image

თემა: განსაცდელები,  ვნებათაგან განთავისუფლება

382. მამები, რომელთაც რომელიმე განსაცდელის თაობაზე ლოცვას სთხოვენ, რას ითხოვენ ლოცვაში ღვთისაგან: ვნებისაგან განთავისუფლებას, თუ (ზოგადად) ადამიანისთვის სიკეთეს? და როდესაც აბბა სისოი და სხვა მამები, მოწაფეებისთვის ლოცულობდნენ, როგორ ითხოვდნენ ღვთისაგან ვნებებისაგან მათ განთავისუფლებას? როგორ გავიაზროთ ნათქვამი: ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა (მარკ.9,23)? და კიდევ: იმაზე მეტად თუ არავინ განიცდება, რისი დათმენაც შეუძლია (1კორ. 10,13), მაშინ ეს განსაცდელი ემსახურება თუ არა მის სარგებელს? და მოაქვს თუ არა სარგებელი წმიდათა ლოცვებს?
ძმაო! ვინაიდან ჩვენ ორივე უსაქმურნი ვართ-მეც და შენც, ამიტომ ჩვენს ვნებებს უყურადღებოდ ვტოვებთ და ერთის ნაცვლად სხვას ვკითხულობთ. თუმცა, იმის თაობაზე, რაზეც მეკითხები ასე ვფიქრობ: რადგან სრულყოფილი მამები ღვთისაგან ადამიანისთვის სარგებლის მინიჭებას ითხოვენ, ამიტომ თუ ადამიანისთვის სასარგებლოა, ღმერთი ტოვებს მასში ვნებას მოთმინებისათვის; და თუ მისთვის ვნებისაგან გათავისუფლებაა სასარგებლო-ათავისუფლებს მას, და ამას ჩვენ ღვთის განჭვრეტას მივაწერთ. აბბა სისოი კი თავის მოწაფისათვის ასე იმიტომ ლოცულობდა, რომ ლოცვის უწყება მიიღო. და სხვა ბერიც, ან, უფრო კარგად თუ ვიტყვით, სხვებიც ასევე უწყების მიხედვით ლოცულობდნენ. ხოლო იმაში დასარწმუნებლად, რომ განსაცდელი ადამიანის სარგებელს ემსახურება, მოციქულის სიტყვები შეგვაგონებს, რომელიც ამბობს: ყოველსა შინა ჰმადლობდით. წერილის სიტყვები: ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა, იმას გულისხმობს, რომ ჭირი, რომელსაც ვნებები წარმოშობს, სასოებით დავითმინოთ; სულგრძელად მოვითმინოთ და იობის მსგავსად მამაცურად გადავიტანოთ. ღმერთი კი ადამიანს იმაზე მეტად არ გამოსცდის, რის დათმენასაც ის ვერ შეძლებს; მაგრამ როდესაც მას წმიდათა ლოცვები არ ეხმარება, მაშინ ზოგჯერ, თავის სიზარმაცით, ის თვითონვე ხდება საკუთარი თავის გამყიდველი. დე ღმერთმა შეგინდოს ძმაო, ამაოდმეტყველება.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები