image

თემა: მღვდლობა,  ღვთისმსახურთა მიმართ,  სასულიერო ხელისუფლება

826. ზოგჯერ სოფელს ჩვენს მიერ ხელდასხმული მღვდლები უკვე ემსახურებიან. ხოლო სხვები, ანუ სხვაგან ხელდასხმულნი, მოსახლეობის თანხმობით, სოფლის საეკლესიო დასში ირიცხებიან და ისინიც ასევე მსახურებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც იმავე ადგილას სოფლის მცხოვრებთა თანხმობის გარეშე, ძლიერთა ნებით დაადგინეს. ყველა მათგანს მოეთხოვება საერო, პირადი მსახურება და გადასახადი, თუ არა?
სოფლის წარდგინებით ხელდასხმულნი ან დადგენილნი არ უნდა ექვემდებარებოდნენ არც პირად მსახურებას და არც გადასახადს. ასევე ზოგიერთი ძლიერი პიროვნების წარდგინებით ან რწმუნებით დადგენილებმაც არ უნდა იმსახურონ პიროვნულად, არამედ საკუთრებით უნდა მიიღონ მასში მონაწილეობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაგვიგონია, რომ ისინი შემოწირულობის საფუძველზე არიან ხელდასხმულნი. რამეთუ ეს საქმე რაღაცნაირად შეიძლება მოსათმენი იყოს (აქ ორიგინალში რამოდენიმე სიტყვა გაცრეცილია - შენიშვნა); მაგრამ ვინც დადგენილია, მან თვითონ უნდა აგოს საკუთარ თავზე პასუხი.
827. როდესაც მღვდლებს ხელს ვასხამდი, ერთი დავტოვე, ვინაიდან გავნაწყენდი მასზე, ხოლო ახლა ვწუხვარ, რამეთუ არ ვიცი, კარგად მოვიქეცი თუ არა.
თუ მასზე დაუდევრობის, ან რაიმე სხვა აშკარა შეცოდების გამო სამართლიანად განაწყენდი, მაშინ კარგად მოქცეულხარ, რომ დატოვე ის. ხოლო, თუ მიწიერი ბრძნობით განაწყენებულმა დასაჯე, მაშინ უნდა შეინანო და თავისთავად ხელი უნდა დაასხა მისი თხოვნის გარეშე.
828. რადგანაც სხვადასხვა პირები ზოგიერთების ხელდასხმას მთხოვენ და ბევრ უსიამოვნებას მაყენებენ, ამიტომ ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე, რომ არავის აღარ დავასხა ხელი. მაგრამ ერთი ქრისტესმოყვარე, ჩვენგან შეყვარებული და ჩვენი ერთგული კაცი, რომელიც ბევრს შრომობს ღვთის გულისათვის და შუამდგომლობას გვიწევს ძლიერ პიროვნებებთან, ერთ ერისკაცზე ამოწმებს, რომ ის კეთილმსახური ადამიანია და გვთხოვს მის ხელდასხმას. გავაკეთო ეს მისი გულისთვის თუ არა?
შენ რომ მთელ შენს იმედებს ღმერთზე ამყარებდე, მაშინ არ დაგჭირდებოდა ვინმეზე ზრუნვა. მაგრამ, რადგან ჯერ კიდევ გჭირდება ადამიანების დახმარება, ამიტომ შენ თუ სათნოდ გექცევიან, შენც უნდა სათნოეყო სხვებს, რამეთუ წერილში ნათქვამია: „ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაითა გიყონ კაცთა და თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ“ (ლუკა 6, 31). თუმცა, თუ მთხოვნელი (როგორც შენ ამბობ) კეთილმსახური ადამიანია და ასევე კეთილმსახურია ის, ვისზეც ამოწმებს, მაშინ არ უნდა გაშფოთებდეს არც რწმუნება და არც ხელდასხმა, რამეთუ მოეკითხება მას (ვინც ამოწმებს). თუ შენ იცი, რომ ის ადამიანი, ვის ხელდასხმასაც გთხოვენ, არ იმსახურებს ამას და რაღაც საკითხში მასზე არასასიკეთო ხმები დადის, მაშინ არ მოუსმინო თხოვნას და არ აკურთხო ის მღვდლად. იმიტომ, რომ მაშინ თვითონ გასცემ ამისთვის ღმერთს პასუხს.
image
 
თემატური კითხვები