ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ღვთისმსახურება
მარტო საყდარში კი არ უნდა იყო შენ, ძმაო ერისკაცო, ღვთის საქმის მოქმედი, არამედ ყოველგან და ყოველთვის. სიტყვა და მცნება ღვთისა მოკლედ არ უნდა გვესმოდეს ჩვენ და ვიწროდ – „ვრცელ არს მცნება შენი ფრიად და მონამან შენმან შეიყვარა იგი“. ქრისტიანე ხარ, მონათლული ხარ, ღმერთთან შეერთებული ხარ, მაშასადამე ყოველთვის ღმერთს უნდა ემსახურებოდე, ყოველნი შენნი საქმენი, მრთელი შენი ცხოვრება ღვთის სადიდებელად უნდა იყოს. თუ გინდა უბრალო რაიმე სოფლიურ საქმეს აკეთებდე, მაინც ისეთი ხასიათი და მიმართულება უნდა მისცე იმ საქმეს, რომელ ისიც ღვთის საქმე იყოს.