თემა: ავადმყოფობა,  მოთმინება,  სასწაულები


ანგელოზებრივი აღკვეცა.

ნეტარი პიმენი (პეჩორელი, 1110, ხსენება 7/20 აგვისტო) კიევო პეჩორის სავანეში მოღვაწეობდა (XII). ის ბავშვობიდან სუსტი იყო, მაგრამ სხეულის უძლურება სულის სისუსტეს ეწინააღმდეგებოდა. იგი ყოველგვარი სულიერი მანკიერებისგან თავისუფალი და დედის საშოდანვე სრულიად უცოდველი იყო. ღირსი მამა ხშირად ითხოვდა მშობლებისგან მონასტერში წასვლის ნებას, მაგრამ მათ ამის მოსმენაც არ სურდათ. მათ უყვარდათ თავიანთი ავადმყოფი, ერთადერთი შვილი და არანაირი პირობით მასთან განშორება არ სურდათ.
    ერთხელ ახალგაზრდა ავად გახდა. სნეულება ყველა წინანდელ ავადმყოფობას შეუდარებლად აღემატებოდა. მისი სხეული გაურკვეველი მიზეზით ჭრილობებით იფარებოდა და ექიმები უძლურნი იყვნენ, მისთვის რაიმე ეშველათ. მშობლებმა გამოჯანმრთელების ყოველგვარი იმედი დაკარგეს და ყმაწვილის სიკვდილს ელოდნენ. რაღაც მომენტში გულგანგმირულ მშობლებს თავში მაცხოვნებელი აზრი მოუვიდათ - შეწევნისთვის ღვთისა და მისი ყოვლადწმიდა დედისთვის მიემართათ. მათ ხელში აიყვანეს ავადმყოფი ბავშვი, სასწრაფოდ კიევო-პეჩორის მონასტერში წაიყვანეს და მოსაგრე მამებს ფეხებში ჩაუცვივდნენ. ბედკრული მშობლები ქვითინით სთხოვდნენ ბერებს, უფლის წინაშე მათი შვილის ჯანმრთელობისთვის ელოცათ.
    პეჩორელმა მამებმა სნეულის გამოჯანმრთელებისთვის სავედრებელი მსახურება აღავლინეს. თვითონ ავადმყოფი კი უფალს გულმხურვალედ არა გამოჯანმრთელებას, არამედ ავადმყოფობის გახანგრძლივებას ევედრებოდა. ყმაწვილის ლოცვა ბერებისაზე ძლიერი აღმოჩნდა. მან იცოდა, რომ როგორც კი ავადმყოფობა გაივლიდა, მშობლები მონასტრიდან წაიყვანდნენ და ბერად შედგომის მის მხურვალე სურვილს ხელს შეუშლიდნენ. მშობლები ავადმყოფ შვილს არ სცილდებოდნენ. ამის გამო პიმენს სრულიად წართმეული ჰქონდა იმის შესაძლებლობა, იღუმენი ან რომელიმე ძმა განცალკევებით ენახა, რათა მისთვის სული გადაეშალა და თავისი სანუკვარი სურვილი გაენდო.
    გავიდა რამდენიმე დღე. ახალგაზრდის მდგომარეობა გაუარესდა. ერთ ღამეს, როდესაც სარეცელზე იტანჯებოდა, პიმენი ფხიზლობდა და ღმერთს ევედრებოდა. იმავე ოთახში ეძინათ მის მშობლებს და რამდენიმე მუშას. უეცრად... ნათლით გაბრწყინებული ანგელოზები ბრწყინვალე ახალგაზრდების სახით შემოვიდნენ ოთახში და მის საწოლთან დადგნენ. მათ მოჰყვებოდნენ ბერები, რომელთა შორისაც პიმენმა იღუმენი გაარჩია. მათ ხელში ეკავათ ყველაფერი, რაც ბერად აღსაკვეცად იყო საჭირო: მაკრატლები, ჯვარი, სახარება, კაბა, მანტია...
    -ბერად აღკვეცა გსურს? - საოცარი ხმით ჰკითხეს მათ გაოცებისგან გაშეშებულ ავადმყოფს.
    -რა თქმა უნდა, მსურს, - დაუფიქრებლად, სიხარულით უპასუხა ავადმყოფმა, - თქვენ ღმერთმა გამოგგზავნათ! გემუდარებით, აღასრულეთ ჩემი გულისნადები!
    პასუხის მოსმენის შემდეგ ანგელოზების უკან მდგომმა ბერებმა დაიწყეს საბეროდ აღკვეცის საგალობელი, რომელსაც ხარისხის მიხედვით აღასრულებდნენ. ახალგაზრდას სახელად პიმენი უწოდეს. მოჭრილი თმები მათ ხელსახოცში გაახვიეს. ღირსმა მამამ მოისმინა ბერების ნათქვამი, რომ მას თავიანთ ტაძარში დატოვებდნენ.
    გარკვეული დროის შემდეგ ბერი პიმენი სრულ სამონაზვნო შესამოსელსა და დიდ სქემაში იწვა. მის ხელში ანგელოზთა მიერ ნაჩუქარი სანთელი ენთო.
    -შენი სანთელი ორმოცი დღე-ღამის განმავლობაშ ენთება, - უთხრეს ანგელოზებმა, ავადმყოფობა ცხოვრებას განუწყვეტელ მოწამეობად გიქცევს. უფალი უშვებს შენზე ამ ტანჯვას, რამეთუ უწყის შენი მზადყოფნა მოთმინებისთვის. მისი დახმარებით ზეციურ სასუფეველს დაიმკვიდრებ და შეუერთდები ჩაუქრობელ სანთელს, რომელიც ადამიანებს განანათლებს, განამტკიცებს და განსწავლის. ასე რომ, მოთმინება იქონიე და ნახვამდის, ზეცაშ შეხვედრამდე! იცოდე, რომ გარდაცვალების წინ შენი სხეული განიკურნება. ეს იქნება შენი მიძინების საათის მიმანიშნებელი.
    მღვდელმსახურების დასრულების შემდეგ ანგელოზები ღირს მამას ემთხვივნენ და წავიდნენ. წასვლის წინ მათ ტაძარში, ღირსი თეოდოსის საფლავზე ახლადაღკვეცილი პიმენის თმები დატოვეს.
    ამასობაში ბერებმა უახლოეს სენაკებში სასტუმროდან გამოსული გალობის ხმა გაიგეს... იფიქრეს, რომ მათი იღუმენი რამდენიმე მამასთან ერთად ავადმყოფის ბერად აღკვეცას აღასრულებდა, ანდა საბრალო გარდაიცვალა და წესს უგებდნენ. ბერები სასტუმრო ოთახში მივიდნენ და სარეცელს მიჯაჭვული ახალგაზრდა მღვიძარე, სიხარულით გაბრწყინებული და სამონაზვნოდ შემოსილი იხილეს. ღირსი მამის მშობლებსა და მუშებს წყნარად ეძინათ, მთელი ოჯახი კი ენითუთქმელი კეთილსურნელებით იყო სავსე.
    -რა მოხდა, ძმაო? ვინ აღკვეცა ბერად? რა გალობა იყო, რომელიც ჩვენს სენაკებში გავიგეთ, შენს გვრდით მძინარე მშობლებმა კი ვერა?
    -ვფიქრობ, რომ ეს იყო იღუმენი რამდენიმე ძმასთან და ანგელოზის მსგავს ახალგაზრდებთან ერთად. ისინი მოვიდნენ, აღმკვეცეს და პიმენი მიწოდეს. მათვე მომცეს ეს სანთელი და მითხრეს, რომ იგი 40 დღე ენთება. მოკვეცილი თმები ხელსახოცში შეახვიეს და ეკლესიაში მოათავსეს.
    დაბნეულობასა და გაურკვევლობაში მყოფი ბერები ტაძარში გაიქცნენ, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდათ. მათ ტაძრის მორჩილების მქონე ძმები გააღვიძეს და ჰკითხეს:
    -საღამოს მსახურების შემდეგ ტაძარში ვინმე შემოვიდა?
    -არა, მას შემდეგ, რაც დავკეტეთ, შიგნით აღარავინ შემოსულა.
    ტაძარში შესულმა ძმებმა გაოცებით შენიშნეს ღირსი თეოდოსის საფლავზე დაწყობილი ნეტარი პიმენის თმები. ბერებმა დაუყოვნებლივ შეატყობინეს იღუმენს მომხდარის შესახებ. როდესაც მათ მოუსმინა, წინამძღვარი გაურკვევლობაში ჩავარდა და იმის გამორკვევა დაიწყო, ძმათაგან რომელმა გაბედა ავადმყოფის თვითნებურად აღკვეცა. მაგრამ მისმა ძიებამ უშედეგოდ ჩაიარა. გარდა ამისა, დაკეტილ ოთახში ნაპოვნი ხელსახოცი ავადმყოფის თმებით, აგრეთვე ჩაუწველი სანთელი ღვთის აშკარა და საოცარი ბეჭედი იყო.
    ზეციურმა ნიშნებმა გაფანტა იღუმენის ეჭვები აღკვეცის სანდოობის შესახებ და ბერის გული სულიერი სიხარულით აღავსო. აღსრულებულ სასწაულში დარწმუნებული და განმტკიცებული იღუმენი პიმენისკენ გაემართა, ძმურად ემთხვია, აღკვეცა მიულოცა და უთხრა:
    -ძმაო პიმენ, უეჭველია, რომ თვით უფალი ღმერთისა და მისი წმიდა ანგელოზების ხელით მიიღე დიდი და ანგელოზებრივი სქემა. გვიამბე, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი, ვინც აღგკვეცეს? აღწერე ისინი. აი, საბერო აღკვეცის მიმდევრობა. ისინი აქ დაწერილს მიჰყვებოდნენ, თუ თვითონ ამბობდნენ?
    -პატიოსანო მამაო, რას ამბობ? განა შენ არ მოხვედი ძმებთან ერთად და არ აღასრულე ყოველივე, ამ წიგნში დაწერილი? გთხოვ, წმიდაო მამაო, ილოცე ჩემთვის, რომ უფამლა განმამტკიცოს, მოთმინება მომანიჭოს, რათა მოთმინების სიმძიმისა და ავადმყოფობის ჯვრის ზიდვა შევძლო.
    ასე დარჩა ღირსი პიმენი სამუდამოდ პეჩორის მონასტერში. იღუმენსა და ძმებს ანგელოზთა გამოცხადებაში დაეჭვების საბაბი აღარ ჰქონდათ; ღირსი მამის მშობლებმა კი, მომხდარი სასწაულით შეძრულებმა, ვეღარ გაბედეს ღვთის ნებისა და თავიანთი შვილის წინააღდგომა.
    ნეტარმა პიმენმა აღკვეციდან ოცი წელი იცოცხლა, ტანჯვის სარეცელიდან არ წამომდგარა და განუწყვეტლივ ადიდებდა ღვთის სახელს.
    როდესაც ნეტარი მამის გარდაცვალების დრო დადგა, უფალმა შეპირებული ნიშანი მოუვლინა. წინა ღამით მონასტრის ტრაპეზის წინ გაჩნდა სამი ცეცხლოვანი სვეტი, რომლებიც ტაძრის ცენტრში ზეცისკენ ადიოდნენ. უფალმა თავისი ანგელოზები გაგზავნა, რათა მრავალტანჯული პიმენის სული მიებარებინათ. გათენებისას ღირსმა მამამ აღმოაჩინა, რომ მისი სხეული განკურნებულიყო. ავადმყოფობის ყოველგვარი კვალი გაქრა. თვითონ კი თავს ძალებით აღვსილად თვლიდა და ფეხზე წამოდგა. წმიდანი მიხვდა, რომ მისი ამქვეყნიდან გასვლის ჟამი დადგა.
    სიხარულით აღვსილმა პიმენმა ყველა ძმა მოინახულა, შენდობა ითხოვა და გამოეთხოვა მათ.
    -მე მივდივარ; გამოსამშვიდობებლად მოვედი, - ეუბნებოდა მის შემხედვარე ძმებს, რომლებიც საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ.
    შემდეგ პიმენი მონასტრის საავადმყოფოში შევიდა და ავადმყოფებს მიმართა:
    -ძმანო ჩემნო! ღვთის სახელით ადექით და გამომყევით!
    ამ სიტყვებზე ყველა ავადმყოფი განიკურნა. ისინი ფეხზე ადგნენ და თავიანთ კეთილისმყოფელს გაჰყვნენ, თან ღმერთს ადიდებდნენ. ნეტარი პიმენი ტაძარშ შევიდა და ითხოვა, უკანასკნელად ეზიარებინათ ღვთაებრივი საიდუმლოებებისთვის.
    შემდეგ მან კუბო მხრებზე შემოიდგა და გამოქვაბულისკენ, თავისი დაკრძალვის ადგილისკენ გაეშურა, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე იქ არასოდეს ყოფილა, რომ აქამდე იქ არასოდეს ყოფილა და არც იქით მიმავალი გზა უსწავლებია ვინმეს. გამოქვაბულში შესულმა პიმენმა წმიდა ანტონის ნაწილებს მუხლი მოუყარა და მის უკან მიმავალ ძმებს უჩვენა ადგილი, სადაც უნდა დაკრძალულიყო.
    შემდეგ ღირსი მამა გაჩუმდა და ლოდინი დაიწყო, გასაოცარი, სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც მოულოდნელად წმიდანის ხმამ დაარღვია:
    -ძმებო, ისინი მოვიდნენ! მოვიდნენ ისინი, ვინც ბერად აღმკვეცეს. მათ თავისთან მივყავარ!
    ამ სიტყვებით ნეტარი პიმენი კუბოში ჩაწვა, თვალები დახუჭა და უფალს წყნარად მიაბარა სული. პეჩორელმა მამებმა უდიდესი პატივით დაასვენეს პიმენის პიმენის პატიოსანი სხეული მის მიერ მითითებულ ადგილას, თან ყოვლად მოწყალე ღმერთს ადიდებდნენ და უგალობდნენ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
18 მაისს არის ხსენება:
მოწამე საგდუხტ ქალწული (ძვ. სტ. 5 მაისს)