ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
კაცი გონიერი, თუ კი მის გულში რომელიმე ღვთის მადლი და სასოება არის, არაოდეს არ იქმნება კმაყოფილი თავის თავისა. იგი მარადის თავის თავს აფრთხილებს და თავის თავს უჯავრდება. თუმცა რაიმე კეთილი და გამოსაჩენი ქმნას, ამით არ დაკმაყოფილდება იგი, არამედ სურს, რომ კიდევ უმჯობესი რაიმე ქმნას. თვით ღმერთმა კაცის ბუნებასა შინა დანერგა დაუსრულებელი მისწრაფება უმჯობესისა და უმაღლესისა მდგომარეობისადმი. კაცი ცოცხალი, გონიერი და ცხოველი, ვერასოდეს ვერ დააკმაყოფილებს ვერცა ჭკუასა, ვერცა გულსა თვისსა. რამდენიც გინდა სწავლა და მეცნიერება მიღოს კაცის ჭკუამა, იგი მაინც არის ხარბი და გაუმაძღარი და მიესწრაფება უმაღლესისა მეცნიერებისა ხარისხისადმი. ეგრეთვე გული ჭეშმარიტისა, ღვთისმოყვარისა კაცისა, ვერასოდეს ვერ გაძღება, თუგინდ მრავალნი სათნოებანი აღასრულოს. მაშასადამე კაცი, რომელიც იქადის თვისითა სათნოებითა, ამით ამტკიცებს, რომ მას არა აქვს ჭეშმარიტი სათნოება. შინაგანი გულის კმაყოფილება არის ნიშანი მისისა უგუნურებისა.