წინათქმა

დიდება მაღალ ღმერთს სიცოცხლისათვის, ივერიაში გაჩენისათვის, ამდენი, ასეთი სახელოვანი, გმირი წინაპრებისათვის, „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა...“? მუდამ გვიკვლევენ, გვინათებენ ცხოვრების გზას, მათი სიტყვანი, საქმენი სამოღვაწეო და საგმირონი. გაუმქრალ კელეპტრებად ანთიან: მოყვასის, მამულის და ღვთის სიყვარულისკენ გვინათებენ, გვიკაშკაშებენ, ვიწროკლდიან, ეკლიან, სიბნელიდან სინათლისკენ მიმავალ გზებს. ერთ-ერთი ასეთი დიდი წინაპართაგანია თავისი ხალხის, მამულისა და ღვთის მსახური, მღვდელი, მამა პავლე რაზიკაშვილი. მშობელი მამა, ჩვენი ერის დიდი სულიერი წინამძღოლის, პოეტისა და მწერლის, ვაჟა ფშაველასი, მისი სახელოვანი და-ძმებისა. მამა პავლე არის ღირსეული მოღვაწე ივერიის სამოციქულო ეკლესიისა, მოძღვარი და კეთილი, ღირსეული მაგალითი, თავისი ხალხისა. „მამა პავლე კარგი პრატორი, ბრძენი და მაღალი ზნეობის ადამიანი იყო. მთიელებს მისი სწამდათ და ენდობოდნენ. მოძღვარი, ფშავ ხევსურეთის მიუვალ სოფლებში ავრცელებდა უფლის სიტყვას, ნათლავდა, აზიარებდა, ქრისტიანული ცხოვრების წესს ამკვიდრებდა თავის სამწყსოში“. აი მის ანდერძთაგან ერთ-ერთი: „მონათლული, მართლმადიდებელი ქრისტიანი, უნდა გაიწმინდოს ცოდვებისაგან და ქრისტეს წმინდა სისხლისა და ხორცის თანაზიარი გახდეს. ქრისტეს რჯული, ლოცვით, მარხვით, აღსარებით და ზიარებით აღესრულება. მხოლოდ ასეთ მსხვერპლს შეიწირავს უფალი“.
    გთავაზობთ მამა პავლეს, ჩვენამდე მოღწეულ, გადარჩენილ ქადაგებათა კრებულს და ცხოვრება მოღვაწეობის მოკლე აღწერას. გვსურს, კვლავაც ისმოდეს „წმინდა სიტყვა“, „უშიშრად მოფენილი“, მამა პავლესაგან, საქართველოს მთასა და ბარში, „ბოროტთ საკლავად“, ჩვენს გასაწვრთნელად რჯულში დღესაც ისეთ სატკივარს ვაწყდებით, მთასა თუ ბარში, რაც მამა პავლეს დროს გვიჭირდა, ზოგმა სენმა კიდევ უფრო გაიდგა ფესვი, ახალი სახე მიიღო, ამიტომ დღესაც სუფთა ჰაერივით გვჭირდება, ჩვენი დიდი წინაპრების სწავლა-დარიგებანი, ქადაგებანი. ღმერთმა მოგვცეს ძალ-ღონე, კეთილგონიერება და გულისხმიერება, რათა ჩვენ „საქმით აღვასრულოთ“, რაც „მათ სიტყვით გვითხრეს“, რათა არ ჩატყდეს „ცხოველმყოფელი“ ხიდი და უნაყოფო, საცეცხლედ განმზადებულ ხეს არ ვემსგავსნეთ.
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები