ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ავადმყოფობა, ლოცვა, საზრდელის მიღება
507. შენს სიწმიდეს ვთხოვ, ჩემო მამაო! სულით და სხეულით უძლური ვარ და რამოდენიმე დღეა ფიზიკურად ავადვმყოფობ, ისე რომ, იძულებული ვხდები ყოველ დილით საკვები მივიღო; აბაზანითაც ხშირად ვსარგებლობ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩემი სული ღმერთს ჰმადლობს და ამბობს: „მან ეს ავადმყოფობა ჩემი მრავალი ცოდვების გამო დაუშვა“; ხოლო ზოგჯერ ვწუხვარ და სულმოკლედ ვამბობ: „ალბათ არა ვარ ღირსი, სხვებივით წყნარად დღეში ერთხელ რომ ვჭამო ჩემი პური“. მაგრამ აზრი ისევ მეპასუხება: „განა შეიძლება ღმრთის შეპასუხება? განა მან ყველაფერი არ იცის? მის გარეშე ხომ არაფერი ხდება? მოითმინე მადლიერებით“. გთხოვ, ჩემო მამაო, ღვთის წყალობით, ილოცე ჩემთვის და ამიხსენი, როგორ მოვიქცე, რომ წუხილმა არ შთანმთქას.
შენმა სიწმიდემ ჩემს სიწმიდეს მოსწერა, რომ ღვთისადმი შენი სიყვარულისთვის ვილოცო. ხოლო მე, უგუნური მამა, გთხოვ, გონიერ შვილს, იგივე გააკეთე და ილოცე ჩემთვის, რადგან საკუთარ დღეებს ამაოებაში ვფლანგავ. შენ თქვი, რომ ერთხელ მაინც ემადლიერები ღმერთს, მე კი - არასდროს. მაგრამ გაჩუმება არ შემიძლია და ამიტომ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, რომ ვინც უძლურების გამო ჭამს და არა საკუთარი სიამოვნებისათვის, მას ღმერთი არ განიკითხავს. საჭმელები იმიტომ გვეკრძალება, რომ მან გაძღომისა და სხეულის აღგზებისაგან დაგვიცვას, ხოლო სადაც უძლურებაა, იქ მათი მოქმედება უქმდება, იმიტომ, რომ, სადაც უძლურებაა, იქ ღვთის მოხმობაცაა. მე ასე ვმსჯელობ: სხეულს რამდენიც სჭირდება, აუცილებლად უნდა მიაწოდო; და თუ უძლური მადლიერია, ის არ განიკითხება; რამეთუ, ღმერთი ადამიანს არ სთხოვს იმას, რაც მის ძალებს აღემატება. როგორც ვფიქრობდი, ისე გითხარი. არ ვამტკიცებ, რომ მე უცილობელი ჭეშმარიტება ვთქვი, არამედ ის განვაცხადე, რაც გულმა მითხრა. თუმცა, თავად გამოსცადე და ნახავ, რა არის შენთვის სასარგებლო; მე კი შემინდე, რადგან ვერასოდეს ვახერხებ გაჩუმებას.
508. ამ ძმამ, რომელიც ავად იყო და ლოცვითი კანონის აღსრულება და დღეში ერთხელ საკვების მიღება არ შეეძლო, იმავე დიდ ბერს სთხოვა, რომ ელოცა მისთვის და დაერიგებინა.
სანამ ებრაელები ეგვიპტის მონობიდან განთავისუფლდებოდნენ, ისინი ზღვასა და ბარბაროსთა ხელში იმყოფებოდნენ და უდიდეს ჭირსა და სივიწროვეს ითმენდნენ. და, მიუხედავად ნიშნებისა და სასწაულებისა, რომლებიც მათ მთელს ეგვიპტეში და ეგვიპტელებზე იხილეს, სასწაულთმოქმედი ღმერთი დაივიწყეს; და რადგან ხედავდნენ, რომ ფარაონს მთელი თავისი ძალებით მათზე თავდასხმა სურდა, გადარჩენის იმედი დაკარგეს და სასოწარკვეთილებასთან ახლოს იყვნენ. მათ შორის მხოლოდ მოსე სასოებდა ყოვლადძლიერ ღმერთს და შეურყეველი დარჩა. მაგრამ რადგან: „ახს (ახლოსაა) უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით“ (ფსალ. 144, 18), ამიტომ, როდესაც მოსე გულით მოუხმობდა და „კარი ძნელი ედო ბაგეებზე“, გულთამხილავი პასუხობდა: „რას შემომბღავი? კვერთხი აღმართე და ზღვას დააღირე, შუაზე გაიპობა იგი და მშრალად შევლენ ისრაელიანები, მაშინ გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე, მთელს მის ჯარზე, მის ეტლებზე და მხედრებზე (გამ. 14, 15-17). ასევეა აქ. არის ავადმყოფობა და არის ეშმაკისეული წაბორძიკება - აქედანაა მწუხარება და აზრების შფოთი. სხეულს ავადმყოფობა აუძლურებს და ეშმაკისეული დამძიმებისაგან ბორძიკობს. ხოლო როდესაც მოსე უხმოდ ღაღადებს, ანუ გონება ფხიზლადაა და მჯდომარე ან მწოლიარე მოუხმობს, მაშინ მას ესმის, რამეთუ „მან უწყის საიდუმლოი გულისაი“ (ფსალ. 43, 22) და წერილის სიტყვა სრულდება: „მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი“ (ქებ. 5, 2). ღმერთი ზღვას შერისხავს და ეტყვის: „გაუხსენი ჩემს ხალხს გზა“, და მაშინ ფარაონი, მთელი თავის მხედრობით დაინთქმება და ხალხიც დაწყნარდება, რათა ღმერთს დღესასწაული მიუძღვნას. ამიტომ, იდგები, იჯდები, თუ წამოწვები, დაე შენმა გულმა ფსალმუნთგალობაში იფხიზლოს. ჩაბარდი ლოცვას და ღმერთს დღისით და ღამით უწყვეტად მოუხმე და მაშინ სულის მებრძოლი მტრები სირცხვილეულნი უკუიქცევიან. საკვების მიღება დღეში ორჯერაც შეიძლება, ჭამე ღვთის შიშით და კეთილი კრძალვით და უეჭველად არ განიკითხები. ეს იმას ნიშნავს, რომ ვნებიანი ნდომით არაფერი არ უნდა ვჭამოთ, მაგრამ თუ გვაქვს ის, რასაც ბუნება მოითხოვს, კრძალვით ვჭამოთ და თანაც ისე, რომ ჭამა-სმის შემდეგ საჭმლისაკენ ხმობა ვიგრძნოთ. შენც გთხოვ ილოცე ჩემთვის, რომ იმ სწორ და გაუთოვებულ გზაზე, რომელიც ჩემს წინაშეა გადაშლილი, სულგრძელად და სიხარულით ვიარო მშვიდობით, ხალისით და სიხარულით, სინათლით და მხიარულებით სავსე იმ გზაზე, რომლითაც გაძღომა შეუძლებელია და რომლის გარდა სხვა არც არსებობს.