ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: სიმდაბლე
63. სიმდაბლის საუნჯე, არის რა იგი თავისი ბუნებით ზეამყვანი, ღვთისთვის საყვარელი და, ამასთან, მომსპობი თითქმის ყველა ჩვენეული და ღვთივმოძაგებული უკეთურებისა, სწორედ ამიტომ ძნელადმოსაპოვებელი თვისებისაა, და იქნებ ადვილად ნახო რომელიმე ადამიანში მრავალი სათნოების ნაწილობრივი რამ საქმე, მაგრამ თუ მასში სიმდაბლის სურნელებას დაუწყებ ძებნას, ძნელად იპოვი. ამიტომაა საჭირო დიდი გულმოდგინება, ხსენებული განძი რომ შეიძინო. წერილი ეშმაკსაც „ უწმინდურს“ უწოდებს, რადგან დასაბამშივე განგდო მან მდაბალცნოერების ეს კარგი საუნჯე და ამპარტავნება შეიყვარა. ამიტომაც, მთელ წერილში „უწმინდურად“ იწოდება იგი. დიახ, რა სხეულებრივი უწმინდურება შეიძლება იმოქმედოს ყოვლითურთ უსხეულომ, უხორცომ და შეუდგენელმა, ამის გამო რომ „უწმინდური“ ეწოდოს მას? აშკარაა, რომ ამპარტავნების გამო იწოდა იგი „უწმინდურად“ და წმინდა და ნათლიერი ანგელოზისგან ბილწად გამოცხადდა, ხოლო უწმინდურია უფლის წინაშე ყველა გულმაღალი, რადგან „პირველი ცოდვა, – ამბობს, – ამპარტავნებაა“, ვინაიდან ამგვარად თქვა ამპარტავანმა ფარაონმა: „შენი ღმერთი, – ამბობს, – არ ვიცი და არ გავუშვებ ისრაელს“ (გამოსვლ. 5.2).