ედემის სამოთხეც რომ შექმნა, სწორედ კაცი დაადგინა იქაურ მეფედ, რათა თავისი ნებით, არჩევნითა და თვით ხელმწიფებით წარემართა [თავისი ცხოვრება], ხოლო შეზღუდული მხოლოდ ერთი მცნებით იყო, ესეც, რათა გამოჩენილიყო, რომ სხვის, აღმატებულის მიერ იმართება. ის კი ეშმაკმა შეაცდინა და ღმერთის თანასწორობა მოანდომა, რის გამოც სამოთხიდან გამოაძევეს და ამ გადასახლებაში ამოყო თავი, სადაც ტკივილი და ეკალ-ბარდის მომკა განუწესა ღმერთმა მთელი ცხოვრება.
რა არის ეს ეკალბარდი და სარეველა, თუ არა ერთიმეორეს მიყოლებული გან-საცდელები და ყოველდღიური მწუხარებები, რომლებსაც ხან ეშმაკები მოგვაწევენ, ხან გახრწნილი ადამიანები, ხან ჩვენივე უბადრუკი ბუნება, რომელსაც ცუდი ჩვევე-ბის გამო ბოროტება აქვს გამჯდარი? სწორედ ეს უკანასკნელი გვაგდებს უფრო მეტ მტკივნეულ საფრთხეებში, ვიდრე სხვა მტრები. ღმერთის წყალობა დროულად რომ არ გვეწეოდეს, წარვწყმდებოდით. ეს ყველაფერი როდემდე გვეუფლება? – მანამო, – ამბობს „მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი“. ასეთი ზღვარი დაუწესა კაცთმოყვარე ღმერთმა ჩვენს ჭირსა და ვაებას.
მაშ, რას ეძიებ, ჩემო კარგო დაიკო? სად იპოვი ადგილს, რომელიც ეკალს და სარეველას არ აღმოგვიცენებს? სად არის გზა, რომელიც ასცდება ღმერთის მკაცრ გა-ნაჩენს? აბა, მაჩვენე, სად არიან ის მეფეები, რომელთათვისაც ცოტა ხნის წინ მუსიკა უკრავდა და გემრიელად მიირთმევდნენ და მთელ მსოფლიოს აზანზარებდნენ? სადაა ახლა ის ყველაფერი? ეკალბარდმა დაფარა. სად არიან დიდებულები, რომლებიც ფუტკრებმა ცოცხლად შეჭამეს? აი, ეკალბარდი. მაშ, ვინ შეძლო თავი ეკალბარდისგან დაეღწია? არავინ, მხოლოდ სიკვდილმა.
ასე რომ, მოდი, ერთად დავიძახოთ სოლომონის სიტყვა: „ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა“, ნეტარია ის, ვინც ყველაფერი ბოლომდე, დიდი ძალისხმევის ხარ-ჯზე, მოითმინა, ყველაფერი უგულებელყო, სულგრძელებით შეამცირა ეკალბარდი და ამქვეყნად ზარალი განიცადა, რათა იმქვეყნად გამდიდრებულიყო.
ამიტომაც, ჩემო საყვარელო დაიკო, ჩემი სულის სულო, ჩემს ძვალთაგან ძვალო, შენც დაივიწყე შენი მართლობა და ნება-სურვილი, იმ დიდი სიყვარულის ხათრით, რომელიც შენ მიმართ მაქვს – სულს დავდებ შენთვის – და შეაუღლე მოთმინება და სულგრძელება, ხოლო სიყვარულით რომ გააზავებ, დაალევინე შენს მეუღლეს, კეთილ მილტიადეს, სიმდაბლისა და მორჩილების ჭიქით. იმედი მაქვს, რომ ისიც, შენი ლოცვით, ისეთი გახდება, როგორიც გინდა და ოცნებობ.
ჩემზე ლოცვა კი განაგრძე, როგორც მწერ, რათა უფალმა დამიფაროს, რადგან დიდ შეწევნას ვიღებ შენი დური, სულიერი, მოყვარული ლოცვების წყალობით. როდესაც დროს იხელთებ, ორმოცი წირვაც შეუკვეთე, რათა შენი სულის ტვირთმა მოიკლოს.
მწერ, ხატები შევუკვეთო, მაგრამ არ მწერ, რა ხატები, რომელი წმიდანები, რა ზომის. მომწერე და მივცემ, რომ დახატონ.
ეს-ესაა მივიღე კალათი. გავხსენი და მასში ხატების ზომები ვიპოვე. ასე რომ, დამშვიდდი, მაგრამ ცოტა მოითმინე. მივიღე შენი დური საჩუქრები. უბრალო საჩუქრები კი არა, არამედ სიყვარულის საჩუქრები, იმ დის საჩუქრები, რომელიც ბავშვობიდან იტანჯება, ამ მცირე ძღვნის ნაცვლად კი ზეცათა სასუფეველსა და მარადიულ შვება-განცხრომას მიიღებს. აჰ, ჩემი ბავშვობის საჭმელები რომ დავინახე, ჩემი სამშობლოს ნაყოფები, გავიხსენე ყრმობის წლები და ვთქვი: „ჰოი, ამაო სოფელო, როგორი უბედურიც იყავი, ისეთივე ხარ და ისეთივე დარჩები ბოლომდე! და როგორი ნეტარია ნეტართათვის მარადიული და დაუსრულებელი შვება“!
აჰ, დაიკო, ოდნავაც რომ გასინჯო იმ სიკეთეების გემო, რკინასავით გახდები მოთმინებაში. ასე რომ, ჩემო დაო, ყველაფრისთვის გმადლობ და მთელი სულით ვლოცულობ შენთვის.
ჩემი მდაბალი ლოცვა-სურვილები ყველა ჩემს [და-] ძმას გადაეცი, თუ ნახავ. დედას ფეხებს დავუკოცნი. მოვიკითხავ მილტიადეს და შენს შვილებს – დიონისესა და ბარბარეს — ვუსურვებ, რომ კარგი ბავშვები გახდნენ. რასაც მეკითხებოდი, დამიზუსტე: პატრაში ხსენებული ქალის ვაჟს ეკლესიაში არ იხსენებენ, რადგან თავი მოიკლა. ერთადერთი, შეუძლია მოწყალება გაიღოს მისთვის და დიდია უფალი, მისი მოწყალების სიღრმე უსასრულოა. თანაც, თუ უნდა, მეუდაბნოეებს გამოუგზავნოს [მოწყალება]. რომელთა ვედრებასაც უფალი ისმენს. ის ხომ ბევრ მონაზონს იცნობს, იმათ მისცეს, რომ დაარიგონ, ან მონაზონ დედებს. სხვა არაფრის გაკეთება შეიძლება.
