ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ღვთისმსახურება
ღვთისმსახურება ეკლესიაში მარტო იმით ვერ შესრულდება, რომ მღვდელნი ხმამაღლა ლოცვებს წაიკითხავენ, მგალობელნი გალობას იტყვიან. უმთავრესი და უსაჭიროესი საქმე წირვისა დროსა არის ის გრძნობა, ის სასოება, ის საიდუმლო, მხურვალე ვედრება ღვთისადმი, რომელიც მაშინ კაცს უნდა ჰქონდეს დაფარულად გულში. ამაზედ კიდევ უდიდესიც წირვის დროს არის ერთი რომელიმე საქმე. რომელი? ერთობა, შეერთება ყოველთა დიდთა და მცირეთა, მღვდელთა და ერთა, ქალთა და კაცთა, ერთი გრძნობითა, ერთი აზრითა, ერთი სიყვარულითა, – „და მოგვეც ჩვენ უფალო, ერთითა გულითა და ერთითა პირითა დიდებად და გალობად“, – როგორც წირვაში ვსთხოვთ ღმერთსა. ეს არის ჭეშმარიტი ღვთისმსახურება და მსხვერპლის შეწირვა.