ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)
თემა: სასწაულები, ხატი, განსაცდელები
რატომ ითხოვ განსაცდელიდან მალე გამოყვანას?
ერთხანს ძალიან განვიცდიდი ჩემს უსინათლობას და განსაკუთრებული გულმოდგინებით ვევედრებოდი უფალს, რომ თვალისჩინი დაებრუნებინა (ამ დროს მამა გაბრიელი უკვე რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო). ერთ ღამეს იგი სიზმარში მეჩვენა, მკაცრი და მრისხანე ხმით მეუბნებოდა: რატომ არ აცლი უფალს, ბოლომდე გამოგრწვთნას და რატომ ითხოვ განსაცდელიდან მალე გამოყვანას? ჯერ ნუ სთხოვ უფალს მორჩენას, დააცადე! როდესაც გავიღვიძე, ვილოცე და უფალს და მამა გაბრიელს შევთხოვე, თუ ეს სიზმარი ღვთისგან იყო, მაშინ რაიმე ნიშანი მოეცათ, სიზმრის შესახებ კი არავისთვის მითქვამს. შემდეგ, მცირე ხნით ოთახიდან გავედი. ოთახში დაბრუნებულს კი იმხანად ჩვენთან სტუმრად მყოფმა ოჯახის ახლობელმა ლ. ს.-მ მითხრა: მამა გაბრიელის ნაჩუქარი მაცხოვრის ხატი (რომელიც მისივე ხელით გაკეთებულ ჩარჩოში იყო ჩასმული) შენს საწოლთან კედელზე დავკიდეო. მივხვდი, რომ ეს რაღაც ნიშანი იყო და ვკითხე, ამის სურვილი რატომ გაგიჩნდა-მეთქი (ჩვენ მაშინ ხატები კარადის თავზე გვქონდა მოთავსებული). მან კი მიპასუხა: მინდოდა ხატები მტვრისგან გამეწმინდა და ტილოს ასაღებად ოთახის მეორე კუთხისკენ წავედი. ამ დროს გვერდიდან დავინახე, კარადიდან რაღაც ელვასავით წამოვიდა შენი საწოლისკენ. თავიდან ისე შემეშინდა, გახედვაც არ მინდოდა. ბოლოს ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვნახე, რომ მამა გაბრიელის ნაჩუქარი მაცხოვრის ხატი ლოგინზე თავისით გადმობრძანებულიყო, თან სწორად იყო კედელზე მიყრდნობილი. მივხვდი, რომ ამით ხატმა მანიშნა, თუ სად უნდა დამეკიდა იგიო. არადა, კარადიდან ჩემს საწოლამდე საკმაო მანძილია და ჩამოვარდნის შემთხვევაში ის აუცილებლად ძირს დაეცემოდა. ამის შემდეგ მას "მფრინავი ხატი" შევარქვით. ეს ხატი, მცხეთაში ერთ-ერთი სტუმრობისას, მოულოდნელად მაჩუქა მამა გაბრიელმა: რომ დაგვინახა, დაგვლოცა და გვითხრა, ერთი წუთით დამელოდეთო. შემდეგ კელიიდან ეს ხატი გამოაბრძანა, ხელებში ჩამიდო და მითხრა, შენ გქონდესო. ეტყობა, წინასწარ იცოდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ამ სიწმინდით გაძლიერება დამჭირდებოდა.