მამიდის ქმარზე მეკითხები, რომელიც უნებლიედ მოკვდა – ის ახლით იყო. ეგ სხვა შემთხვევაა, რადგან სულიერი ცოდნა არ ჰქონდა. შეუძლიათ გააკეთონ, რაც უნდათ: ორმოცი წირვა შეუკვეთონ, ან პანაშვიდები.
იმ გოგოს შესახებ, ფიცი რომ დადო – ამ ფიცს ძალა არ აქვს, რადგან ღმერთის საწინააღმდეგოა. შესაბამისად, უნდა წავიდეს თავის სულიერ მოძღვართან – თუ ცოცხალია – და ნუ [...]
გამონათქვამთა კრებული მორჩილების შესახებ
1. რა დიდებულია იესო ქრისტეს მაგალითი! მამისადმი მორჩილებას იგი ჯვრისა და სიკვდილისკენ მიჰყავს. განა მამის თანაარსს შეწინააღმდეგება არ შეეძლო? მაგრამ არა, წმინდა გოლგოთისკენ მიაბიჯებს, ოფლს ღვრის და გზაზე ნების მოკვეთის სიმძიმისგან ტკივილით ჩაიმუხლავს. მაგრამ უნდა ავიდეს. მაღლა ადის, დიდებულ, დემონებისთვის შემაძრწუნებელ ჯვარზე მაღლდება და იქ, ზემოთ, სრულ, უკიდურეს მორჩილებას ავლენს და საუკუნო დიდების უჭკნობ გვირგვინს იდგამს.
სულის აღდგომა ასე მოიპოვება და არა ხან მორჩილებით, ხან კი ურჩობით და თვითნებობით. გვირგვინი ამგვარი ქცევით კი არა, სურვილის მსხვერპლად შეწირვით მოგვენიჭება. ყველა დაბრკოლება უნდა გადავლახოთ მტკიცე გულისსიტყვით, რომ მორჩილების მოვალეობის ღალატს სიკვდილი გვირჩევნია.
2. ქრისტეს მორჩილებით მარადიული ცხოვრება მოგვეცა, ადამის ურჩობით კი ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩავცვივდით. ჭეშმარიტად, მორჩილების გზა გოლგოთისკენ მიდის და მაღლდება. ეს გზა შრომას მოითხოვს, ოფლს დავღვრით და დავიღლებით, მაგრამ ვიფიქროთ, რომ აღდგომის შემდეგ სულის სიწმინდესა და ძეობას მოვიპოვებთ, ამ სიმდიდრით ტკბობა კი მიწიერ სიამეზე არ გაიცვლება. განა ამქვეყნიურზე ვლაპარაკობ? მთელი ქვეყნის ფასადაც კი ვერავინ შეიძენს სულიერი სიხარულის თუნდაც ერთ მისხალს იმ სულისგან, ვინც ჯერ გოლგოთაზე ავიდა და შემდეგ თავისი აღდგომა იხილა.
3. იესო ქრისტემ მოწაფეებს უთხრა: „რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა, და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყუვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა“ (ლუკ. 10, 16). ამრიგად, მღვდელმთავრები, მღვდლები, იღუმენები და მცირე კრებულთა მოძღვრები მოციქულთა მემკვიდრეები არიან. ვინც მათ ემორჩილება, იესო ქრისტეს ემორჩილება, ხოლო ვინც ეურჩება, ქრისტეს უარყოფს.
ვინაიდან იესო ქრისტეს მორჩილება გვსურს, მოძღვრის მორჩილების აღსრულება გვმართებს. ისე კი არა, რაც ხელსაყრელია, შევასრულოთ და რაც არ გვსურს, ვიურჩოთ. გეთსამანიის ბაღში იესო ქრისტემ ზეციერი მამისგან ითხოვა, ადამიანები სხვა გზით გამოხსნილიყვნენ, მაგრამ ზეციერმა მამამ ჯვრით გამოხსნა დაადგინა და მაშინ იესომ მიუგო: „არა ჩემი, არამედ შენი ნება იყოს, მამაო“ და „იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა“ (ფილიპ. 2, 8).
4. ღვთისმეტყველება ლოცვის შედეგია, ეს უკანასკნელი კი – სრული მორჩილებისა. რა თვისება და ნიჭიც არ უნდა ჰქონდეს მონაზონს, მორჩილების გარეშე მალე დაეკარგება. ნამდვილი მორჩილი სულიწმიდის ყველა ნიჭის მრავალ ნაყოფს გამოიღებს და მდიდარია აწ და უკუნისამდე.
5. ღვთის მადლმა რომ მოგვიხილოს, საჭიროა სწავლებას სრულად ვემორჩილებოდეთ. მოძღვრის ნებას საკუთარს ნუ დავურთავთ, რადგან ეს სულიერი მრუშობაა. მორჩილება დიდი გულწრფელობით უნდა მოვიმუშაკოთ, სხვაგვარად რაიმე წარმატებას მონაზვნურ გზაზე ვერ მივაღწევთ.
სიმდაბლე ის სათნოებაა, რომელიც ქრისტეს მიმბაძველი მორჩილების სრულად განხორციელებას სასწაულებრივად შეეწევა. და პირიქით, ეგოიზმი და ამპარტავნება მის მოპოვებას ეწინააღმდეგება.
6. მორჩილი მოვალეა, საკუთარ თავს მსხვერპლად სწირავდეს, თავისი მოძღვარი კი ძალიან უყვარდეს, რადგან ეს ერთობა მის სულს ბრძოლაში გააძლიერებს.
ვისაც მოძღვარი უყვარს და ემორჩილება, მას მოძღვრის ლოცვა-კურთხევა სულიერი ნაყოფის გარეშე არ დატოვებს. ის აუცილებლად ცხონდება და ღვთის უბრწყინვალეს საყდარს მიეახლება. ვინც მოძღვარს ამწარებს, ის მოგვიანებით საკუთარი სულის ნანგრევებზე იტირებს.
7. საშინელი და შემზარავია, როცა მოძღვარს აიძულებ, გააკეთოს ის, რაც მის სულს არ სურს, მაგრამ გსურს შენ. საშინელებაა. ეს მხოლოდ მან იცის, ვისაც პირადად გამოუცდია.
შენი სულიერი მამა და მოძღვარი ამქვეყნად ყველა ადამიანზე, მთელ მსოფლიოზე უფრო ძვირფასია!
ეშმაკმა ყველაზე უკეთ იცის, რას ნიშნავს მოძღვარი და მისი სრული მორჩილება.
8. არასოდეს გამოიკვლიო, რას აკეთებს მოძღვარი ან რატომ აკეთებს ამას თუ იმას. ნუ განიკითხავ მას, რადგან ამ დროს ანტიქრისტე ხდები! ცხოვრებაში არასოდეს მოითმინო, რომ შენი მოძღვარი ვინმემ შენ წინაშე განიკითხოს, უმალ შეეწინაღმდეგე, დაიფარე, დაიცავი იგი.
მოძღვრის „წინდაუხედაობას“ ქრისტე განუკითხველი და უზაკველი მორჩილების წყალობით გაასწორებს.
9. სატანისთვის უდიდესი წარმატებაა, თუკი შეძლებს მორჩილი დაარწმუნოს, რომ გულისსიტყვები დამალოს, მოძღვრის კურთხევის გარეშე რაიმე გააკეთოს, სულიერი მამის წინაშე ყველაფერი გულწრფელად არ აღიაროს. ასეთი მორჩილი საფუძვლად კეთილ საწყისს ვერასოდეს დადებს და ღვთის მადლის მიღებაში წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს, არამედ იჩანჩალებს, სანამ მისი სიცოცხლის საბრალო აღსასრულის ჟამი დადგება.
10. მორჩილებას მაშინ აქვს ფასი, როცა ნების მოკვეთა ტკივილითა და შრომით ხდება. რადგან ვნებიანი ჩვევები ეკლიან ფესვებს ჰგავს. მას, ვინც მათ ამოძირკვას მოისურვებს, ბუნებრივია, ეტკინება, ეკლებისგან ხელები დაეკაწრება და დაუსისხლიანდება. ასევე ხდება, როცა ცუდ ჩვევებს სულიერი მამის მორჩილების გამო აღმოვფხვრით.
11. მოძღვარს ან ძმას – მონაზონს ნუ აწყენინებ, რადგან ასეთ დროს სულის სიმშვიდეს მეყსეულად კარგავ, იესოს ლოცვას წყვეტ და გულისსიტყვებით ივსები. კურნება აღსარებაა, ცხარე ცრემლები და შენდობის გულწრფელად თხოვნა.
ფრთხილად იყავი! თუ მოძღვარზე რაიმე ბოროტი გულისსიტყვა გაქვს, გაფრთხილდი, რადგან ეშმაკი შეგმუსრავს და იოლად გაცდუნებს. გულისსიტყვები გამოასწორე, რომ მოძღვართან მიმართებაში არაფერი გაწუხებდეს.
12. ვაი, რომ დაწყევლილია, რასაც მორჩილი მოძღვრის კურთხევის გარეშე აკეთებს. ის ეშმაკს მიაქვს. ასე რომ, ჩვენ, მონაზვნებს, მხოლოდ მორჩილება გადაგვარჩენს.
13. მორჩილების აღმასრულებელი სიმშვიდის ნაყოფს გამოიღებს. მოძღვარი მის ნებას მოკვეთს, საყვედურს ეტყვის, მიუთითებს და როცა მორჩილი ყველაფერს მორჩილებით შეასრულებს, ძვირფას სიმშვიდეს მიიღებს. ერთი სიტყვით, კარგი მორჩილი, რომელიც მორჩილებას განუსჯელად აღასრულებს, ყველა სათნოებას მოიპოვებს. მაგრამ ვინც მოძღვარს ეპასუხება, ეკამათება, ეურჩება, ამპარტავნებს, ის საკუთარ სულს ძალიან აზიანებს, რადგან ღმერთს ამწუხრებს. უფალი დამდაბლდა, ეს კი – მიწიერი, საწყალობელი ადამიანი – თავს იმაღლებს.
14. სრული მორჩილი საზვერეებს არ გაივლის! მას არ ეშინია არც სიკვდილის, არც დემონების და არც ღმერთის, რადგან გულმხურვალედ ემსახურება მას. ნამდვილ მორჩილს მხოლოდ თავისი მოძღვრისადმი ურჩობა აშინებს, რადგან სულიერი მამა მისთვის ხილული ქრისტეა, მოძღვრის ურჩობა უმალვე გამოაძევებს მას სულიწმიდის მადლის სამოთხიდან, სადაც ანგელოზთასწორი მორჩილის მდაბალი სული უაღრესად ტკბება. სრული მორჩილი ღმერთკაცი ქრისტეს ჭეშმარიტი სახეა.
15. მორჩილი, რომელიც მოძღვარს ქრისტეს გამო ემორჩილება, ქრისტეს ყველა მცნების აღმასრულებელია. უდრტვინველი და განუსჯელი სრული მორჩილება ყველა საუფლო მცნების შესრულების მრავალგვარ ღვაწლს უტოლდება.
მას, ვინც მორჩილებას ღვთის სიყვარულისთვის აღასრულებს, ღმერთი შეიყვარებს. კარგ მორჩილში თვით წმინდა სამება დამკვიდრდება. ოჰ, რა დიდებულებაა დაფარული ამ სამგზის კურთხეულ მორჩილებაში! იგი მდაბალ, უმნიშვნელო, პატარა, შეუმჩნეველ მორჩილს წმინდა სამების სამკვიდრებლად, ქრისტეს ყველა მცნების აღმასრულებლად აქცევს, სამოთხეში შეჰყავს და ორმაგი გვირგვინითა და ღვთაებრივი ყელსაბამით შემკულს წმინდანთა შორის დაამკვიდრებს.
16. რა საოცარ თავისუფლებას გვანიჭებს საკუთარი ნების სრული მოკვეთა! როგორ სულიერ განსვენებას პოვებს მებრძოლი, მოსაგრე მორჩილი, რომელსაც საკუთარი ნება არ აქვს და მხოლოდ თავისი მოძღვრის ნებას აღასრულებს! ის ნეტარი სულიერი კეთილდღეობით, სიხარულით და სასოებით აღსავსე ცხოვრობს. მშვიდი და საოცარია მისი ცხოვრება, ვინაიდან იცის, რომ როგორც განუსვენებს მოძღვარს, მისი ლოცვით ისეთივე განსვენებას მიიღებს სამოთხეში.
ნეტარი და სამგზის ნეტარია ის მორჩილი, რომელმაც ყველაფერში მოიკვეთა საკუთარი განმხრწნელი ნება და ყველაფერს ინანიებს თავისი სულიერი მამის წინაშე. ის, ამ ცხოვრებაშივე სულიერად გაჯანსაღებული, ღვთის საშინელი საყდრის წინაშე გაბრწყინდება, როგორც ანგელოზი ანგელოზთა შორის.
17. მაშ, გიხაროდეს, მოასპარეზე მორჩილო, იმ დიდი მორჩილის მიმბაძველო, რომელიც იქმნა მორჩილ „ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა. ამისთვისცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზესთაესი უფროის ყოველთა სახელთასა" (ფილიპ. 2, 8-9), ხოლო შენ შენს ვნებებზე აგამაღლებს და უვნებობასა და თავის სიყვარულს მოგანიჭებს. მაშ, ქრისტესთვის საკუთარი ნების უარყოფით იბრძოლე და იმ ადამიანის დარიგებები შეასრულე, რომელმაც უფლისმიერ გიტვირთა მაშინ, როცა ღმერთს სიკვდილამდე სრული მორჩილება აღუთქვი.
ჰოი, მორჩილებავ, ყოველი მორწმუნის მხსნელო! ჰოი, მორჩილებავ, ყოველი სათნოების მშობელო! ჰოი, მორჩილებავ, ცათა განმღებელო და ადამიანთა მიწიდან ზეცად აღმყვანებელო! ჰოი, მორჩილებავ, ყოველთა წმინდათა საკვებო, რომლით მსაზრდოებელნიც სრულ იქმნენ! ჰოი, მორჩილებავ, ანგელოზთა თანამკვიდრო!
[35] წერილი ერგინას
წმიდა მთა, 5 მაისი, 1947 წ.
ჩემს საყვარელ და ნამდვილ დაიკოს, ჩემი სულის ნაწილს, ჩვენს საყვარელ და ერთსულ დიონისესთან ერთად, მადლი და წყალობა, სიბრძნე, განათლება, მშვიდობა და ბევრი სიყვარული და მუდმივი ჯანმრთელობა სულისა და ხორცისა იყავნ თქვენ თანა.
ჩემო საყვარელო ორეულო, ერგინა და დიონისე, აჰ... რა შემიძლია გითხრათ?! საიდან დავიწყო ჩემს დაზე ლაპარაკი? დაახლოებით ნახევარი წელიწადი გავიდა, რაც შენ მიერ დაწერილი ასოები არ მინახავს და განუწყვეტლივ დაგტირი და მოვთქვამ: „აჰ, ნეტავ კიდევ ვიხილავ მის სახეს? ნეტავ კიდევ გავიგებ სირინოზებზე უტკბეს მის ხმას? ნეტავ კიდევ ვიგემებ რამეს, რასაც მცირე ასაკიდან გვიგზავნიდა ხოლმე, რათა ჩემი სასა დაეტკბო?“ დავიწყოთ ჩვეული მცირე კამათი?
ამ ყველაფერზე ვფიქრობდი და უნუგეშოდ დავტიროდი ჩემს დაიკოს, რამეთუ მონაზვნის ნუგეში სხვა არაფერია, თუ არა ტირილი. გულის ნამეტნავია ის, რაც მოგწერე. ახლა კი შენგან გავიგე, რომ ცოცხალი ყოფილხარ, და ისევ ვტირი, რათა უფალმა განგანათლოს, სწორ გზაზე წაგიძღვეს მანამ, სანამ მოკვდები, შენ და ჩვენი საყვარელი შვილი დიონისე.
წავიკითხე, ჩემო საყვარელო და საწადელო სულო ერგინა, ყველაფერი, რაც მომწერე. ამანათიც მივიღე და ვადიდე ჩვენი უტკბილესი იესო, შენც ადიდე იგი იმისთვის, რომ ხელუხლებლად ჩამოაღწია, რამეთუ ორი დღის წინ კომუნისტებმა საფოსტო განყოფილება დაარბიეს და რაც კი რამ ნახეს, მოიპარეს. დღეს ისიც შევიტყვეთ, რომ გზაზე ისევ ბევრი მანქანა გაუჩერებიათ და ამანათები მოუპარავთ, ხოლო შენი ამანათათ, რადგან დიდი სიყვარულითაა მომზადებული და უფალსაც უყვარხარ, არ დაუშვა, რომ გული დაგწყვეტოდა. ამიტომაც. მადლობა გადავუხადოთ ღმერთს, მარადის და ყოველთვის, იმისთვის, რომ მუდამ ზრუნავს ჩვენზე და გვკვებავს სულიერადაც და ხორციელადაც, თავის ტკბილ დედიკოსთან ერთად, რომელიც ჩვენი სულების ერთადერთი სუნთქვა და სიცოცხლეა.
მწერ, ჩემო დაიკო, თუ რას ფიქრობს ჩვენი საყვარელი დიონისე და რომ მოგწონს, რომ ბარბარე ბრიენა გახდა... აჰ, ჩემო საყვარელო სულო, ერგინა! მაშ, რატომ არ წახვედი მარიამთან ერთად (რომელიც ამბობს, რომ წავიდა) ბარბარეს სიხარულის გასაზიარებლად? რატომ დასწყვიტე გული ჩვენს საყვარელ ბრიენას? ნუთუ ეს არ იყო ის საწადელი ჟამი, რომელსაც ეძიებდი, რომ იესოს სარძლოდ გენახა იგი?
აჰ, ჩემო დაიკო, უთვალავ ცრემლს ვღვრი. ახლაც კი ვერ ვჩერდები, რათა წერა განვაგრძო, ქაღალდიც კი, რომელზედაც გწერ, დავალტე [ცრემლებით]. ბარბარე ქორწინდებოდა, შენ კი – როგორ მოითმინე, როგორ გაუძლო შენმა სულმა, როგორ შეძელი შინ დარჩენილიყავი და მისი სიხარული არ გაგეზიარებინა?! ვტირი, აჰ, ვტირი, უნუგეშოდ. როგორ სხვანაირად ხედავ შენ და როგორ სხვანაირად – მე! როგორ ფიქრობ შენ და როგორ – მე! ცხოვრების რომელი სხვა წუთი იქნება ამაზე ამაღლებული, ამაზე გულის ამაჩუყებელი, როდესაც შენი პატარა საყვარელი ბარბარე გშორდება, რათა ქრისტეს რძალი გახდეს?! რომელ სულს შეუძლია ცრემლები შეიკავოს ამ საღმრთო განშორების დროს, როდესაც ყველა საკითხავი და საგალობელი იმას ღაღადებს, რომ უნდა განვეშოროთ მშობლებსა და ნათესავებს და შევერწყათ ჩვენს სიძეს, ჩვენს უტკბილეს იესოს?!
აჰ, გაოცებული ვარ, ვძრწი, მიკვირს, არ მესმის, როგორ, როგორ, ჩემი ასეთი კარგი, ასეთი საყვარელი ერგინა, როგორ გახდი ქვაზე უხეში?! ჩემი საყვარელი, ჩვენი ტკბილი ბარბარე, ჩვენი საწადელი გოგონაც, წარმომიდგენია, რამდენს იტირებდა! წარმომიდგენია, რა ცრემლები დაღვარა, რა ტკივილი განიცადა – მე ძლივს ვიკავებ თავს, მით უმეტეს, ის... ქაღალდზე დაწვეთებულმა ცრემლებმა დაგარწმუნოს.
თავის გარშემო ხედავდა დებს, სულიერ მოძღვარს და სულიერ დედას, აქეთ-იქით გეძებდა, რომ უკანასკნელად გადაეკოცნე, რამეთუ გშორდებოდა შენ, რომელმაც აღზარდე და ქრისტეს სარძლოდ მიუძღვანე. აყურადებდა კარის ხმას - იქნებ შენი ხმა გაეგო... ხშირად ტირის, ცრემლებს კი ჩუმად იწმენდს. ტკივილით იკრებს ძალისხმევას, რათა ქვითინის ხმა არ გამოსცეს, თავში იხშობს და მხოლოდ გონებრივად გოდებს, ზეციერ სიძეს უხმობს:
„სიძეო, უტკბილესო. სიძეო, გაუნათლე გონება ჩემს მშობელს, ჩემს აღმზრდელს, მასწავლებელს, მას, ვინც ამ წუთამდე მომიყვანა, ხოლო ახლა, როდესაც დადგა ჟამი შენს წიაღს გადმოაბაროს ჩემი თავი, მას ვერ ვხედავ ჩემ გვერდით. ჩემს აღსარებას არ ესწრება. ზეციდან ანგელოზები ჩამოვიდნენ და ყველაფერს იწერენ. ჩემი სულიერი მამა, რომელიც ქრისტეს ნაცვლად არის აქ, მომიხმობს, აღთქმები დავიცვა, ჩემი სულიერი დედა მე და მთელ ჩემს სიმძიმეს თავის თავზე იღებს, მე კი ვპასუხობ, რომ ღმერთის შეწევნით ყველაფერს დავიცავ. ჩემი სულიერი დები ყველანი აქ არიან მოწმეებად. ბიცოლა მარიამი ცრემლებით ადევნებს თვალუურს საიდუმლოს, მადლითა და სულიერი სიხარულით სავსე შემნატრის და ფიქრობს, თვითონ როდის გახდება ამის ღირსი. ნეტავ ჩემი ყოფილი დედიკო სადღაა, რომელმაც ამდენი იტანჯა, რომ მე ამ წუთამდე მოვეყვანე? იქნებ გზაში მანქანა გაუფუჭდათ? იქნებ დიონისემ დააგვიანა და მას ელოდა, რომ ერთად მოსულიყვნენ?
აჰ, უბედურო ბარბარა, აჰ, ჩემი სულის ნაწილო, აჰ, უტკბილესი იესოს სარძლოვ... რას იფიქრებდი, რომ, მიუხედავად ამდენი შრომისა, რომელიც შენმა ტკბილმა დედიკომ გასწია, ახლა, უკანასკნელ მომენტში, ეშმაკმა გაძარცვა და შენს სიხარულში არ მოვლენ!
აჰ, ჩემო დაიკო, ნამდვილად შესცოდე. დიონისესთან ერთად უნდა წასულიყავი და ბარბარეს საიდუმლოს უნდა დასწრებოდი, რომელიც უკვე ქრისტეს რძალი გახდა და ბრიენა ეწოდა, და აღარ არის შენი, არამედ ანგელოზთა სიაში ჩაეწერა.
მითხარი, ჩემო კეთილო და საყვარელო ერგინა, რატომ არის, რომ მე, პირიქით, ასე მიყვარს ისინი და რატომაა ჩემი სული მათზე გამოკიდებული? იმიტომ, რომ სხვანაირი [შენგან განსხვავებული] უწყება მაქვს და მათ წმიდანებად მივიჩნევ. არ გიფიქრია იმაზე, ჩემო დაიკო, რომ სწორედ ესაა ის, რაზეც ამდენი წელი ოცნებობდი? არ გიფიქრია, რომ იქნებ ტკბილმა იესომ თქვენი სახლი მოინახულა და თავისი ანგელოზი გამოაგზავნა იმისთვის, რომ ბარბარე წაეყვანა და თქვენს ძველ მოძღვართან გასძღოლოდა? არ გიფიქრია, რომ შენი სტუმართმოყვარეობის გამო, ამ მცირე სიკეთის გამო – მეც ხომ ვიყავი მეინახე ყოფილ ელენესა და კალიოპესთან, აწ იღუმენია ეფთიმიასთან ერთად - არ გიფიქრია-მეთქი, ვამბობ, რომ ამ მონაზვნური კრებულის სახით ზეციდან გასამრჯელო გამოგეგზავნა? არ გახსოვს, ამ სულიერ დებთან ერთად როგორ დავსხედით შენი სახლის გარეთ წმიდა პარასკევას ღამისთევის შემდეგ? არ გიფიქრია, რომ, რადგან ასე ძლიერ გიყვარდა ისინი, ტკბილმა იესომ გზა გაგიხსნა, რათა შენ და დიონისეც შეხვიდეთ იქ, სადაც პირველად ბრიენა შევიდა? ერთად გეყოლებოდა ორივე – დიონისე დიაკვანი და შემდეგ – მემკვიდრე გახდებოდა თქვენი სულიერი მამისა, რომელიც განუწყვეტლად ხელებს აღაპყრობს და თვალზე ცრემლით ღმერთს თქვენთვის შესთხოვს? ამას ელის, ამაზე ოცნებობს და ლოცულობს, რომ ასე მოხდეს. რადგან, თუ გინდა დიონისე შეიძინო, მხოლოდ ამ გზას გიხსნის ქრისტე. აჰ, აჰ, აჰ! ვინ მომცემს ცრემლთა ნაკადს თვალებისთვის და მგლოვარე ხმას, რათა მუდმივად დავტიროდე შენს დაუჯერებელ სულს მანამ, სანამ სულს არ დავლევ?
რასაც ეძებდი, ღმერთმა მოგცა. რაზეც ოცნებობდი, ახდა. მაშ, რატომ არ მიგყავს ბოლომდე? ზეციდან ანგელოზი გამოგეგზავნა, რათა გზა დაგისახოს და კარი გაგიხსნას. პირველად [შენი ასული], როგორც ქალწული ქალწულებთან ერთად შეიყვანა წმიდათა წმიდაში – რათა მოხუცებულობის ჟამს შენი მომვლელიც გახდეს და ადგილიც გაგიმზადოს, შენ კი თვლემ: გსურდა ზინობი და ზინობია გყოლოდა, მაშ, გყავდეს ბრიენა და ბრიენი – ეკლესიის მასწავლებელი და დიდი გონება, რომელიც საღმრთო აზრებსა და სიტყვებს აღმოაცენებდა,
აი, საკითხი როგორ მოგვარდება, აი, პრობლემა როგორ გადაიჭრება. ნუ ხარჯავ დღეებს არასწორი ფიქრით. ბრიენას ნუ განეშორები, ჩემს მართლაც საყვარელ გოგონას, რომელმაც სული დამიტკბო, გული გამიხარა, სული გამიმხიარულა. ღმერთმა ის შენს წინამორბედად გააგზავნა, რათა შენ, როგორც მზრუნველი დედა, უკან შეუდგე მეორე კაცთან, ჩვენ საყვარელ დიონისესთან ერთად თქვენი სულიერი მამის, პართენისა და იღუმენია ეფთიმიას სამწყსოში; რათა მადლი მიიღოთ და გავიხარო ხოლმე თქვენი ამბებით და სიხარულით ვთქვა: „აჰა, ესერა, რაიმე კეთილ, ანუ რაიმე შუენიერ, არამედ დამკვდრებად ძმათა და დედისა ერთად“, მაშინ დიონისე მონასტრის გარეთაც იქადაგებს მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, როგორც მისი წარმომადგენელი და მემკვიდრე, ხოლო შიგნით წირვა–ლოცვისას იმსახურებს, როგორც დიაკვანი. აი, დიდებულება, რომელსაც ეძიებ.
ერთი სიტყვით, გამიგონე და სწრაფად გაიქეცი, ენდე ჩემს ნათქვამს და მომწერე. ჰო, ჩემო დაიკო, მორჩი მოთქმას და წადი. სხვაგვარად, თუ არ გამიგონებ, არ შევწყვეტ შენზე ტირილსა და ვაებას, რადგან, ნუთუ არ იცი, რომ, დროს რაც მეტს წელავ, დიონისეს ცოლის მოყვანა უნდება?
თუ მაინც ქორწილს გადაწყვეტთ, რაღა გითხრათ? ევლამპი და ევლამპია თუ გინდა, იპოვე ვინმე ევლამპია და მასაც დიონისეს ნაცვლად ევლამპი დაარქვან ხელდასხმის დროს, თუმცა მერე ინანებ. რადგან ის, რასაც ეძებდი, მოგცა ღმერთმა, შენ კი უარყავი და არ მიგონებ მე, რომელსაც ასე მიყვარხარ და ვიტანჯები და ვგოდებ, რათა ცხონდეთ.
ჯობია მოვრჩე, რადგან დავიღალე. მოიკითხე დიონისე. მადლობა, რომ ყველი გამოგვიგზავნე. ახლა, რადგან მამა ანტონი აქ არის და წამოვა, მისწერე, რომ კიდევ ერთი-ორი [ყველი] გამოგიგზავნონ, მე ხელსაქმეს გამოგიგზავნი, გაყიდულის ფულით გადაუხდი, მამა ანტონი კი მოგვიტანს.
ხატებს რაც შეეხება, ჯერ დაანებე, რადგან ძალიან ძვირს ითხოვენ. მარიამს წერილი გადაეცი.
ვლოცულობ თქვენთვის მთელი სულითა და გულით.
ბოლოს და ბოლოს, ცდა მაინც ჩაატარეთ ერთი წლით და წადით ბრიენასთან სალოცავად. ნუ ატირებთ, მას ხომ ასე სწადია, რომ ერთად იყოთ.
ისევ მოგიკითხავთ,
მდაბალი მონ. იოსები
[34] წერილი მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა, 8 აპრილი, 1947 წ.
ჩემო საყვარელო შვილო, ჩემი სულის ნაწილო, ყოფილო ბარბარე და აწ ბრიენა. ტკბილხმოვანო ბულბულო, რომელიც საღმრთო დავითივით ქნარზე უკრავ წმიდად წმიდათა წმიდა და საღმრთო და ზეციურ მელოდიებს, რომლითაც იდიდება მამა, იხარებს ძე და განისვენებს სული წმიდა. მადლი მადლზე თქვენს კურთხეულ სულებს და შენს სულს.
ჩემო საყვარელო ასულო, გამახარე შენი სიტყვებით. მივიღე შენი წერილი და სიხარულით წავიკითხე, გამახვილებული გონებითა და თვალების ხედვითი ძალით გაფაციცებით ვეძებდი ახალ სახელს, ახალ ბრიენას, ახლა კი დაკმაყოფილდა ჩემი სულის წადილი და მოშუშდა ტკივილი, და ამიერიდან ჩემს დამაგვირგვინებელ და სამადლობელ ხმას აღვავლენ ყოველივე სიკეთის მომნიჭებელი და მარადიული ქველისმოქმედი უფლის მიმართ, რომელიც, როგორც ჭეშმარიტი და მზრუნველი მამა, აღასრულებს თავისი შვილების სურვილებს, თუკი მისთვის სათნონი არიან.
მტკიცედ გეპყრას, ჩემო საყვარელო. ბრიენა, საომარი აღჭურვილობა, რომლითაც შეიმოსე და მხნედ მოიმარჯვე ისრები მტრების მიმართ, რათა ერთი მიზანი გქონდეს, ერთს უმიზნებდე – არასდროს ეურჩო იღუმენიას. სჯობს ღმერთს აწყენინო, ვიდრე სულიერ დედას, რადგან, თუ ღმერთს აწყენინებ, სულიერი დედა გიშუამდგომლებს და ღმერთს შენთვის შეევედრება, ხოლო თუ მას აწყენინებ, ვინღა მოალბობს უფლის გულს?
მართლაც, დიდი საიდუმლოა მორჩილება! თვით ტკბილმა ჩვენმა იესომ ხომ პირველმა დაგვისახა ეს გზა და მაგალითი მოგვცა. მით უმეტეს, ჩვენ ვალდებულები ვართ მივბაძოთ.
ნეტავ მეც თქვენთან ვყოფილიყავი და ჩემთვის საყვარელი მორჩილებით მეცხოვრა, რამეთუ გულწრფელად ვაღიარებ, მთელი ჩემი ძალითა და სრული შეგნებით, რომ ცხონების სხვა გზა არ არსებობს, რომელიც ეშმაკის ცდომილებისა თუ მოქმედებისგან იყოს ისე დაზღვეული, როგორც მორჩილება. და თუ ვინმეს ნამდვილად სურს ცხონდეს და სწადია მალე იპოვოს ტკბილი იესო, ვალდებულია მორჩილება გასწიოს და ისეთი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეს იღუმენიას მიმართ, თითქოს თვით უფლის სახეს ხედავდეს, რადგან ეს კურთხეული ადამიანი თითოეული თქვენგანის გამო, რომელთა მიმრქმელიც ხდება, თითო უმძიმეს ჯაჭვს იდებს ქედზე და ძალიან ბევრი ლოცვა სჭირდება, რათა ტვირთი შეუმსუბუქდეს. მისი გულწრფელი სიყვარული გმართებთ. და არა ურჩობა. თქვენს ბაგეთაგან თაფლი და ამბროზია უნდა გამოდიოდეს, და არა შეპასუხება. უნდა დაკოცნოთ ხოლმე თვალებზე შეუშრობელი ცრემლებით, კი არ უნდა ეკამათოთ. თვალცრემლიანებივე უნდა სთხოვდეთ ღმრთისმშობელს, რომ სულისა და სხეულის ჯანმრთელობა მიანიჭოს, [და ნუ დაასნეულებთ] დავებითა და კინკლაობით.
რამეთუ თითოეული მწარე სიტყვა, რომელსაც განსაცდელის დროს ეტყვით - იმის გამო, რომ ბოროტი გველისგან მომდინარეობს – შხამივით ჩაენთხევა სულში და ჭკნება ისევე, როგორც პატარა ყვავილი სეტყვის ქვეშ, და ამიტომ აღარ შეუძლია ილოცოს, არც საკუთარი თავისთვის, არც თქვენთვის, მანამ, სანამ ტკივილი არ გაუვლის.
ხოლო როდესაც მორჩილებითა და სიყვარულით ცხოვრობთ, როგორც ვთქვით, მისი კეთილსურნელოვანი ყლორტი ყვავის და იზრდება, ლოცულობს და ნათლდება. რჩევას გაძლევთ და უფრო მეტი მიეცემა. ხდება დაუწყვედელი წყარო, რომელიც უფლისგან მიღებულ მადლს ყველა თქვენგანს უნაწილებს.
ერთი სიტყვით, ამაში გამიგონეთ და ეს ისწავლეთ. მიუხედავად იმისა, რომ მოძღვარიცა და იღუმენიაც ამას გეუბნებიან და ჩემი არაფერი გჭირდებათ, რადგან მეც, მდაბალს, მთხოვთ სიტყვას, მე კი მორჩილება ძალიან მიყვარს, ამიტომაც მონასავით გემორჩილებით და ვაკეთებ იმას, რასაც მიბრძანებთ. მოგვწერეო, მითხარით – გწერთ. ილოცეო ჩვენთვის – ვლოცულობ. მიყვარხართ და ამიტომაც გემორჩილებით. მეტყვით, გაჩერდიო – გავჩერდები.
ასე რომ, თქვენც თუ გიყვარვართ, როგორც ნამდვილი ძმა, მოძღვრითა და იღუმენიათი დაწყებული, ყველაზე უმცროსი დით დამთავრებული – ყველამ ილოცეთ ჩემთვის გულისტკივილით, გულწრფელი ქრისტესმიერი სიყვარულით, რათა უფალმა თქვენი ლოცვებით დამიფაროს. რამეთუ სრული რწმენა მაქვს თქვენდამი და ჩემი იესოსმიერი შეუორგულებელი სიყვარული, და ვიმედოვნებ, რომ თქვენი ლოცვებით შემიწყალებს, ამგვარად კი ჩვენზე აღესრულება სიტყვები: „ძმა ძმისაი, შემწე...“ და ა.შ.
თქვენ სახელებს არა მარტო პირად ლოცვაში ვიხსენიებ, არამედ კვეთაზე მივაწოდე, რომ მღვდელმა მოგიხსენოთ. ჩვენ აქ ხშირად გვაქვს წირვები. ყველა დღესასწაულზე. კვირაობით და ბევრ შაბათ დღეს გვაქვს ლიტურგია. მთელი წელი მღვდელი მოდის ჩვენთან.
წმიდა ბრიენას ხატზე რომ მწერ, ახლა ამის დროს არ არის – მოგვიანებით. ახლა [ყველაფერში] ლირებს ითხოვენ.
შენს ხორციელ დედაზე მწერ. ყველაფერი ვიცი, ყველაფერი მომწერა. ორმოცდაათზე მეტი ეპისტოლე მაქვს მისთვის მიწერილი, ზოგჯერ ვამხელ, ზოგჯერ ვთხოვ, მაგრამ სამწუხაროდ, სასმენლები დახშული აქვს და ჭეშმარიტებას არ ისმენს, მხოლოდ იმათ უგდებს ყურს, რომლებიც მის ცდომილებას ეთანხმებიან. დაიწყო თუ არა ჩივილი, მივხვდი, რომ სატანა მოქმედებდა. ბევრჯერ ვურჩიე, რომ სწორედ ეს იყო ღმერთის ნება, რასაც ეძიებდა. რადგან შენ შეიმოსე სქემა, რომ ამიტომ ისინიც უნდა მოვიდნენ [შენს მონასტერში]. რა სასიხარულო იქნებოდა, რომ ორივე მანდ მოსულიყო, ბერის მემკვიდრე დიონისე გახდებოდა, ხოლო ერგინა მონაზვნად გარდაიცვლებოდა.
ჩემი ხმა უფალს შეჰღაღადებს. გულის ტკივილით ვტირი, ჩემი სადილი მთებს კვეთავს, მაგრამ ერგინა რკინასავით შეუვალი გახდა, უხეში ქვასავით. სატანური ცდომილება. არ სურს გამიგონოს. საბოლოოდ, მობეზრდა ჩემი მხილება და აღარ მწერს. დაახლოებით ექვსი თვეა არ მოუწერია, მე კი ხშირად ვწერ და ეპისტოლეებში ვტირი თქვენზე, მოძღვარზე და იღუმენიაზე. მე კი, არა თუ არ მწყინს, არამედ მთელმა მსოფლიომ რომ აყვედროს, ცრემლებით ვეტყვი მადლობას იმისთვის, რომ ყურს არ უგდებენ, რამეთუ ლოგიკა, რომელსაც ჩემი და იშველიებს, ყოვლად ალოგიკურია - საგიჟეთშიც ვერ შეხვდები ასეთს.
ამას ეძებდა, ღმერთმა კი კარი გაუხსნა, რომ შიგნით შევიდეს. ღმერთი ეძახის, მე ვეძახი, თქვენ ეძახით, მაგრამ მაინც თავისაზეა. მას უნდა, რომ იმ დროს მომხდარიყო, როცა არა ღმერთს და ჩვენ, არამედ მას თავად მოესურვებოდა. ნუთუ შესაძლებელია ან გაგონილა სადმე, რომ ქალი თავისი დედის გვერდით გამხდარიყოს მონაზონი?! რამეთუ, დააცემინებ თუ არა, გეტყვის: „ჭამე, რომ ავად არ გახდე“. ბალიშ-მუთაქაზე წამოწოლით მონაზონი ვერ გახდები. მონაზონი უნდა გალანძღონ, შეურაცხყონ, დაამცირონ, დაეცეს, ადგეს – კაცი გახდეს. თუ დედას ჰყავს ჩახუტებული, არაფერი გამოვა.
თანაც, არ აქვს მნიშვნელობა, შენ თვითონ წახვედი თუ იღუმენიამ წაგიყვანა — საღმრთო მოწოდებაა, მიზანი წმიდაა. თვითონაც, თუ უნდა, სანამ მოკვდება, მოვიდნენ მანდ და მერე სახლში ცხონდნენ. ამისთვის ყველანი ერთად ცრემლებით ვილოცებთ. ღმრთის და მისი ტკბილი დედის მიმართ, რომ გაუნათლოს გონება, განაგდოს განსაცდელი. შეუცვალოს აზრი, შეწყვიტოს უკეთური აზროვნება, ყური დაუგდოს გოდების ხმას და ღმრთისმიერ ღაღადს, მოვიდეს თქვენთან და ამოისუნთქოს უამრავი გასაჭირისგან, რომლებიც ბავშვობიდან თან სდევს.
თუ პატიოსანი მოძღვარი და კეთილი იღუმენია უთმენენ, თუ ლოცვა-ვედრება აღევლინება, მაშინ შეიძლება, რომ შეიცვალოს. რომც მოკვდეს, მაინც იმედი გვაქვს, რომ მტრის ნება არ ასრულდება, რამეთუ უმეცრებით ცდება, და მოწყალე უფალი დაუმსახურებლად შეგვიწყალებს.
რაც შეეხება ეპისტოლეს, არ მგონია, რომ დაიკარგა, რადგან ასეთი შრომით შევაგროვე ჩემი ეკლები და ორი თვე ყველა თქვენგანს ვუქსოვდი დაუჭნობელ გვირგვინებს. ბოლოს და ბოლოს, ილოცონ მოძღვარმა და იღუმენიამ და იქნებ იპოვოთ, ხოლო თუ ჩემი ცოდვების გამო დაიკარგა, ჩემზე, უბადრუკზე იყოს ცოდვა.
იმის შესახებ, რომ გინდა ღმერთის მადლი მუდმივად შენთან იყოს, სხვა ეპისტოლეში განვაგრძოთ, რათა ბევრი არ ვწერო ერთ ჯერზე, და მერე, იქნებ ისევ დაიკარგოს და უფრო საწყენი იქნება. ყოველ შემთხვევაში, შენ ის გააკეთე, რასაც კეთილი იღუმენია გეუბნება, ხოლო მადლი თუ წავა-მოვა, ნუ იდარდებ, რამეთუ ასე იწვრთნება ადამიანი, რომ თავმდაბლურად იაზროვნოს და თავი არ აიმაღლოს.
დღეს თქვენი გადმორიცხვა მივიღეთ. დიდი მადლობა. ფეხი უკვე მოიკიდა, რამეთუ რაღაც ძველი ნაჭრები მოიტანეს, კაბებისთვის გვინდოდა და თითოში 30 000 [დრაქმას] ითხოვენ. ამიტომაც ვთქვი, ფეხი მოიკიდა-მეთქი. მიუხედავად ამისა, ნუღარ გამოაგზავნით, რადგან ჩვენ უნდა გეხმარებოდეთ, თქვენ ხომ უფრო მეტნი ხართ და თანაც – ქალები.
ერთადერთი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ჩვენთვის – თუ მოძღვარსა და იღუმენიას ენდომებათ, თუ ადვილია, თუ არ დაგამძიმებთ და რადგან თქვენთან მომლოცველები მოდიან – ჯვრებს გამოგიგზავნიდით, რომ გაგეყიდათ და ფული გამოგეგზავნათ. ეს ჩვენთვის დიდი ქველისმოქმედება იქნებოდა.
ახალი ამბები კი ის გვაქვს, განსაკუთრებით, მოძღვრისთვის, რომ სრულად გამოგვკეტეს, წმიდა მთაზე გემი აღარ არის, ყველა გააჩერეს, დაფნიში ჩაძირეს, არც უცხოს აკარებენ – ასეთია ხელისუფლების ბრძანება.
ასე რომ, თუ სადმე წასვლა გინდა, მხოლოდ ფეხით – კარიესი, დაფნი. ხუთი დღის წინ დაფნი კომუნისტებმა გადათელეს და რაც იპოვეს, ყველაფერი გაიტაცეს: საბაჟოდან – თოთხმეტი მილიონი, მაღაზიებიდან – საჭმელ-სასმელი. ნავით, რომლითაც ფქვილი მოეტანათ და გადმოეტვირთათ, რაზმი გამოედევნა და დაარტყა, და რისი დამალვაც კომუნისტებმა ვერ მოასწრეს, უკან დააბრუნეს. ათონის მთა ერთი კიდიდან მეორემდე ყველანაირი ჯიშის ცხოველებით გაივსო – მდედრობითიცაა, მამრობითიც და საშუალოც, რამეთუ გარეთ კომუნისტები ყველაფერს უჭამენ.
თქვენს ლოცვებს ვითხოვ,
ცოდვილი იოსები
გთხოვთ, კოვზებზე გამარკვიოთ: პატარები გინდათ სადილისა, თუ დიდები, ქვაბის ჩამჩები? მე დიდები მეგონა, კერძის გადმოსაღებად. ახლა გადავიკითხე და მივხვდი, რომ სადილისას გულისხმობდით. ერთი სიტყვით, უკეთ ამიხსენით.