ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: განსაცდელები, მშვიდობა, ღვთის მსჯავრი სასჯელი
566. საერთო საცხოვრებლის მდუმარე მამების ვედრება დიდი ბერისადმი მშვიდობისათვის.
მშვიდობა დაკნინდა და ჩვენ ყველანი გთხოვთ, რომ კეთილ ღმერთს სთხოვო, უკან წაიღოს ხელი (1 ნეშტ. 21, 15-27) და თავისი მახვილი ქარქაშში ჩააგოს. შენი წმინდა საკმევლით დახოცილთა და ცოცხალთა შორის დადექი (რიცხ. 17, 12-13), და მიაღწიე იმას, რომ შეწყდეს საყოველთაო მუსრვა; აღმართე წმინდა საკურთხეველი ორნანის წმინდა კალოზე (1 ნეშტ. 21, 28), და შეწყდება ღვთის რისხვა. ძლიერ გევედრებით და გთხოვთ: შეიწყალე დაღუპვის პირას მყოფი ქვეყანა; გაიხსენე, რომ ჩვენ ყველანი შენი კიდურები ვართ; ახლაც გვიჩვენე შენი გულმოწყალება და სასწაულები ღვთისაგან, რამეთუ მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.

ძმებო! მე ვტირივარ და მოვსთქვამ, ვხედავ რა ჩვენზე მოვლენილ რისხვას, რადგან ჩვენ ყველაფერს ღვთის წინააღმდეგ ვაკეთებთ. მან თქვა: „უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროის მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათე 5, 20), ხოლო თქვენი უკეთურება გაცილებით მეტია, ვიდრე წარმართებისა. მრავალნი ევედრებიან ღმერთს, რათა მან სოფლისადმი რისხვა შეწყვიტოს. არავინაა ღმერთზე უფრო კაცთმოყვარე, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მას არ სურს ჩვენი შეწყალება, ვინაიდან ამას იმ ცოდვების სიმრავლე ეწინააღმდეგება, რომლებიც ამ სოფელში ხდება. მაგრამ ღვთის წინაშე არის სამი სრულყოფილი მამა, რომლებიც ადამიანურობის საზომს გასცდნენ და გახსნის და შეკვრის, ცოდვების მიტევების და შეკავების ხელმწიფება მიიღეს. სწორედ ისინი დგანან დაღუპვასა და მშვიდობას შორის, რათა უფალმა უცებ არ გაანადგუროს მთელი ქვეყანა; მათი ლოცვით, ის საჯელს წყალობაში აზავებს. მათ ეუწყათ, რომ ეს რისხვა მცირედ ხანს გასტანს. ასე რომ, მათთან ერთად ილოცეთ. ამ სამი მამის ლოცვები სამყაროთა მამის ზეციური სამსხვერპლოს შესასვლელთან ერთმანეთს ერწყმიან, მხიარულობენ და ერთმანეთს ზეცაში შეჰხარიან. ხოლო, როდესაც დედამიწას დაჰყურებენ, ერთად ტირიან, ცრემლებს ღვრიან და იმ ბოროტეულთა გამო მოსთქვამენ, რომლებიც ღვთის განრისხებას იწვევენ. ეს სამი მამაა: იოანე - რომში, ილია - კორინთოში და ვინმე - იერუსალიმის ეპარქიაში. მე მრწამს, რომ ისინი დიდ წყალობას იჩენენ სოფლისადმი, ჭეშმარიტად იჩენენ, ამინ. ჩემმა ღმერთმა დაე გაგაძლიეროთ, რათა მოისმინოთ და დაიტიოთ ის, რაც მიუხვედრელთათვის მიუწვდომელია.