ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)
თემა: სასწაულები, განსაცდელები
მამა გაბრიელი, როგორც ნუგეში, ისე მოგვევლინა
მამა გაბრიელი თავადაც იყო ორჯერ სტუმრად ჩვენს ოჯახში. მოგეხსენებათ, ოთხმოცდაათიან წლებში თბილისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ჩვენს ოჯახშიც ორმაგად დაძაბული მდგომარეობა იყო. ძმათამკვლელი ომის სიმძიმეს ისიც თან ერთვოდა, რომ ბიძაჩემი ზ. წ. ამ დროს მთავრობის სახლში იმყოფებოდა და ყოველ წუთს დიდი საფრთხე ელოდა. ჩვენი სახლი ტერიტორიულად ისეთ ადგილზე მდებარეობდა, რომ რეალური საშიშროების წინაშე ვიდექით, ნასროლი ტყვიებისგან ცეცხლი გაჩენილიყო. ამ ყველაფერს კი ისიც ემატებოდა, რომ იმ პერიოდში დედაჩემს თვალის ოპერაცია ესაჭიროებოდა და, მრავალი მიზეზის გამო, ვერ ვიღებდით გადაწყვეტილებას მის საავადმყოფოში მოთავსებასთან დაკავშირებით. მამა გაბრიელი ამ დროს, როგორც ნუგეში, ისე მოგვევლინა. გვიწინასწარმეტყველა, რომ ზვიადი, მის თანამებრძოლებთან ერთად და, მათ შორის ბიძაჩემიც, მშვიდობით გადარჩებოდნენ, დედაჩემის ოპერაციაც კარგად დამთავრდებოდა და ჩვენი სახლიც უვნებელი დარჩებოდა. რა თქმა უნდა, მისი წინასწარმეტყველება გამართლდა.