თემა: კეთილი საქმეები,  მოწყალება


გონივრული რჩევა მოწყალების გასაცემად.

ერთმა ღვთისმოყვარე თავადმა რომელსაც ღირსი პაისის სახელის დიდი რიდი ჰქონდა (თუმცა პირადად კი არ იცნობდა მას), მოინდომა, მისთვის ყოველგვარი სიუხვე ეჩუქებინა: ამიტომ დიდძალი ვერცხლი და ოქრო წაიღო და წავიდა უდაბნოში, სადაც ღირსი პაისი იღვწოდა. ამ დროს პაისი სხვა ბერთან მიდიოდა და გზაზე შეხვდა თავადს, რომელმაც ჰკითხა:
    -სად ცხოვრობს პაისი?
    რაში გჭირდება ის? - ჰკითხა წმიდა მეუდაბნოემ.
    მე მასთან ოქრო და ვერცხლი მიმაქვს, - მიუგო თავადმა, რომ ღვთის კაცს თვითონაც ჰქონდეს ყოველივე მისთვის საჭირო და სხვა ბერებსაც გაუნაწილოს.
    პაისიმ თვალები ზეცად აღაპყრო და მადლობა შესწირა ღმერთს, რომ ამაო წუთისოფელში კიდევ მოიპოვებიან ისეთი კაცნი, რომელთაც არ დავიწყებიათ მონანი უფლისანი; შემდეგ მოწყალების მომტანს მიუბრუნდა და უთხრა:
    -ქრისტეს მოყვარეო და კაცთა შემწყნარებელო, ღვთის სახელით გარწმუნებ, რომ ბერებს ოქრო და ვერცხლი არ უნდათ; შეგიძლია, ჩქარა იპოვო პაისი, მაგრამ არც ის და არც სხვა ბერები შენგან არაფერს მიიღებენ; აგრე შეწუხებულად მიიქეცი სოფლად: აქ უფალმა აკურთხა საჩუქარი შენი, იქ კი განაპყრო ხელი თვისი, რათა მიიღოს იგი. იქ ბევრს იპოვი გლახაკს, სნეულსა და აოხრებულს, ქვრივსა და ობოლს; იზრუნე მათთვის, გაათბე, აჭამე, ჩააცვი მათ და უფლისგან სამაგიეროს მიიღებ.
    გულუხვი თავადი, რომელმაც არც კი იცოდა, თუ ის ბერი პაისი იყო, მის რჩევას მიჰყვა. ქალაქში დაბრუნდა და ყოველივე დაურიგა ღარიბ მოქალაქეებსა და იმ გაჭირვებულებს, რომელნიც ქალაქის გარშემო იპოვა.
    "უწყოდეთ, რამეთუ რაიცა ვინ ქმნეს კაცად კაცადსა კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინა თუ მონამან, გინა თუ აზნაურმან" (ეფეს. 6,8).
    "მდიდართა მათ ამას სოფელსა ამცენ, რათა არა მაღლოოდენ, არცა ესვიდენ სიმდიდრესა მას უჩინოსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან მომცის ჩვენ ყოველივე საშველად, კეთილისა საქმედ, განმდიდრებად საქმეთა შინა კეთილთა, უხვად მიმცემელ იყვნედ" (1 ტომ. 6, 18-19)
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები