წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს მოქცევა.

წმიდა დიდმოწამე ეკატერინე რომის ცეზარის, კონსტის ქალიშვილი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ სამეფო სკიპტრა მაქსიმეს ხელში გადავიდა. რასაკვირველია, ეკატერინე ამაზე არც კი ფიქრობდა, რამეთუ სრულად მიუძღვნა თავი სიბრძნისმეტყველებას: კითხულობდა ჰომეროსს, პლატონს, დემოსთენეს და მხოლოდ საკუთარი ნაკითხობით იყო აღფრთოვანებული. მაგრამ მისი დედა ზრუნავდა, რომელიმე დიდებულზე ქალიშვილის გათხოვებით საკუთარი მოდგმა კვლავ სამყაროს ტახტზე ეხილა; ის ქალიშვილს განუწყვეტლივ ურჩევდა, საქმრო კეთილშობილი ოჯახიდან შეერჩია; მაგრამ ეკატერინე მუდამ ცდილობდა, დედის განზრახვა უგულებელეყო; მშობელი დედა კი ამის გამო ძალზე მწუხარებდა და გადაწყვიტა, დასახმარებლად სხვები მოეხმო.
    ქალაქის უცნობ ადგილას ცხოვრობდა ღვთივსათნო ბერი, მისი დედის სულიერი მოძღვარი, რამეთუ ის ქრისტიანი იყო; მაგრამ რწმენისადმი რაღაც გაურკვეველი გულგრილობის გამო, ანდა იმის შიშით, რომ მისი ასული ქრისტიანად მოქცევის შემდეგ ახალგაზრდული მოშურნეობით არ გამოაშკარავებულიყო და ამით ზიანი არ მიეყენებინათ, თავის რწმენას მისგან დრომდე მალავდა. სწორედ იმ ბერთან მივიდა ის ქალიშვილთან ერთად და გაუმხილა ასულის გულგრილობა გათხოვებაზე. მან სთხოვა, დაეყოლიებინა ჯიუტი ქალწული, მისი რჩევა შეესმინა. მაგრამ ბერის ყველა შეგონება და დედის რწმუნება ამაო გამოდგა. ეკატერინემ გადაწყვეტით თქვა:
    -თუ გსურთ, გათხოვილი მიხილოთ, მომიძებნეთ ახალგაზრდა, რომელიც არ ჩამომივარდება არც კეთილშობილებით, არც განსწავლულობით, არც სიმდიდრით და არც სილამაზით; თუ ამ სრულყოფილებებიდან ერთი მაინც ეკლდება, მარად ქალწულად დავრჩები.
    ამის მოსმენაზე დედამ თავისი სურვილის ასრულების იმედი გადაიწურა, მისი კეთილგონიერებითა და ქალწულებისკენ მისწრაფებით აღფრთოვანებულმა ბერმა კი გაიფიქრა: „რაოდენ სასიამოვნოა ეს მსხვერპლი ქრისტე მაცხოვრისთვის“ - და გადაწყვიტა, მისთვის ზეციური სასიძო გაეცნო.
    მან მცირე ხანს იფიქრა და ეკატერინეს უთხრა:
    მე ვიცნობ შესანიშნავ ყმაწვილს, რომელიც შეუდარებლად აღგემატება ყველა ღირსებით; მისი სილამაზე მზის ბრწყინვალებაზე მეტია; მისი სიბრძნე ყველა გრძნობიერსა და სულიერს წარმართავს; მისი საგანძური მთელს სამყაროს ეფინება; მისი კეთილშობილება ყველა მეფისას აღემატება.
    ეკატერინემ იფიქრა, რომ ბერი ვიღაც ხელმწიფეზე ესაუბრებოდა და შერცხვა, სახე შეეცვალა და მცირეოდენი ყოყმანით ჰკითხა:
    -ნუთუ ეს მართალია?
    ბერი: წარმოიდგინე უკუნი წყვდიადი და სხივმფენი მზე; ვფიცავ ღმერთს, რომ ამ ახალგაზრდის ჩემმიერი აღწერა ის წყვდიადია, მისი სრულყოფილება კი სხივმფენი მზეა. ეს ისეთი სასიძოა, რომელიც შენი შემოხედვით არ აღფრთოვანდება.
    ეკატერინე: ვისი ვაჟია შენს მიერ ესოდენ განდიდებული ახალგაზრდა?
    ბერი: მას მიწიერი მამა არ ჰყავს, მაგრამ ზებუნებრივად იშვა ყოვლადწმიდა და მარადქალწულისგან, სული წმიდის გარდამოსვლით.
    ეკატერინე: რასაკვირველია, შენ რომელიღაც ღმერთზე ან ნახევრადღმერთზე საუბრობ? მაგრამ შენ ხომ უწყი, რომ ყველა მათგანს რამდენიმე ცოლი ჰყავს.
    ბერი: ო, არა! ამ სასიძოს ერთი სულის შებერვით ძალუძს, ყველა თქვენი ღმერთი და ნახევრადღმერთი ფერფლად აქციოს.
    ეკატერინე: ვერ გავიგე! შეიძლება, ვიხილო ესოდენ საოცარი ახალგაზრდის სახე?
    ბერი: მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
    მაშინ ბერმა მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი მისცა, რომელსაც ხელში საუკუნეთა უწინარესი ყრმა ეჭირა და უთხრა:
    -ეს მარადქალწული და დედაა, ეს კი მისი ძე! ეს გამოსახულება წაიღე და სასახლეში ჩაკეტილმა მთელი ღამე ღვთისმოშიშებით ილოცე, რათა მან თავისი ძე გიჩვენოს. თუ მას ჭეშმარიტი რწმენით შესთხოვ, ვიმედოვნებ, იხილავ, მას, ვისკენაც მგზნებარედ მიისწრაფის შენი გული.
    ბრძენმა ქალწულმა ფასდაუდებელი ძღვენი მიიღო და თავისი სახლისკენ გაეშურა. იქ, ბერის სწავლებისამებრ, მანამდე ლოცულობდა, სანამ მისთვის ესოდენ უჩვეულო ღვაწლისგან ღრმად არ ჩაეძინა. უეცრად მას დედა ღვთისა გამოეცხადა სწორედ ისეთი სახით, როგორც მის სურათზე იყო გამოსახული: ხელში საუკუნეთა უწინარესი ყრმა ეჭირა, რომელიც სახიდან მზეზე უბრწყინვალეს სხივებს აფრქვევდა; მაგრამ მზერა, როგორც ყოველთვის, თავისი ყოვლადწმიდა დედისკენ მიეპყრო, ასე რომ, ეკატერინემ მისი დანახვა ვერ შეძლო. ის მეორე მხარეს გადავიდა, მაგრამ ყრმამ კვლავ იბრუნა სახე...
    ამასობაში, სანამ ორმხრივი ბრძოლა რამდენჯერმე განმეორდა, ზეციურმა დედოფალმა თავის ძეს უთხრა:
    -შეხედე, შვილო ჩემო, შენს მხევალს, რაოდენ გონიერი, კეთილშობილი, მდიდარი და მშვენიერია!
    -ის ისეთი უგუნურია, - მიუგო უწმიდესმა ყრმამ, - ისეთი მდაბალი, ღარიბი და უსახურია, რომ მისი მზერა არ შემიძლია.
    -უკიდურეს შემთხვევაში, - წინააღმდეგობა გაუწია დედა ღვთისამ, - განსწავლე, რა უნდა გააკეთოს, რომ შენი სახის ხილვის ღირსი გახდეს?
    -წავიდეს ბერთან, - თქვა იესომ, - და რასაც ის უბრძანებს, იმავე წუთს აღასრულოს; მაშინ მიხილავს და მადლსაც მოიხვეჭს.
    ხილვით შეძრულ ეკატერინეს გამოეღვიძა.
    რაოდენ ხანგრძლივი მოეჩვენა მას დარჩენილი ღამე! როგორც კი ოდნავ ირიჟრაჟა, ქალწულმა ერთგული მონა ქალი წაიყვანა, ღვთისმოშიშ ბერთან წავიდა და სთხოვა, ესწავლებინა, როგორ დაემსახურებინა ზეციური სასიძოს სიყვარული. მაშინ წმიდა მამამ ზედმიწევნით განუმარტა ქრისტიანული რწმენის საიდუმლოებანი, ღვთის ერთგული სულის ნეტარება, სასუფეველისეული ცხოვრების გამოუთქმელი დიდება და მომავალი ტანჯვის საშინელება. ეკატერინე, როგორც ბრძენი და განათლებული ქალწული, ყველაფერს მიხვდა და შეიმეცნა; მან მთელი გულით ირწმუნა და მისგან ნათელ-იღო. ბერმა ასწავლა, როგორი ვედრებით უნდა ელოცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი, რათა იმავე ხილვით დამტკბარიყო.
    ბრძენმა ყრმა ქალწულმა ძველი ადამიანი ჩამოირეცხა და ახლით შეიმოსა; ის გვიან ღამემდე ლოცულობდა. მთელი მისი სული და გული წმიდა აზრებში იყო შთაფლული. ერთადერთს ნატრობდა - ზეციური სასიძო ეხილა. ღამისთევითა და ლოცვით გადაღლილს ჩაეძინა და წინა ღამის ხილვა კვლავ ესტუმრა. ზეციური ყრმა უკვე მხიარული თვალებით უმზერდა. დედა ღვთისამ ღვთაებრივ შვილს ჰკითხა:
    -სათნო გეყო თუ არა ეს ქალწული?
    -ახლა ის ჩემთვის ისევე კეთილშობილი, მდიდარი, განდიდებული და მშვენიერია, - მიუგო მაცხოვარმა, - რამდენადაც ადრე უგუნური, უპატიო, ღარიბი და უსახური იყო. ახლა კი ისე შევიყვარე, რამდენადაც ადრე მძულდა.
    -ასე, ბრძენო ქალწულო, - მიუბრუნდა ეკატერინეს ძე ღვთისა, - მე შენ ჩემს სასძლოდ გამოგირჩევ და ჩემი შენდამი სიყვარულის სანაცვლოდ ამ ბეჭედს გადმოგცემ. შეინახე ის და სხვა სასიძოს ნუ მიიღებ.
    წმიდა ეკატერინე სიხარულითა და აღფრთოვანებით აღივსო და მის წინაშე მუხლებზე დაემხო...
    -უღირსი ვარ, შენი სასძლო ვიყო! შენი მონა ვიქნები! - წამოიძახა და შერყევისგან გამოეღვიძა... ფასდაუდებელი ბეჭედი ხელზე ეკეთა.
    ადამიანური ზრახვები ამაო, ზოგჯერ დამღუპველიც კია; ღვთაებრივი ზრახვები კი მუდამ იხრება იქითკენ, რომ ღვთისკენ მოგვაქციოს და ჭეშმარიტების გონიერებასთან მიგვიყვანოს. შესაბამისად, ყოველგვარ წამოწყებაში საკუთარ პატივმოყვარეობას ან სხვა რომელიმე ვნებას კი არ უნდა მივაყურადოთ, არამედ ერთადერთ ღმერთს, რომელმაც წმიდა წერილში თავისი ნება ესოდენ ცხადად გაგვიცხადა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები