ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ნაცვლად ღვინის სმით შექცევისა და ლხინისა, წმიდა მოციქული პავლე გვასწავლის ჩვენ სხვანაირს სიამოვნებასა და შექცევასა: „ნუ დაითვრებით ღვინითა... არამედ აღივსენით სულითა. ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქვენითა უფალსა“ (ეფეს. 5.18–19). იცოდა წმიდამან მოციქულმან, რომ სუსტი კაცის ბუნება ვერ გასძლებს სრულიად უნუგეშოდ და შეუქცევრად, ამისათვის გვაჩვენა ჩვენ საშუალება, რით უნდა შევიქცევდეთ თავსა და მოვიპოვებდეთ მხიარულებასა. გალობა ძლიერ გაამხიარულებს ყოველსა კაცსა. რაც უნდა მოწყენილი და მწუხარე იყოს კაცი, ტკბილი ხმით გალობა დაავიწყებს მას მისსა მწუხარებასა. მაგრამ წმიდა მოციქული პავლე წინადაგვიდებს ჩვენ სულიერსა გალობასა და ქებასა ღვთისასა, მისთვის, რომ ესრეთი გალობა კიდეც გაამხიარულებს კაცსა და კიდეც აღაშენებს სულსა მისსა; მაშინ, როდესაც ხორციელი, სოფლიური გალობა, ანუ სიმღერა, ხშირად აღელვებს ვნებათა კაცისათა და მისცემს ცუდსა ზნეობასა. ჩვენთა ძველთა წინაპართა ერთი კარგი ჩვეულება ჰქონდა, ძმანო ქრისტიანენო. მათ უყვარდათ თავის შექცევა და ლხინი სუფრაზე სწორდ იმ სახით, როგორათაც გვასწავლის ჩვენ წმიდა მოციქული პავლე. სუფრაზე დაჯდომილნი, იგინი დიდხანს ნუგეშობდნენ ძლისპირთა, ფსალმუნების და სხვა საეკლესიო გალობის წარმოთქმით.
მინდა მოგიყვანოთ შესანიშნავი მაგალითი ერთი ბედნიერი ოჯახის ცხოვრებიდან: წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, ნონა, იყო შვილი ქრისტიანი მშობლებისა. იგი მტკიცე სარწმუნოებით და მორჩილი ხასიათით გამოირჩეოდა. როდესაც გათხოვების დრომ მოაწია, მისი ნების საწინააღმდეგოდ მშობლებმა ნონა ახალგაზრდა წარმართს გააყოლეს. აქედან დაიწყო მისი მძიმე გამოცდა. მეუღლეებს ერთმანეთის არ ესმოდათ, მათი ინტერესები და მისწრაფებანი სხვადასხვა იყო. როდესაც ნონა ოთახში ხატების წინ ლოცულობდა, მისი მეუღლე მეორე ოთახში წარმართულ ადათებს ასრულებდა. ნონა იმედს არ კარგავდა და დღემუდამ გულმხურვალედ შესთხოვდა უფალს, შინაგანი თვალი აეხილა მისი მეუღლისათვის, რათა მასაც ეცნო ჭეშმარიტება. და აი, ერთხელ ნონას ქმარს ძილში გამოცხადება ჰქონდა, იგი გალობდა მისთვის უცნობი დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნის სიტყვებს: "გავიხარე, როცა მითხრეს უფლის სახლში წავიდეთ" (ფს. 121,1). ამ ხილვის შემდეგ სრულიად შეიცვალა ნონას ქმრის ცხოვრება. ამ დღიდან დაიწყო სვლა მისი უფლის სახლისაკენ, იგი გახდა არა მარტო კარგი ქრისტიანი, არამედ სასულიერო პირიც - მოძღვარი; უფალმა განსაკუთრებული მადლი მოიღო ამ ოჯახზე, ეკლესიის მნათობად გამობრწყინდა მათი შვილი, დიდი გრიგოლ ღვთისმეტყველი, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა. ასეთია შედეგი რწმენისა, სიყვარულისა, სასოებისა და მოთმინებისა, ამიტომაც ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი ახალგაზრდები ოჯახური ცხოვრებისათვის უნდა მოვამზადოთ. ამ საკითხით სახელმწიფოც, ეკლესიაც, ოჯახიც და სასწავლებელიც უნდა დაინტერესდეს. მტკიცე ოჯახი - მტკიცე სახელმწიფოა.
დელფინების მიერ გადარჩენილი წმინდანი
ცხოველები არათუ არ ეკარებიან წმინდა მოწამეებს, არამედ იცავენ კიდეც მათ მტარვალთაგან. მაგალითად როდესაც კართაგენის მკვიდრი ქრისტიანი მხედარი წმინდა კალისტრატე (ხსენება 27/IX) ქრისტეს აღმსარებლობისთვის ტანჯვის დროს ტყავის ტომარაში ჩააკერეს და ზღვაში გადააგდეს, ღმერთის განგებით, ტომარა წვეტიან კლდეს შეეხო და გაიხა, ხოლო წმ. კალისტრატე სრულიად უვნებელი გამოიყვანეს ნაპირზე დელფინებმა. წმინდა მოწამე გალობდა ფსალმუნის სიტყვებს: „მაგრამ არ დამახრჩო მე ზღვაში და არა დავღლილვარ შენდამი ლოცვისაგან“. ამ სასწაულის ხილვაზე, მისი რაზმის წევრმა 49 მხედარმა ირწმუნა ქრისტე. წარმართმა მხედარმთავარმა ჯერ არაადამიანურ სატანჯველებს სწია და მერე საპყრობილეში მახვილით ააჩეხინა ისინი. ასე მიიტანა უფლის სამსხვერპლოზე თავი კალისტრატემ მეგობრებთან ერთდ
თემა: მამაო ჩვენო, ღვთის ყველგანმყოფობაავტორი: წმ. ტიხონ ზადონელი
წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას
ადამიანებს საკუთარი ჭკუის „დამუხრუჭება“ რომ შეეძლოთ, არა მარტო გონება ექნებოდათ დასვენებული და დაწმენდილი, არამედ საღმრთო მადლიც უფრო ადვილად მოვიდოდა მათთან. ცოდნა საღმრთო განათლების გარეშე კატასტროფად გვევლინება, ადამიანი ღვთისაგან განიწმინდება – საკუთარ თავზე სულიერი მუშაობის, მოღვაწეობის შედეგად. მას საღმრთო განათლება აქვს, ღმერთში ცხოვრების გამოცდილება და არა – თავისი პირდი აზრები. ამიტომ ის შორს იყურება. ბეცი ადამიანი ახლოს კარგად ხედავს, მაგრამ შორს მყოფი საგნების დანახვა უჭირს. ხოლო ის, ვინც ახლომხედველი არ არის – თუ ისეთ სგნებს დაინახავს, რომლებიც ცოტა მოშორებით იმყოფებიან – ეს ხომ არც ისეთი დიდი მიღწევა იქნება. ხორციელი თვალი ადამიანს მხოლოდ ორი აქვს, როცა იგი სულიერი თვალის მთელ სიმრავლეს ფლობს.
ისინი, ვინც ქრისტეს შორდებიან, საღმრთო განათლებას მოაკლებენ საკუთარ თავს იმიტომ, რომ ისინი, როგორც სულელები, თვითონ შორდებიან მზის სინათლიდან და ისეთ ადგილას მიდიან, სადაც მზის სხივი ვერ ხვდება. შედეგად ისინი სულიერად გაციებულნი და ავადმყოფნი ხდებიან. თუ ადამიანი არ განიწმინდება, თუ მასში საღმრთო ნათელი არ შევა, მისი ცოდნა, რაც არ უნდა სწორი იყოს ის – მხოლოდ რაციონალიზმია და მეტი არაფერი, ასეთ დასკვნამდე მივედი მე. თუ საღმრთო განათლება გაქრება, არანაირ სარგებლობას ის, რასაც ადამიანები ამბობენ და წერენ, აღარ მოიტანს. ფსალმუნი საღმრთო განათლების შედეგადაა შექმნილი და თქვენ მხოლოდ ნახეთ, რამდენად ღრმაა მისი აზრი. შეკრიბე თუნდაც მთელი ქვეყნის ღვთისმეტყველები და ფილოლოგები და ნახავ: ასეთი სიღრმის მქონე ერთი ფსალმუნის შეთხზვასაც კი ვერ შესძლებენ. მეფე დავითი მეცნიერი ადამიანი არ ყოფილა, მაგრამ სრულიად აშკარაა, როგორ ხელმძღვანელობდა მას საღმრთო სული.
და თუ იკითხო:
- სიკვდილი რაი არს, ანუ რის არსებისაგანი არს?
მე გითხრა შენ: სიკვდილი ვითარცა არარაი არს და განმაქარვებელი ჩვენი არს, სიკვდილი არსება უჩინო არს და ხილულისა არსებისა ჩვენისა უჩინო მყოფელი არს; სიკვდული უხორცო არს და ხორცთა ჩვენთა დამადნობელი არს და სულთა ჩვენთა წარმტაცებელი არს; სიკვდილსა ძარღვი არა ასხენ და ნაწევართა ჩვენთა დამხსნელი არს; სიკვდილსა ძვალნი არა აქვს და ძვალთა ჩვენთა განმაშიშვლებელი არს; სიკვდილი უხმო და უსიტყვო არს და სიტყვათა ჩვენთა დამადუმებელი არს; სიკვდილი უცნობო არს და ცნობათა და გონებათა ჩვენთა მიმღებელი არს.
გვეშინოდენ სიკვდილისაგან!
უკუეთუ არა სჯერხარ, სიკვდილი მესისხლე არს ჩვენი; სიკვდილი მამის მკვლელი არს ჩვენი; სიკვდილი მშობელთა ჩვენთა დამხოცელი არს; სიკვდილი ძმათა და ნათესავთა ჩვენთა ამომწყვეტელი არს.
ვეკრძალნეთ სიკვდილსა!
ჩვენდამცა მზა არს მოსიკვდიდ და წარწყმედაცა ნებავს და შთაყვანა ვიდრე ჯოჯოხეთამდე. სიკვდილისა ზარმაცი ცხენი გვეწევა და ჩვენი სწრაფი ცხენი ვერ წარელტვის. სიკვდილისა უქონელი ხრმალი ჩვენთა ხორცთა განჰკვეთს და ჩვენი რკინის მახვილი მას ვერას ავნებს; სიკვდილისა უხმო ხმა განგვანქრებს და ჩვენი მრავალმოუბარი ენა მას ვერას შეასმინებს; ჩვენი ლიქნა მას ვერ დააწყნარებს; ქრთამი ვერ დაგვამეგობრებს; ოქრო და ვერცხლი ვერ დაგვაწყობს. ესრეთ უწყალოა ჩვენ ზედა.
ვაი მოსვლისა მისისა მოლოდინსა!
წმიდათა კაცთათვისცა საზარელ არს მოსვლა მისი, რამეთუ იტყვის ფსალმუნი: "შიში სიკვდილისა დამეცა ჩემ ზედა". და სხვაგან იტყვის: "მიწად სიკვდილისა შთამხადე მე". რასაღა ვიტყვი დავითისა და სხვათა წმიდათა! თვით მაცხოვარი იტყოდა მარკოზის პირით თავსა შინა: "შეძრწუნებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკვდიდმდე".
უკუეთუ ესრეთ შესაძრწუნებელ არს სიკვდილი მართალთათვის, ვაი, რა-მე ეყოს ცოდვილსა?!
და შემდგომი ბრძანებული არს პირველი თხოვა ესე ღვთისა მიმართი, ვითარმედ "წმიდა იყავნ სახელი შენი".
სახელი ღვთისა, საყვარელნო, არა მხოლოდ თუ წმიდა არს, არამედ ზესთა წმიდა არს და უწმიდესი ზესთა ყოველთასა წმიდა, ვითარცა დასწერენ წმიდანი მამანი, ვითარმედ: "წმიდა არს იგი წმიდათათვის". გარნა არა წმიდათა და მოუქცეველთათვის არა არს იგი მათთვის წმიდა, არამედ დამსჯელ არს სახიერი იგი არა წმიდათა ცოდვილთათვის. ამისთვის ვითარცა სამისა საქმითა სათნო-ეყოფიან ღმერთსა კეთილისა მქონებელნი კაცნი, ესე იგი, სარწმუნოებითა მართლითა და საქმითა კეთილითა; მეორედ, სასოებითა ჭეშმარიტითა, და მესამედ, სიყვარულითა შეუორგულებელითა. და ეგრეთვე სამითაცა ამის საქმითა სიწმიდესა განუდუებიან მართლისა კეთილმოქმედებისასა. ესე იგი, პირველად კერპთმსახურნი, ვითარცა იტყვის ფსალმუნი: "რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან". მეორედ, გრძნეულნი და ჰანგარნი, რომელთამე და ესე ვითარცა სულელთა. და მერმე ვერცხლისმოყვარენი, რომელ არს მეორე კერპთმსახურება, რომელნიცა ზესთა ყოველთასა შემყვარებელ იყვნენ ვერცხლისა სიბოროტისა, მოციქულისამებრ: "და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არა-წმიდასა და ანგარსა, რომელ-არს კერპთმსახური, არა აქუს მკვიდრობა სასუფეველისა ქრისტესსა და ღმრთისასა (ეფეს. 5,5). და მესამედ, ხორცთმოყვარენი კაცნი, სრულიადითა ნებებელობითა შედგომილნი, მეფუფუნენი და დამვიწყებელნი სულისანი. წმიდათ ანგელოსთათანა მეორითა მსგავსებითა შეწებულნი და შეერთებულნი, არამედ ხორცთმოყვარებითა გარ განზიდულნი, მოციქულისამებრ ფილიპე, ვითარმედ "რომელთა ღმერთი მუცელ არსო" (3, 19).
მაშასადამე, არს ღვთისა შორის წმიდაყოფა წმიდათათვის. ესე იგი, ღვთისა სათნო ყოფილთათვის, ლიტურღიისამებრ, ვითარმედ "წმიდაა წმიდათა". ნამდვილ წმიდაარს ყოველივე ბრძანებული საიდუმლო, რათამცა ყოველთავე ბრძანებათა მისთა კეთილად აღვასრულებდეთ. თვით წმიდა და თვით ჩვენცა წმიდაგვყოფს, რომელთა ვიცნათ და ვსასოებდეთ სახელსა მისსა წმიდასა. და სცნათ და ვადიდოთ წმიდათ მღაღადებელთა: "წმიდაი არს სახელი ჩვენ ზედა, ზეცათა მეუფეო, რათა გიცნათ შენ, ჭეშმარიტი ღმერთი, ჭეშმარიტთა მორწმუნეთა შენთა და სამარადისოდ ვადიდოთ სახელი შენი დაუსრულებელი და საუკუნო წმიდად ყოფითა ჩვენითა".
ხოლო მეორე თხოვა ბრძანებული სავედრებელად ჩვენდა ესე არს, ვითარმედ, "მოვედინ სუფევა შენი".
სუფევა ორსახედ გულისხმავყოთ. ერთად - საუკუნოსა მის სუფევისა, ფსალმუნისამებრ: "სუფევა შენი სუფევა არს საუკუნეთა". ხოლო მეორედ ვსცნობთ ამას ცხოვრებასა ჩვენსა შინა უმაღლესსა დიდებასა და მეფობითსა პატივ-აღყვანებასა. ამისთვის ესრეთ გულისხმავყოთ, ვითარმედ ოდეს ცოვრება ესე ჩვენი სათნოდ ღვთისა აღვასრულოთ და მცნებასა მისსა გული ჩვენი შევზღუდოთ, მაშინ გულთა და თირკმელთა განმკითხველი, საღმრთოსამებრ თქმულისა, ჰსცნობს თავსა ჩვენსა, რომელ შევრდომილ ვართ ბრძანებას მისსა და მცნებასა. და ჩვენცა გულითა კადნიერითა აღვიღაღადებთ, ვითარმედ "მოვედინ სუფევა იგი საუკუნოსა დიდებისა შენისა, რასა ღირსვიქმნეთ მუნ განსვენებასა სუფევისა შენისასა". ხოლო მეორე ესე ცხოვრებია სუფევისა ჩვენისა იყავნ წარმართებულ ნებისაებრ შენისა, ვითარცა მესამისა ვედრებითსა თხოვასა შინა გვიბრძანებს, ვითარმედ :იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა".
ვედრებითი ესე თხოვა, ბრძანებულიწ წმიდისა სახარებისა, ესრეთ გულისხმიერ გვყოფს, ვითარმედ, ვინათგან ყოველთავე არსთა ქმნილებათა შორის მივხედავთ, რომელ ხილულნი და უხილავნი ყოველნი შემოქმედისა მის მიერ ქმნილნი და დაბადებულნი მისნი არიან, და ყოველნივე ხელმწიფებასა და მონებასა მისსა ქვეშე არიან, ვითარცა წინასწარმეტყველი დასწერს: "აქებდით ღმერთსა ცანი და ქვეყანა", და შემდგომი. და რამეთუ არცაღა თუ ეშმაკთა ძალუძს წინაგანწყობად ბრძანებულთა მისთა, წმიდისაებრ იაკობ მოციქულისა მეტყველი, ვითარმედ "ეშმაკთაცა აქვს ძრწოლა შემოქმედებისა მისისა, დაღაცათუ სამართალად თვისსა დასჯილნი არიან". ეგრეთვე ჩვენცა მორწმუნენი მის შემოქმედისანი, შიშით და ძრწოლით ხელმწიფებასა მისსა და ნებასა მისსა ქვეშე ვმონებდეთ მეტყველნი, ვითარმედ "მამო ზეცათაო, იყავნ ნება შენი მორჩილებასა და ბრძანებასა ქვეშე შენსა აღმასრულებელთათვის. მხურველითა გულითა ვღაღადებთ შენდამი, რამეთუ არარაიმე ძალგვიძს თვინიერ ხელმწიფებისა და ბრძანებისა შენისა. ვითარცა ყოველთა ზეციურთა და ქვეყნიერთა ზედა ხელმწიფება არს ნებისა შენისა, ეგრეთვე ყოველსავე კეთილმოქმედებითსა განზრახვასა და მოქმედებასაცა ზედა ჩვენსა იყავნ ნება და ბრძანება ხელმწიფებისა შენისა, რათა მორჩილებით და მონებით ვადიდებდეთ სახელსა შენსა დიდსა, მაღალსა და მიუწვდომელსა".