
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
ნუ დაივიწყებ, ძმაო, მცნებასა ამას: „წმიდა ჰყავ დღე იგი“ და შეუდექი ამის აღსრულებას. აღსდგები რა დილით კვირას, სახლში ილოცე და მერმე წადი და ცისკარიც მოისმინე. ესრე გამზადებული სულით და გულით წახვალ წირვაზე და უფრო ნაყოფიერად მოისმენ წირვასა. ნაწირვებს, სადილის მიმღებმა, ეცადე რაიმე მცირე მაინც კეთილი საქმე აღასრულო. იქნება ვინმე იცი ღარიბი და საწყალი კაცი, მიეც იმას რაიმე შემწეობა საიდუმლოდ, რომ მარჯვენემან შენმა არ შეიტყოს. იქნება ვინმე შენი მეზობელთაგანი არის სნეული და მწუხარე, მიდი და ნუგეში ეცი; იქნება ვინმე გყავს ნაცნობი, რომელსა უყვარს ლაპარაკი საღმრთოსა საგანსა ზედა, მიდი მასთან და ილაპარაკე და გაატარე დროება. ყბედ, მეჭორე, ცილისმოსაქმე და მოლაპარაკე კაცთან არ მიხვიდე იმ დღეს. ბოლოს, საღამოს მოისმინე მწუხრი და ასე, მოსვენებული ხორციელად, განახლებული სულიერად, შეუდექი მეორე დღეს. იცოდე, რომ კვირა დღეს, მცირე ცოდვაც რომ ჰქმნა, ათ წილ უფრო დამნაშავე იქნები, ამისთვის, რომ ის არის ღვთის დღე. არ დაემსგავსო, ძმაო, ცოფთა მათ და ცოცხალ–მკვდართა, რომელნი კვირა დღეს უფრო ცუდად ატარებენ, ვიდრე სხვა დღეებსა. რომელნი სწორედ ამ დღეს მოიცლიან ყოვლის ცოდვისა, სიმთვრალისა და ლხინისათვის, არამედ შენ ეცადე და წმინდა ჰყავ დღე იგი.