ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
ესრეთ ფიქრობენ და ამას იტყვიან ზოგიერთნი პირნი: „ვის რა დააკლდება, მე რომ განსხვავებული ჰაზრი მივიღო ღმერთზედ, ანუ სხვა ეკლესიის სწავლაზედ? ჩვენგან ღმერთი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ ვნება არავის მივცეთ და ცუდს საქმეს მოვერიდოთ, სხვებრ რაც გინდა ვიფიქროთ ეკლესიის სწავლათა ზედა, ამით არავის არაფერს არ დაუშავებთო“. არა ძმანო ჩემნო, ესე ვითარი ლაპარაკი და განზრახვა არის წინააღმდეგი, ცრუ და უსაფუძვლო. ვინც ესრეთ განიზრახავს, მას უთუოდ ავიწყდება ერთი რაიმე, სახელდობრ, ავიწყდება რა საგანი აქვს ეკლესიის სწავლას, რისთვის გვამზადებს ჩვენ და გვზრდის, არათუ მხოლოდ ამ სოფლის ცხოვრებისათვის, არამედ და უმეტესად მომავალისა საუკუნოისათვის. ადამიანის არსება და ცხოვრება რომ არ გაგრძელდებოდეს გარეშე ამის სოფლისა, ჩვენ რომ არ გვრწამდეს უკვდავება სულისა ჩვენისა და მომავალი დაუსრულებელი ცხოვრება, მაშინ სწორეთ სულ ერთი იქნებოდა, რაც გინდა ჰაზრი გვქონდეს ღმერთზედ.