თემა: პატივმოყვარეობა,  სიმდაბლე


თავმდაბლობის გაკვეთილი.

ეგვიპტის ერთ-ერთ პროვინციაში ახალგაზრდა მმართველი დანიშნეს. ჭაბუკი ოცნებობდა, თავისი სამართლიანობითა და სიბრძნით მთელ ქვეყანაზე სახელი გაეთქვა. მაგრამ პირველივე დღეს, როცა საჯარო სიტყვას წარმოთქვამდა, ზურგს უკან მოესმა:
    -შორსაა იგი ამბა მოსესგან! ჩვენს მხარეში მასზე ბრძენი არავინაა!
    ეს სიტყვები ღრმად აღიბეჭდა ჭაბუკი დიდებულის პატივმოყვარე სულში. მას შემდეგ დღე არ გავიდოდა, ამბა მოსეს დიდებაზე რომ არ ეფიქრა. ბოლოს გადაწყვიტა, მონასტერში მისულიყო და სახელგანთქმული ბერი პირადად ეხილა. ჭაბუკ მმართველს თან მსახურნი გაჰყვნენ. მხედრებს გზა აებნათ და დიდხანს მოუწიათ უდაბნოში ხეტიალი. ჭაობებთან შავკანიანი მოხუცი შემოხვდათ, რომელმაც მათ გზა ასწავლა.
    -ეთიოპიელო, წამიძეხი ამბა მოსეს სენაკამდე! - უბრძანა მას ახალგაზრდა მმართველმა.
    -მე ია არ წამოვალ და არც თქვენ გირჩევთ, შორს დაიჭირეთ თავი იმ ავაზაკისგან! ამასთან, თქვენი ამბა მოსე სულელიცაა და მისგან მაინც კარგს ვერაფერს შეიტყობთ! -მიუგო მოხუცმა და ბუჩქებში მიიმალა.
    ახალგაზრდა მმართველი გამხიარულდა. ეამა, რომ თურმე ყველა მისი ქვეშევრდომი როდი განადიდებს ამბას და შემდეგ მონასტერში მისვლამდე მთელი გზა მოხუცის სიტყვებზე ხალისობდა.
    თუმცა მისი სიხარული მალევე მრისხანებით შეიცვალა, როცა ბერებისგან შეიტყო, რომ ამბა მოსეს ასავალ-დასავალი არ იცოდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ მმართველმა ეს შორი გზა სულ ფუჭად განვლო.
    -დაე, ასე იყოს! რა უნდა ველაპარაკო თქვენს მოღვაწეს, თუკი ღატაკი მაწანწალაც კი, რომელიც ჭაობებთან შემოგვხვდა, მას ავაზაკად და სულელად მოიხსენიებს! - გაცხარებით წამოიძახა ახალგაზრდა მმართველმა.
    -როგორ გამოიყურებოდა ის მაწანწალა, რომელიც ამბა მოსეს ლანძღავდა? - ჰკითხეს ბერებმა მმართველს.
    -ეს იყო მაღალი, შავკანიანი ეთიოპიელი ძველ, ღარიბ სამოსში, - მიუგო დიდებულმა.
    -ეს ხომ თავად ამბა მოსეა! - ერთხმად შესძახეს ბერებმა.
    შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა დასძინა:
    -ოდესღაც ამბა მოსე შავკანიანი მონა იყო. ის თავის ბატონს გაექცა და მართლაც ავაზაკი გახდა. მაგრამ უკვე დიდი ხანია, ყველაფერი მოინანია და მაღალმა ღმერთმა უხვად უბოძა სიბრძნისა და გულთამხილველობის მადლი.
    -შეუძლებელია! მაშ, რატომღა უწოდა მან საკუთარ თავს სულელი? - ვერ იჯერებდა პატივმოყვარე ახალგაზრდა.
    -ეტყობა, შენთან შეხვედრას თავს არიდებდა; ამბა მოსემ ჯერ კიდევ გუშინ გაგვაფრთხილა, რომ მონასტერში მოვა კაცი, რომელსაც ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება და სხვისი სიბრძნის სავაჭროზე გამოტანა სურს. შემდეგ დაგვმოძღვრა, რომ მხოლოდ მათ ვესაუბროთ, ვინც სულის ცხონების გზას ეძიებს, - მიუგეს ბერებმა.
    ამ სიტყვებით ბერები თავიანთ სენაკებში მიიმალნენ.
    ახალგაზრდა მმართველს კი ეს გაკვეთილი სიცოცხლის ბოლომდე დაამახსოვრდა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები