image
546. სანამ აბბა ბარსანუფი მდუმარებისთვის აბბა სერიდის საერთო საცხოვრებელში მივიდოდა, ერთი ძმა მას სხვადასხვა საკითხზე მიმართავდა ხოლმე, რომელიც შემდეგ წავიდა მისგან; შემდგომ საერთო საცხოვრებელში კვლავ დაბრუნებულმა ამ ძმამ, რომელიღაც კეთილკრძალულ ძმას, როგორც უმეცარ და უღირს ადამიანს, დამცირება დაუწყო; ბერისაგან კი ძველი გზის გასაგრძელებლად დამოძღვრა ითხოვა და უთხრა: ღმერთმა შენს სიწმიდესთან მომიყვანაო.
მოციქული ამბობს: „არა სიტყვითა არს სასუფეველი ღმრთისაი“ (1 კორ. 4, 20), და აბბა მაკარიმაც თქვა: „მართლმორწმუნეს და კეთილკრძალულ მოღვაწეს იესო ვნებებსა და დემონებს ხელში არ გადასცემს“. უფალმა თქვა: „მრავალნი ქურივნი იყვნეს დღეთა მათ ელიაისთა ისრაელსა შორის, და არავისა მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონისა, დედაკაცისა ქურივისა“, თუმცა კი ის წარმართი იყო; და კიდევ თქვა: „მრავალნი კეთროვანნი იყვნეს ისრაელსა შორის ელისეს ზე, წინაისწარმეტყუელისა, და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნემან ასური“ (ლუკა 4, 25-26), რომელიც, თუმცა კი უცხოტომელი იყო, მაგრამ სწამდა. მე ამიტომაც ვფიქრობდი, რომ შენ ჩვენგან წასვლის შემდეგ, თავის მართლება მიატოვე და სიმდაბლე შეიძინე; მაგრამ შენი აზრებიდან ვხედავ, შენ იგივე ხარ, ან შესაძლოა, კიდევ უფრო უარესიც. თუ „სულელნი და შეურაცხნი და არაარსნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან“ (1 კორ. 27-28), მაშინ ცხადია, განდიდებული და ადამიანთაგან შექებული უარყო; რამეთუ ღვთისათვის ის კი არაა სათნო, რაც ადამიანებს ესათნოებათ, არამედ ვინც ადამიანებისაგან ღვთის გულისათვის შეურაცხყოფილია, ის გამოირჩია ღმერთმა, როგორც თავადვე აღნიშნა ეს: „ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა, და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდნენ, და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაი, ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინასწარმეტყუელთა მამანი მათნი“ (ლუკა 6, 22-23). შენ ერთხანს ჩვენთან იზრდებოდი; აბა გამოიკვლიე შენი გული, რა საბაბი ან რჩევა მიიღე ჩვენგან ისეთი, რომელსაც ღვთის გზისაგან შენი განყენება შეეძლო? და ის წუხილი, შენ რომ გამძიმებდა, საიდან მომდინარეობდა, თუ არა იმ მწუხარებიდან, რომელიც შეგემთხვა, როდესაც ბერმა შენივე სარგებლისათვის გაგაძევა? მითხარი ძმაო, ღმერთი რას უყურებს - ადამიანის საქმის დასაწყისს თუ იმას, როგორ დაამთავრებს დაწყებულს? შენ თავად იცი, რა შეიძინე შენი ხეტიალით. ასევე ისიც იცი, რომ ადრე, ჩემთან ცხოვრებისას, გეუბნებოდი: თუ ერთში მისმენ, ხოლო მეორეში მეწინააღმდეგები, მაშინ იმაშიც, რაშიც მისმენ, შენს ნებას ისრულებ. ამიტომ მე არ ვაგებ შენს გამო პასუხს ღვთის წინაშე. თუ აქ ღმერთმა მოგიყვანა, თვითონვე წარგიმართავს გზას, ხოლო თუ შენი ნებით მოხვედი, მაშინ წერია: „განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულთა მათთაისა“ (ფსალ. 80, 13). ასე რომ, ილოცე ჩემთვის და ნუ აგვაფორიაქებ, მეც მსურს უფალში ყველაფრის მიმართ უზრუნველობა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები