image

თემა: განსაცდელები,  რწმენა

383. თუ მე, წმიდანების ლოცვა-კურთხევით განსაკუთრებული საჭიროების, ან რაიმე სასიკეთო საქმის, ან წმინდა მამებთან წასვლის გამო, იმ გზაზე მომიწევს გავლა, რომელზეც ავაზაკთა თავდასხმის საშიშროებაა: მითხარი, ჩემო მამაო, როგორ გავიარო ის? სიფრთხილის გარეშე და წმიდათა ლოცვა-კურთხევის იმედით, თუ რაღაც სხვაგვარად? და თუ შემთხვევით მაინც ავაზაკთა ხელში აღმოვჩნდი, რა ვიფიქრო მაშინ საკუთარ თავზე და ჩემთან მყოფებზე, და ასევე ჩემს ხელთ არსებულ ნივთებზე? ხოლო თუ ავაზაკების შესახებ წინასწარ არ ვეტყვი აბბას, მაშინ დავბრუნდე და ვუთხრა მათ შესახებ თუ არა?
თუ ჩვენ სადმე გაგვაგზავნიან და რომელიმე წმინდანისაგან ლოცვა კურთხევას მივიღებთ, მაშინ იმედი უნდა გვქონდეს, რომ ღმერთი ყოველმხრივ შეგვეწევა. ერშიც, როდესაც ვინმე თავის სახლს ძლიერ ადამიანს აბარებს, ეს უკანასკნელი მისი პატრონის პატივისცემის გამო, არც თუ მცირე ყურადღებას იჩენს სახლისადმი: და მით უმეტეს სრულად მიიღებს ღმერთი წმინდანთა ლოცვა-კურთხევას იმ ადამიანის დასაცავად, ვისაც ისინი მიაბარებენ; რამეთუ მასზეა ნათქვამი: "ნებაი მოშიშთა მისთაი ჰყოს და ვედრებისა მათისაი შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი" (ფსალმ. 144,19). ამრიგად, ყველა შემთხვევაში უნდა გვრწამდეს, რომ წმინდანთა ლოცვა-კურთხევას სრულყოფილი ძალა აქვს ადამიანის შეწევნისა და ხსნისათვის. და თუ, ლოცვა-კურთხევის მიღების შემდეგ, რაიმე ჭირი შეგვემთხვა, ან ნივთები დავკარგეთ, ან ღვთის დაშვებით გზაზე განსაცდელში აღმოვჩნდით, ამან არ უნდა დაგვანაღვლიანოს და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ უძლურია ის, ვინც ღმერთს მიგვაბარა; კი არ უნდა დავბრკოლდეთ მისი ნათქვამის გამო, რადგან მის ლოცვა-კურთხევას ნივთების დაკარგვა ან სხეულის დასახიჩრება მოჰყვა, არამედ გავიხსენოთ, რომ თავად ღვთაებრივი მოციქული, უკვე ძლიერი, სრულყოფილი და წმინდა, ყველაფერ ამას ექვემდებარებოდა და იქადოდა, როდესაც ამბობდა: "ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიხსნნა ჩუენ, და მიხსნის, რომელსა-იგი ვესავთ"(2კორ.1,10), რომ "მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს იგინი უფალმან"(ფსალ.33,20), და რომ "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა (საქმე მოც.14,22),და კიდევ: "ვინც გამოუცდელია მცირედმცოდნეცაა"(ზირ.34,10) და უხმარია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არცერთი კეთილი საქმე მწუხარების გარეშე არ აღესრულება, რამეთუ მას ეშმაკის შური უპირისპირდება. და თუ გზას მწუხარების გარეშე გავივლით, ნუ დავიწყებთ მაღალბრძნობას, რომ თითქოს ჭირს ღირსეულად დავაღწიეთ თავი, არამედ დაე გვახსოვდეს, რომ ღმერთმა, იცის ჩვენი უძლურება და რადგან ჭირის დათმენა არ შეგვიძლია, ამიტომ წმიდათა შუამდგომლობით მწუხარებისაგან დაგვიფარა; რამეთუ ჭირსა და განსაცდელში მყოფზე დაწერილია: "ნეტარ არს კაცი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს და მოიღოს გვირგვინი ცხორებისაი"(იაკ.1,12). მაშ დაუკვირდი, როცა წმინდანებისაგან ლოცვა-კურთხევას აიღებ სიფრთხილის გარეშე არ გაიარო შენი გზა; და თუ გზაზე ავაზაკების, ან რაიმე საფრთხის შესახებ შეიტყობ, მტკიცედ დადექი და ეცადე მთელი ძალებით თავი დააღწიო მათ და ღვთისადმი ლოცვით და წმინდანთა ლოცვა-კურთხევის ხსოვნით, სხვებთან ერთად ის გზა ან სიფრთხილით გაიარე, ან იკითხე, რომელი გზითაა შესაძლებელი უსაფრთხო სვლა. და თუ რაიმე სასიკეთო საქმეზე, ან რომელიმე წმინდა მამასთან წახვალ და ავაზაკების ან სხვა საშიშროების შესახებ გზაზე შეიტყობ, მაშინაც ნუ გაკადნიერდები და ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე ნუ დაადგები იმ გზას, რომ ასე მაინც გაექცე ქედმაღლობას და საშიშროებას. ყველამ მადლიერებით უნდა დაითმინოს ის, რაც ღვთის დაშვებით მასზე მოიწევა და თვითნებურადაც არ უნდა ჩაიგდოს თავი განსაცდელში. ისეთი შემთხვევებიც ვიცით, რომ როდესაც ზოგიერთი წმინდანი, რომელიმე სხვა მეუდაბნოე მამასთან წასვლას განიზრახავდა, შეიტყობდა რა ავაზაკების ან სხვა რაიმე ჭირის შესახებ, განზრახვას გადადებდა. ეს ჩვენს დამდაბლებას ემსახურება. ხოლო თუ შეიტყობ ან მოიმენ, რომ გზა სახიფათოა, ეცადე ჰკითხო აბბას: რას მირჩევ, როგორ მოვიქცე? და როგორც ის გეტყვის, ისე მოიქეცი. და თუ თქმა დაგავიწყდა, მაგრამ, ლოცვა-კურთხევით წასულს გზაზე გაგახსენდება, მაშინ დაბრუნება არაა საჭირო, არამედ ილოცე ღვთისადმი და თქვი: მეუფეო! შემინდე ჩემი დაუდევრობა და შენი წმიდანის ლოცვით და შენი გულმოწყალებით, შენი ნებისაებრ წარმართე გზა, მიხსენი და დამიფარე ყოველგვარი ბოროტი და სამწუხარო შემთხვევისაგან, რამეთუ საუკუნოდ იდიდება შენი სახელი, ამინ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები