თემა: კეთილი საქმეები,  მოწყალება


მეუდაბნოეთა მოყვარე და მომლოცველთა მოყვარე.

ეგვიპტეში ორი ღვიძლი ძმა ცხოვრობდა - პაისი და ისაია, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ვაჭრის შვილები იყვნენ. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება ორ თანაბარ ნაწილად გაყვეს და ერთმანეთში განსჯიდნენ, როგორი ცხოვრება აერჩიათ. ისინი ამბობდნენ:
    -თუ ვაჭრობას დავიწყებთ, ვინ იცის, გარდაცვალების შემდეგ ვის დარჩება ჩვენი ნაშრომი? ამასთან ერთად, სულ უნდა გვეშინოდეს, რომ არ გავკოტრდეთ, ან ყაჩაღები არ დაგვესხნენ თავს, ან ზღვაში არ ჩავიძიროთ.
    დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, ქონება თავიანთი სულის სასარგებლოდ საუნჯეთა ზეციური დამცველისთვის მიებარებინათ.
    ამ განზრახვით ერთმა მათგანმა მთელი თავისი ქონება ღატაკებს, ღვთის ტაძრებს, განდეგილთა სავანეებს გადასცა და ისე, რომ თავისთვის არაფერი დაიტოვა, უდაბნოში წავიდა. იქ თავისი შრომით იკვებებოდა, ლოცულობდა ღვთის წინაშე და ვნებებს თრგუნავდა. მეორემ, სოფელთან ახლოს პატარა მონასტერი აიშენა, უცხო მომლოცველებს თავშესაფარს აძლევდა და ღატაკებს აჭმევდა; მან მომსვლელთათვის სენაკები და საავადმყოფოები მოაწყო, სადაც ყველას შეეძლო მოსვენება, ყველას გულმოდგინედ ემსახურებოდა, შაბათსა და კვირას კი ღატაკებისთვის ორ, სამ და ოთხ ტრაპეზსაც კი აწყობდა. ასე ცხოვრობდა ორივე ძმა სიცოცხლის ბოლომდე.
    მათი გარდაცვალების შემდეგ ბერები საუბრობდნენ, რომელი უფრო სათნო-ეყო ღმერთს, პაისი თუ ისაია? ერთნი განადიდებდნენ მას, რომელმაც ერთბაშად გასცა თავისი მამულები და უდაბნოში განმარტოებაში წავიდა; მეორენი უპირატესობას ანიჭებდნენ იმას, რომ საუნჯე გამოყენებული ყოფილიყო მთელი ცხოვრების მანძილზე მომლოცველთა, ღატაკთა და ავადმყოფთათვის.
    მათ თვითონ ვერ გადაწყვიტეს ეს სულიერი დავა. მაშინ ღირს პამბასთან მივიდნენ და ჰკითხეს, რომელი მიიღებდა ძმათაგან მეტ მადლს ღვთისაგან - პაისი თუ ისაია?
    -ისინი ორივე ერთნაირად სათნო არიან ღვთისათვის, - უპასუხა წმიდა ბერმა, - რადგან მომლოცველთა მოყვარული სათნო ეყო მართალ აბრაამს, მეუდაბნოეთა მოყვარე კი - წინასწარმეტყველ ილიას.
    -მაგრამ მეუდაბნოეს, - წინააღმდეგობა გაუწია ზოგიერთმა ძმამ, - აღასრულა სახარებისეული მცნება: "განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე" (მათე 19, 21). მომლოცველთა მიმღები კი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი მამული ღატაკებს გაუნაწილა, თვითონაც მშვიდად იყო: ჭამდა და სვამდა ავადმყოფებთან და მომლოცველებთან ერთად“.
    ამის საწინააღმდეგოდ, მეორე მხარე ამტკიცებდა, რომ მომლოცველთა მოყვარულმაც აღასრულა სიტყვა ქრისტესი: „ძე კაცისაი არა მოვიდა, რაითამცა იმსახურა, არამედ მსახურებად“;
    ისაია მთელი დღეების განმავლობაში დადიოდა, ეძებდა მომლოცველებს, ღატაკებსა და ავადმყოფებს, შეჰყავდა ისინი თავიანთ სახლში და მოასვენებდა; ისაია ძალიან ბევრ ადამიანს ემსახურებოდა; თუკი ერთი ჭიქა წყალიც კი, მწყურვალისთვის მიწოდებული, ღვთისგან ჯილდოს გარეშე არ დარჩება, რაოდენ დიდ საზღაურს მიიღებს ეს უცხოთა შემწყნარებელი! როდესაც ძმათა ასეთი აზრთა სხვადასხვაობა დაინახა, მამა პამბამ უთხრა მათ: „ძმანო, მოითმინეთ, სანამ თვით უფალი არ გადაწყვეტს ამ საკითხს, რაც თქვენი კამათის საგანი გამხდარა, მე ვილოცებ ამის შესახებ".
    რამდენიმე დღის შემდეგ მასთან მეორედ მივიდნენ ძმები და კვლავ ჰკითხეს ამ ორი ღვთივსათნო მამის მომავალი ბედის შესახებ.
    -ღმერთი მოწმეა, - უთხრა მათ ღირსმა პამბამ, - რომ ორივე ძმა, მეუდაბნოეთა მოყვარე პაისი და მომლოცველთა მოყვარე ისაია ერთად ვიხილე სასუფეველში". ეს რომ მოისმინეს, ორივე შეხედულების მქონე ძმები ერთმანეთში შეთანხმდნენ, ღმერთი ადიდეს და თავიანთ სენაკებში წავიდნენ.
    ღვთივსათნო მეუდაბნოე ლოცულობს ჩვენი ცოდვების გამო და ამით გვიმსუბუქებს ცხოვნების მძიმე გზას. სათნოებათმოყვარე ერისკაცი გაიღებს წყალობას ღატაკებზე და ამით უმსუბუქებს ხვედრს ტანჯულ კაცობრიობას. განა ორივე მათგანი არ იმსახურებს სასუფევლის ნეტარებას, რომელიც უფალმა თავის მოყვარულებს მოუმზადა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები