ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ლოცვისას როდის გაძლევს მადლს ღმერთი?
აბბა ისააკ ასური ამბობს: „ღმერთი მადლს მაშინ კი არ გიბოძებს, როცა შენ ლოცვის ყველა საშუალებისა და ხერხის გამოყენებით მის მისაღებად ემზადები, არამედ როდესაც თავად ისურვებს. ისე ხდება, რომ როცა მოუმზადებელი ხარ, მაშინ გაძლევს მადლს და როცა მომზადებული ხარ, არ გაქვს ლოცვა, ვერ პოულობ მას“.
ეს უდიდესი ჭეშმარიტებაა. ხშირად მე მდაბალიც ყველა ღონეს ვხმარობდი, რომ ღამე ლოცვა მქონოდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამას ვერ ვახერხებდი. თავის დროზე ვდგებოდი, ღამის სიმყუდროვეში, როგორი წესიც გვქონდა, ყურადღებით ვიყავი, სიჩუმეს ვიცავდი. ლოცვის ძიებაში საათობით ვიბრძოდი, მაგრამ ლოცვას ვერ ვპოულობდი.
ამ ხანგრძლივი ყურადღებიანი ლოცვის შემდეგ სხვა რამის კეთებას ვიწყებდი, სხვა სამუშაოს ვასრულებდი და ღვთის უდიდეს მადლს ვპოულობდი. ვფიქრობდი: „ამდენი შრომა, მცდელობა, ყურადღება უშედეგო აღმოჩნდა და უცებ ასეთი მადლი?“ ღმერთს სურდა გამეგო, რომ ჩემი მცდელობა კი არ მიმეტოვებინა, არამედ არ მერწმუნა, რომ მისი მეშვეობით ვიპოვიდი ლოცვას.
როგორ მოვემზადოთ ლოცვისთვის?
თავის დროზე უნდა განვმარტოვდეთ სენაკში და ვეცადოთ ჩვენი ფიქრები ლოცვას უკავშირდებოდეს. მაგალითად, ვიფიქროთ ჩვენს ცოდვებზე, რომ დრო გადის და არაფერს ვაკეთებთ; ვიფიქროთ მოსალოდნელ სიკვდილზე, სამსჯავროზე და ა. შ.
ასეთი უბრალო და ხანმოკლე ფიქრი მაშინვე ლოცვისთვის განგვაწყობს. გონება გულში ჩაგვყავს, ზომიერად, იშვიათად ვსუნთქავთ და თან ლოცვას ვამბობთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. თუ ხანდახან დაღლას ვგრძნობთ ან ძილი გვერევა, ეს, რა თქმა უნდა, არაფერს გვარგებს, არ უნდა დავუთმოთ; შეუმჩნევლად ჩვენში რაღაც კარგი ხდება. მომდევნო ჯერზე, როცა ლოცვას დავიწყებთ, თავს უკეთესად ვიგრძნობთ, შემდეგში – უფრო უკეთესად. ასე ნელ-ნელა ლოცვაში რაღაცას ვიპოვით, დროთა განმავლობაში კი სულ უფრო მეტს აღმოვაჩენთ. ცხადია, ეშმაკი ამ მცდელობის გამო უსათუოდ თავს დაგვესხმება, გონებას გაგვიფანტავს და სხვადასხვა წარმოდგენას მოგვიტანს. ჩვენ უნდა ვეცადოთ ყველაფერს წინ აღვუდგეთ და ლოცვაზე გავამახვილოთ ყურადღება.
ეს მცირე შრომა არ არის. თუმცა ერთი შეხედვით ადვილი ჩანს: თავი დახარო, გონება მოიკრიბო და ლოცვას ადევნო თვალყური. მაგრამ თავისი არსით ძნელია, რადგან ბოროტს არ სურს, რომ ვლოცულობდეთ.
თემა: ლოცვა, იესოს ლოცვა, საშინელი სამსჯავროავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
„თუ უფალი ინებებს, მოსავალს ავიღებ“
მიწათმოქმედი სანამ დათესავს, მიწას კარგად ამუშავებს. ყურადღებით ადევნებს თვალს, რომ გუთანი ღრმად ჩავიდეს ნიადაგში, მიწა ამოაბრუნოს, ქვედა ფენა ზემოთ მოაქციოს და შემდეგ თესავს. მერე წვიმასა და კარგ ამინდს ელის. თუ წვიმა, შესაფერისი კლიმატი და მზიანი ამინდი ერთმანეთს ენაცვლება, მაშინ თესლი გაღვივდება, გაიზრდება და ნაყოფს გამოიღებს. სხვაგვარად კი არაფერი გამოვა. თესლი რომც ამოვიდეს, მოსავალი იმდენად მცირე იქნება, რომ გლეხმა რაც დათესა, იმასაც ვერ აინაზღაურებს. გლეხსაც ღვთის იმედი აქვს და ამბობს: „თუ უფალი ინებებს, მოსავალს ავიღებ“. გვალვაში საწყალი მიწათმოქმედი ლოცულობს და ყანას აკურთხებინებს, რადგან სწამს, თუ ღმერთი ინებებს და წვიმასა და მზეს გამოუგზავნის, მისი შრომა ნაყოფს გამოიღებს. სხვა შემთხვევაში, მისი ძალისხმევის მიუხედავად, მოსავალს ვერ აიღებს.
სულიერი თვალსაზრისითაც ასე ხდება. ადამიანი, როგორც არ უნდა მოემზადოს, შრომის ნაყოფს მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა უფალი ინებებს.
ამიტომ ყველა სულიერ მისწრაფებას წინ სიმდაბლე უნდა უძღოდეს.
თემა: თავმდაბლობა, შრომა, ღვაწლი, ღვთის ნებაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
ანგელოზთა შეწევნა
ერთხელ ღირსმა მამა ნიფონტიმ ორი ანგელოზი დაინახა, რომელთაც კაცის სული ზეცად აჰყავდათ და არ დაუშვებდნენ, რომ დემონებს ის საჰაერო საზვერეებში გამოეცედათ და ექენჯნათ. დემონები - ჰაერის მეზვერეები - დრტვინავდნენ:
-რატომ არ გვაძლევთ ამ სულს, ეგ ხომ ჩვენია?
ანგელოზებმა მიუგეს:
-რაკი ყოველთვის ცრუობთ, არ გვჯერა თქვენი! მოვუწოდოთ ამ სულის მფარველ ანგელოზს, ჩვენ მას დავუჯერებთ, რადგან ის სიცრუეს არ იტყვის!
მფარველი ანგელოზი მოივლინა და ანგელოზებმა ჰკითხეს მას:
შეინანა ამ სულმა, თუ ცოდვებში შთაფლულმა დატოვა სხეული?
მფარველმა ანგელოზმა უპასუხა:
-ჭეშმარიტად, ეს კაცი ცოდვილი იყო, მაგრამ როცა დასნეულდა, ცრემლის ღვრით აღიარა ღმერთის წინაშე თავისი ცოდვები და ზეცად ხელებაპყრობილი უფალს შეწყალებას ევედრებოდა.
მაშინ ანგელოზებმა თავისთან დაიტოვეს ის სული, დემონები კი სირცხვილეულ იქმნენ. მაგრამ ისინი არ ისვენებდნენ და კვლავ დაიწყეს ღაღადი:
-მაშ, თუკი ეს ცოდვილი კაციც შეიძლებოდა, შეწყალებული ყოფილიყო, გამოდის, რომ ყველა, მთელი მსოფლიო ცხონდება და ჩვენი შრომა ამაოა!
-დიახაც, - უთხრეს ანგელოზებმა, - ყოველნი ცოდვილნი, რომელნიც თავმდაბლად, მორჩილად და ცრემლთაღვრით აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს მოძღვრის წინაშე, უფლისგან შენდობას მიიღებენ, ხოლო რომელნიც სინანულის გარეშე ცოდვათა აღიარების გარეშე კვდებიან, იმათი მსაჯული - ღმერთია!
ამ სიტყვებით აღიყვანეს სული ზეციურ კარიბჭემდე და ცხოვნდა იგი
იგი ცოცხალი წყალია, რომელიც გულს მორწყავს, გააგრილებს და ააყვავებს
ლოცვა არის თესლი, რომელიც დამწყები მონაზვნის გულში ჩაითესება. თავიდან, სანამ აღმოცენდება, გაიზრდება, მოიმკება და პურს – ცხოვრების პურს მოგვცემს, ის დიდ შრომასა და ბრძოლას მოითხოვს. ეს პური თესლის ნაყოფია, ლოცვის სიტკბოება და ქრისტეს სიყვარულია, რომელსაც მონაზონი იგემებს. იგი ცოცხალი წყალია, რომელიც გულს მორწყავს, გააგრილებს და ააყვავებს.
თემა: ლოცვა, სიყვარული ღვთისადმი, მონაზვნობა, შრომა, მონაზონთათვის, იესოს ლოცვა, სულიერი ბრძოლაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
ერთი რამ გაქვს, რომელსაც არ შემიძლია წინ აღვუდგე!
მაკარი დიდს შეხვდა ეშმაკი და ეუბნება: „მაკარი, უდაბნოში მცხოვრები ჩემზე მეტს რას აკეთებ? მეც უდაბნოში ვბინადრობ; შენ მარხულობ, მე კი საერთოდ არ ვჭამ; შენ უპოვარებას ესწრაფვი, მე სულ არაფერი გამაჩნია. ჰოი, მაკარი, ერთი რამ გაქვს, რაც მთრგუნავს, რომელსაც არ შემიძლია წინ აღვუდგე“. – „რა?“ – ეკითხება მაკარი. - „სიმდაბლე! ის მწვავს!“ – და ამის თქმისთანავე გაუჩინარდა.
მოდით, ვიტვირთოთ მცირედი შრომა, რომ შევიძინოთ ეს მხსნელი სათნოება. განუწყვეტლივ ვევედროთ უფალს. მას ყველაფრის მოცემა შეუძლია და ვირწმუნოთ, რომ ამასაც მივიღებთ, როცა ტკივილით, მოთმინებითა და დაჟინებით დავაკაკუნებთ უფლის მოწყალების კარზე; ის იოლად გაიღება, თუკი წმინდა სახარებისეულ მაგალითს უსამართლოდ დაჩაგრული ქვრივის შესახებ გასაღებივით კეთილად გამოვიყენებთ (ლუკ. 18, 1-7).
თემა: თავმდაბლობა, ეშმაკი, დემონიავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
მადლმოსილი სულიერი ცხოვრება შიგნით იწყებს სულში ცეცხლის დანთებას და განხურვებას. ანუ, როგორც კი ადამიანი საკუთარ თავს რმერთს გადასცემს, მისი გულმოდგინებისა და მოშურნეობის შესატყვისად, მადლი თავისი განმანათლებელი ძალით მასში იწყებს უფრო და უფრო შეღწევას, ანუ იწყებს ყველაფრის გათავისებას. მაგრამ ამ მდგომარეობაში გაჩერება არ შეიძლება და არც ეგების. ეს ჯერ საყრდენი წერტილია, თესლია. საჭიროა მცდელობა, რომ სიცოცხლის ამ ნათელმა წიაღსვლა გააგრძელოს, არ ჩაიკეტოს თავის თავში, ჩაიღვაროს მთელს ჩვენს არსებაში, ყველა ძალასა და სამშვინველისა და სხეულის ბუნებაში შეაღწიოს, ასეთნაირად განანათლოს ისინი, გაითავისოს, მოკვეთოს გარედან შემოსული არაბუნებრივი ვნებები და წმიდა და ბუნებრივ ხატებაში აღიყვანოს ისინი. მაგრამ, რადგან ყველა ეს ძალა არაბუნებრივითაა გაჟღენთილი, ამიტომ ბრკოლდება რა მათი სიბინძურით, სულიწდის მადლს, უწმიდესს, გულში მოსულს, არ სურს პირდაპირ და უშუალოდ მათთან შეხება. ამიტომ ჩვენში მყოფ სულიწდის მადლსა და ამ ძალებს შორის საჭიროა დამხმარე საშუალება, რომლის მეშვეობითაც მადლი ამ ძალებში გადაიღვრებოდა და მტკივნეულ ადგილებზე დადებული სალბუნის მსგავსად მიანიჭებდა მათ კურნებას. ცხადია, ყველა ეს დამხმარე საშუალება, ერთი მხრივ, უნდა ატერებდეს ღვთაებრივ თვისებას, ან ზეციურ წარმომავლობას, ხოლო მეორე მხრივ - სრულ თანხმობაში უნდა იყოს ჩვენი ძალების ბუნებრივ წყობასა და დანიშნულებასთან, სხვაგვარად მადლი დაბრკოლდება და ძალები ვერ მიიღებენ მისგან კურნებას. ეს საშუალებები თავისთავად მხოლოდ ვარჯიში, შრომა და მოქმედებაა... ჩვენი ძალებისთვის დაკარგული სიწმიდის და მთლიანობის დამაბრუნებელი და მაკურნებელი საქმიანობა და სავარჯიშოები, ანუ საშუალებები სინამდვილეში არის მარხვა, შრომა, მღვიძარება, განმარტოება, ამა სოფლისაგან განშორება, გრძნობების დამარხვა, წმ. წერილის და წმ. მამათა ნაშრომების კითხვა, ეკლესიური ცხოვრება, ხშირი აღსარება და ზიარება.
„ამიერიდან ქრისტესთვის დამუნჯდი!“
ერთი ადამიანი მოვიდა ბერთან, რომელსაც ძმობა ჰყავდა და მის მორჩილებაში დაიწყო შრომა. ბერმა ახალმოსულს უთხრა: „რადგან ჩემს კრებულში გსურს ცხოვრება, გიბრძანებ, ერთი სიტყვაც აღარ თქვა, ამიერიდან ქრისტესთვის დამუნჯდი!“ – მან უპასუხა: „როგორც მაკურთხებ“.
გარკვეული დროის შემდეგ ბერმა დაინახა, რომ მორჩილისთვის ამ ძმობაში ცხოვრება უსარგებლო იყო. ერთ დღესაც უთხრა მას: „სხვა მოძღვართან, სხვა მონასტერში გგზავნი“; პატარა წერილი მისცა და დაამატა: „ამა და ამ მონასტერში მიდი, ეს იღუმენს გადაეცი და იქ დარჩი“.
იღუმენმა სარეკომენდაციო წერილი მიიღო. იქ ეწერა: „მამაო, გთხოვთ, ეს ძმა მიიღოთ. კარგი მონაზონია და ა. შ.“ იღუმენმა ის მონასტერში დატოვა.
გავიდა ხანი და ეს მონაზონი გარდაიცვალა. მას მდუმარება არ დაურღვევია. მისი სიკვდილის შემდეგ მეორე მოძღვარმა პირველს მისწერა: „მართალია, მუნჯი ძმა გამომიგზავნე, მაგრამ ნამდვილი ანგელოზი იყო!“
მაშინ პირველმა უპასუხა: „ბუნებით მუნჯი არ ყოფილა, ის კურთხევას ასრულებდა და ამიტომ დარჩა მდუმარე!“ გააოცა მეორე მოძღვარი ამ ძმის სიმტკიცემ, ასე კარგად და სამაგალითოდ რომ დაიცვა მოძღვრის კურთხევა.
მინდა ვთქვა, რომ საკუთარი ნების სრული უარყოფა სიწმინდეა.
თემა: მორჩილება, მონაზონთათვის, სულიერი მოძღვარი, საკუთარი ნების უარყოფაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
სწორედ მაშინ გამოიცდება თითოეულის მისწრაფება
მწუხარება, რომელიც გტანჯავს, შენი ჯვარია; ის ჩვენმა იესომ მოგცა, რომ მისი მიმბაძველი გახდე და უფლის სიყვარული შენთვის უცხო არ იყოს (ქრისტესთვის ჯვარცმით მჟღავნდება ჩვენი მისდამი სიყვარული). ვისაც ის გულწრფელად უყვარს, მხოლოდ თაბორის მთაზე როდი მიჰყვება, სადაც ღვთაებრივი დიდება გამოჩნდა და სადაც ის ტკბილი მადლითა და სიხარულით მოგვიხილავს; არამედ წმინდა გოლგოთის აღმართზეც მასთანაა, ჯვარცმამდე მის გვერდითაა, ანუ მადლის მოკლებისა და მწუხარების დროსაც, რასაც შეჭირვება, ტკივილი, უიმედობა, დაეჭვება, შრომა და ოფლი მოსდევს. სწორედ მაშინ გამჟღავნდება, თუ როგორია შინაგანი ადამიანი – ყალბი თუ მართალი, გამოცდილი თუ გამოუცდელი, კაპიტანი თუ მეზღვაური. სწორედ მაშინ გამოიცდება თითოეულის მისწრაფება; მხნე და დამთმენი შინაგან ჯილდოს იღებს – მას ღმერთი მოიხილავს მადლის გამრავლებით. ამგვარად იწვრთნება ქრისტიანი სულიერ ბრძოლაში, სანამ აღესრულება და განისვენებს.
თემა: მწუხარება, განსაცდელები, ჯვარი, სულიერი ბრძოლა, სიყვარული ღვთისადმიავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
მწუხარებას ადგილი აქვს ცხოვნების გზაზე, ჯერ ერთი მართლმსაჯულების მიხედვით. ღმერთს უნდოდა ადამიანის ზეცად აყვანა სამოთხის გზით. მაგრამ ადამიანმა მოინდომა ღვთის მაღლა სვლა. ამიტომ იყო სწორედ, რომ იგი ღვთის მართლმსაჯულებით დაეცა. მის გზაზე დაითესა ეკალი, შრომა, ოფლი, მწუხერაბე და ბოლოს, სიკვიდილი დროებითი და მარადიული. დაბადებიდან ჩვენ ყველა მემკვიდრენი ვართ ჩვენი პირველი წინაპრების ცოდვისა და იქიდან გამომდინარე სასჯელისა. შეგვეძლო ამით განვსაზღვრულიყავით, მაგრამ ჩვენ კიდევ მეტად გავამრავლეთ ჩვენი მემკვიდრეობითი ცოდვები თვითნებური ცოდვებით. მოწყალე ღმერთმა ჩვენ გამოგვიცხადა ცხოვნების ახალი საშუალება ქრისტეს სახით, რომელმაც ჩვენი გულისათვის დააკმაყოფილა ღვთის მსაჯულება ჯვარცმული მისი სიკვდილით. მაგრამ ამასთან ერთად კანონი ღვთის მართლმსაჯულებისა არ დარღვეულა, და ამიტომ დაზოგვილი მონანიებული ცოდვილი ერთბაშად ზეცად აყვანა, თანაბრად უცოდველი ადამიანისა, შეუძლებელი გახდა. ამიტომ მიიღე შენაც ადამიანო, უყოყმანოდ: შრომა, მწუხარება და გაჭირვება. მეორო მწუხარება ღვთის განგების მიხედვით სულის კურნების საშუალებაა, ცოდვა ავადმყოფობაა, რომელიც ადამიანის არსში ინერგება. ცოდვის შთაბეჭდილება და ბიწიერი სიამოვნება თავისებურ კვალს სტოვებს ნაწილობრივ სულში, ნაწილობრივაც სხეულში, რომელიც მოგონების დროს, იღვიძებს, ახლდება და იჩენს მიდრეკილებას ცოდვის ჩადენისათვის. ამიტომ, როგორც დოსტაქარი ხანდახან სხეულში ამონაზარდ გადამდებ იარას მოჰკვეთს, რომ ავადმყოფობა მოსპოს და ავადმყოფი განკურნოს და გააჯანსაღოს, ამის მსგავსად იყენებს უფალი, - სულისა და ხორცის მკურნალი, - მწუხარების იარაღს, რომ აღმოფხვრას ცოდვილ ადამიანში თვით ცოდვის კვალი და მიდრეკილება ბიწიერი სიამოვნების მიმართ. ამაზე იტყვის მოციქული პავლე: რომელმან ივნო ხორცითა, დაცხრომილ არს ცოდვისაგან; და დააშთ დრო ხორციელი მისი ცხოვრებისას იგი ატარებს არა კაცის გულისთქმის მიხედვით, არამედ ნებითა თვთისათა (პეტრ. 4, 1-2)