
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
ფრიად საჭიროა, რომ კაცი მიეჩვიოს და ისწავლოს დაზოგვა, შენახვა, გონივრად მოხმარება ყოვლისა, რასაც ღმერთი მას მისცემს. ეს რომ ყოველ კაცს ახსოვდეს, მაშინ ქვეყანაზე არ იქნება ისრეთი სიღარიბე, როგორიც არის ეხლა. საუბედუროდ, მრავალთა კაცთა ისეთი თვისება აქვს, რომელ თავის მოწონებისათვის და გამოჩენისათვის არ ჰზოგვენ ხარჯს, ჰღუპავენ უმეტესსა ნაწილსა თვისი ქონებისასა. მდიდარი კაცი რომ ესრედ იქცეოდეს, ისიც ფრიად გასამტყუნებელია, ამისთვის რომელ უსარგებლო ხარჯი წარწყმედა არის ღვთისაგან მოცემულის ქონებისა. თუ მას გარდამატებულად აქვს, ათასნი არიან სხვანი ღარიბნი და ყოველითურთ მოკლებულნი. მათ უნდა მოახმაროს და შეეწიოს მდიდარმა კაცმა და არა უსარგებლოდ დაჰღუპოს თვისი ქონება. გარნა, როდესაც ღარიბი კაციც ვალში ჩავარდება და უსარგებლო ხარჯს მოახდენს თავის მოწონებისათვის, ის არის გამოუთქმელი უგუნურება და ცოდვა.