ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ეკლესია
მთელი წირვა არის მოკლედ გამოხატვა და წარმოდგენა უფლისა იესო ქრისტეს ცხოვრებისა. როდესაც მღვდელი, ანუ დიაკონი სახარებასა წაიკითხავს, წარმოიდგინე, რომ გესმის ხმა და ქადაგება თავად უფლისა იესო ქრისტესი. როდესაც მღვდელი სამკვეთლოთგან გამოასვენებს ტარიგსა და შეასვენებს საკურთხეველში და დაასვენებს ტრაპეზზე, იცოდე, რომ ის არის თვით უფალი იესო ქრისტე, შემავალი იერუსალიმს, რათა მიიღოს ტანჯვა და ჯვარცმა ჩვენთვის. ბარძიმში არის მისი სისხლი და ფეშხუმზე მისი ხორცი. ერთის სიტყვით, ყოველსა ეკლესიურს მოქმედებასა და წესსა აქვს თვისი მნიშვნელობა. მაშასადამე, როდესაც შენ სდგეხარ ეკლესიაში, არც გონებითა და არც გულითა არ უნდა იყო უქმი, დაფანტული. გონებითა უნდა გაიზრახვიდე, რას ნიშნავს და რას გვასწავლის ის, რასაც ხედავ და რაიცა გესმის; გული უნდა გქონდეს მდუღარე, მონანული, შემუსვრილი შენისა უღირსებისა და ცოდვისათვის. ამ სახით და ამ შემთხვევაში შენ ეკლესია მოგცემს დიდსა სულიერსა სარგებლობასა. შენ და ეკლესიას შორის დაიბადება მტკიცე და ღვთაებრივი კავშირი. შენ შეიყვარებ ეკლესიასა, მოგეწონება წირვა–ლოცვის მოსმენა; ეკლესიას ექმნება შენს გულში გავლენა და მოქმედება; იგი ცოტ–ცოტად გამოგიცვლის შენ გულს, გაგიკეთებს სასოებას და ხასიათს და ესრედ ცოტ–ცოტად მოამაზადებს სულსა შენსა ზეციერისა სუფევისათვის.