თემა: აღსარება,  სასოწარკვეთილება,  სინანული,  ღვთის გულმოწყალება,  გლოვა ცოდვებისათვის


მოწყალება ღმრთისა.

ერთ-ერთი ქალაქის ეპისკოპოსს შეატყობინეს, რომ მისი მრევლის ორი გათხოვილი ქალი გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. ამ ცნობამ მღვდელმთავარი დიდად დაამწუხრა. იგი ეჭვებმა შეიპყრო, ვაითუ, სხვებიც ასე იქცევიანო და მხურვალე ლოცვა-ვედრებით მიმართა ღმერთს, ჩემი ეჭვები გაფანტე, სინამდვილე გამომიცხადეო.
    მართლაც, იგი საღმრთო გამოცხადების ღირსი გახდა და ყოველივე ნათლად დაინახა: საშინელი ღვთაებრივი მსხვერპლშეწირვის შემდეგ, როცა ეკლესიაში მყოფი მორწმუნენი ერთიმეორის მიყოლებით ეახლებოდნენ წმიდა საიდუმლოებებს და ეზიარებოდნენ, ეპისკოპოსი თითოეულის პირისახეზე ცხადად ხედავდა მისი სულის მდგომარეობას. ცოდვილი კაცების პირისახე ჩაშავებული იყო, თითქოსდა მზისგან გარუჯულაო; ასეთებს თვალებიც წითელი, ჩასისხლიანებული ჰქონდათ. სხვა მორწმუნეებს ნათელი პირისახე ჰქონდათ, ხოლო შესამოსელი - თოვლივით სპეტაკი. უფლის სხეული პირველთ მის მიმღებთ დასწვავდა და შემუსრავდა, სხვებს კი ნათელს ანიჭებდა, სხივმფინარებად აქცევდა : ბაგეებში შესული მთელს სხეულში გადაღვრიდა ნათელს. ამ კაცებს შორის მეუდაბნოე ბერებიც იყვნენ და ერში მცხოვრები დაქორწინებულნიც. მამაკაცთა შემდეგ საღმრთო საიდუმლოს ქალები მიეახლნენ. მათ შორისაც დაინახა ეპისკოპოსმსხვება ზოგნი ჩაშავებული სახეებითა და წითელი, ჩასისხლიანებული თვალებით, სხვები კი - ნათელი და სპეტაკი სახეებით. სხვა ქალებთან ერთად ის ორნიც მოვიდნენ, რომელნიც შესმენილნი იყვნენ ეპისკოპოსის წინაშე. ამიტომ მათ იგი განსაკუთრებულად დააკვირდა. როცა ისინი ქრისტეს საიდუმლოს მიეახლებოდნენ, მღვდელმთავარმა დაინახა, რომ მათი სახეები ნათელი და წმიდა, ხოლო შესამოსელნი - არაჩვეულებრივი სისპეტაკისა იყო.
    გაოცებული ეპისკოპოსი იმ დღეს კვლავ ლოცვად დადგა ღმერთის წინაშე და ევედრა, გამოცხადებაში ნანახი განმიმარტეო. მაშინ მის წინაშე უფლის ანგელოზი წარდგა და უბრძანა, რაც სურდა, ეკითხა. წმიდაეპისკოპოსმა უმალვე იმ ორი დედაკაცის შესახებ ჰკითხა:
    -სამართლიანად იქნენ ისინი შესმენილნი ჩემს წინაშე?
    ანგელოზმა მიუგო, რომ ყოველივე, რაც მათ შესახებ აუწყეს წპისკოპოსს, სიმართლე იყო. მაშინ მღვდელმთავარი ანგელოზს შეეპასუხა:
    -თუ ასეა, როგორღა გაბრწყინდნენ მათი პირისახენი ზიარების დროს, როგორღა ემოსათ ნათელი მოსასხამები და როგორ გამოდიოდა მათგან დიდი ნათელი?
    ანგელოზმა უთხრა:
    -იმიტომ, რომ მათ თავიანთი საქციელი შეინანეს და განეშორნენ მას. სინანულის ცრემლებით, სულთქმითა და აღსარებით ღვთაებრივი მადლის მიღების ღირსნი გახდნენ. ამასთან, მათ აღთქმაც დადეს, რომ თუ უწინდელი ცოდვების შენდობას მიიღებდნენ, საკუთარ თავს მანკიერად მოქცევის უფლებას არასდროს მისცემდნენ. ამისთვის ისინი ღვთაებრივი ცვლილების, ცოდვათა მიტევების ღორსნი გახდნენ, და მას აქეთ თავშეკავებულად, კეთილმსახურებითა და ღვთისმოშიშებით ცხოვრობენ.
    ეპისკოპოსი დიდად გაკვირვებული იყო არა იმდენად ამ დედაკაცთა ფერიცვალების გამო (რამეთუ ეს მრავალთა თავსაც ხდება სინანულის საიდუმლოს ძალით), რამდენადაც ღვთის უსაზღვრო მოწყალებით, რომელმაც არა მხოლოდ იხსნა ისინი საუკუნო სატანჯველისგან, არამედ საღმრთო მადლის ღირსნიც გახადა.
    ანგელოზმა მღვდელმთავარს უთხრა:
    -სამართლიანია შენი განკვირვება, როგორც კაცისა! მაგრამ უფალი ღმერთი ჩვენი, თავისი ბუნებით სახიერი და მოწყალეა. ყველას, ვინც ცოდვიან ქმედებებს მიატოვებს და თავის შემოქმედს სინანულით მიეახლება, აღსარების მეშვეობით თავს არა მხოლოდ საუკუნო ტანჯვისგან იხსნის, არამედ დიდება-პატივის ღირსადაც შექმნის. ღმერთმა ისე შეიყვარა სამყარო, რომ თავისი მხოლოდშობილი ძეც მისცა მას. ძემ ღმრთისა, როცა ადამიანები მისი მტრები იყვნენ, ინება, მომკვდარიყო მათთვის; მით უფრო გაათავისუფლებს მათ ჯოჯოხეთის სატანჯველისგან, როცა ისინი მის სასხლეულებლად იქცნენ და თავიანთი შეცოდებისთვის სინანული მოაქვთ. იგი ნეტარებით ტკბობას მიანიჭებს მათ, რომელიც თავად განუმზადებია მათთვის. უწყოდე, რომ ვერანაირი კაცობრივი შეცოდება ვერ სძლევს ღმერთის მოწყალებას, თუკი ადამიანები სინანულითა და კეთილი საქმეებით განიწმენდენ უწინ ჩადენილ ცოდვებს. ყოვლადსახიერმა ღმერთმა უწყის თქვენი, კაცთა მოდგმის უძლურება, ვნებათა სიძლიერე, ეშმაკის ძალა და მზაკვრობა. იგი ადამიანებს, ვითარცა თავის ძეებს, ცოდვაში შთავარდნას შეუნდობს, მრავალმოთმინედ მოელის მათ გამოსწორებას. როცა ისინი მოიქცევიან და უფალს ევედრებიან, მისი სახიერება მოწყალედ მოხედავს ხოლმე მათ უძლურებას, ტანჯვისგან ათავისუფლებს და მართალთათვის განმზადებულ სიკეთეთ მოჰმადლებს.
    მაშინ ეპისკოპოსმა ანგელოზს ჰკითხა:
    -გევედრები, განმიმარტე იმ სახეების მნიშვნელობა, რომლებსაც სხვადასხვაგვარად შემცოდე პირები იღებენ!
    ანგელოზმა მიუგო:
    -ისინი, ვისაც ნათელი და სიხარულით აღსავსე სახეები აქვთ, თავშეკავებით, უბიწოებითა და სიმართლით ცხოვრობენ, თავმდაბალნი, თანამლმობნი და მოწყალენი არიან. ისინი კი, რომელთაც ჩაშავებული სახეები აქვთ, სიძვა-მრუშობასა და სხვა უსჯულოებათ არიან მიცემულნი; ვისაც თვალები წითელი და ჩასისხლიანებული აქვს, ისინი გაბოროტებასა და უსამართლობაში ცხოვრობენ; მათ უყვართ მოტყუება, მზაკვრობა, - ესენი ღვთის მგმობნი და კაცის მკვლელნი არიან.
    ბოლოს უფლის ანგელოზმა დასძინა:
    -შეეწიე ყველა იმათ, ვისთვისაც ცხონება გსურს! იმიტომაც იქნა შესმენილი შენი ლოცვა, რომ ღვთაებრივი ჩვენებით განათლებულმა, შენს მოწაფეებს ცოდვები განუმარტო; რომ სწავლა-დარიგებებითა და შეგონებებით გამოასწორო, სინანულის მეშვეობით მიძღვანო ისინი მათთვის მომკვდარ და მკვდრეთით აღმდგარ უფალ იესო ქრისტეს. შენი ძალებით, გულმოდგინებითა და უფლის სიყვარულით იზრუნე ყოველი მათგანისთვის, რათა თავიანთ ცოდვათაგან ღმერთისკენ მოიქცნენ; განცხადებულად უთხარი მათ, თუ რომელ ცოდვებს არიან დაქვემდებარებულნი; დაარწმუნე, რომ სასოწარკვეთას ნუ მიეცემიან და ცხონების იმედს ნუ დაკარგავენ! როცა ღმერთს სინანულს შესწირავენ და მისკენ მოიქცევიან, თავიანთი სულებისთვის ხსნას მიიღებენ და მომავალ სიკეთეთა სიუხვეს ეწევიან, ხოლო შენ უფალს მიბაძე, რომელმაც ზეცა დატოვა და ადამიანთა ხსნისთვის ქვეყნად მოვიდა, და უდიდეს ჯილდოს მიიღებ
image
 
თემატური კითხვები