image

თემა: ავადმყოფობა,  საზრდელის მიღება

507. შენს სიწმიდეს ვთხოვ, ჩემო მამაო! სულით და სხეულით უძლური ვარ და რამოდენიმე დღეა ფიზიკურად ავადვმყოფობ, ისე რომ, იძულებული ვხდები ყოველ დილით საკვები მივიღო; აბაზანითაც ხშირად ვსარგებლობ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩემი სული ღმერთს ჰმადლობს და ამბობს: „მან ეს ავადმყოფობა ჩემი მრავალი ცოდვების გამო დაუშვა“; ხოლო ზოგჯერ ვწუხვარ და სულმოკლედ ვამბობ: „ალბათ არა ვარ ღირსი, სხვებივით წყნარად დღეში ერთხელ რომ ვჭამო ჩემი პური“. მაგრამ აზრი ისევ მეპასუხება: „განა შეიძლება ღმრთის შეპასუხება? განა მან ყველაფერი არ იცის? მის გარეშე ხომ არაფერი ხდება? მოითმინე მადლიერებით“. გთხოვ, ჩემო მამაო, ღვთის წყალობით, ილოცე ჩემთვის და ამიხსენი, როგორ მოვიქცე, რომ წუხილმა არ შთანმთქას.
შენმა სიწმიდემ ჩემს სიწმიდეს მოსწერა, რომ ღვთისადმი შენი სიყვარულისთვის ვილოცო. ხოლო მე, უგუნური მამა, გთხოვ, გონიერ შვილს, იგივე გააკეთე და ილოცე ჩემთვის, რადგან საკუთარ დღეებს ამაოებაში ვფლანგავ. შენ თქვი, რომ ერთხელ მაინც ემადლიერები ღმერთს, მე კი - არასდროს. მაგრამ გაჩუმება არ შემიძლია და ამიტომ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, რომ ვინც უძლურების გამო ჭამს და არა საკუთარი სიამოვნებისათვის, მას ღმერთი არ განიკითხავს. საჭმელები იმიტომ გვეკრძალება, რომ მან გაძღომისა და სხეულის აღგზებისაგან დაგვიცვას, ხოლო სადაც უძლურებაა, იქ მათი მოქმედება უქმდება, იმიტომ, რომ, სადაც უძლურებაა, იქ ღვთის მოხმობაცაა. მე ასე ვმსჯელობ: სხეულს რამდენიც სჭირდება, აუცილებლად უნდა მიაწოდო; და თუ უძლური მადლიერია, ის არ განიკითხება; რამეთუ, ღმერთი ადამიანს არ სთხოვს იმას, რაც მის ძალებს აღემატება. როგორც ვფიქრობდი, ისე გითხარი. არ ვამტკიცებ, რომ მე უცილობელი ჭეშმარიტება ვთქვი, არამედ ის განვაცხადე, რაც გულმა მითხრა. თუმცა, თავად გამოსცადე და ნახავ, რა არის შენთვის სასარგებლო; მე კი შემინდე, რადგან ვერასოდეს ვახერხებ გაჩუმებას.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები