თემა: სიმდიდრე,  ცხონება,  მოწყალება


ღვთივსათნო მხატვარი.

მდიდარმა დიდებულმა ახალგაზრდა ოქრომჭედელს ჯვარი შეუკვეთა და მისი ძვირფასი ქვებით მორთვა სთხოვა, რათა იგი ღვთის ტაძრისთვის შეეწირა. მან მიუწონა ოსტატს საჭირო რაოდენობის ოქრო და გაისტუმრა იგი.
    ახალგაზრდა ღვთისმოშიში იყო. იგი თან მუშაობდა და თან ფიქრობდა:
    -რამხელა შესაძლებლობა აქვს ამ მდიდარ ადამიანს ცხონებისათვის! რამხელა მადლს მიიღებს ღვთისგან, როცა ამდენ ოქროს აძლევს! მაშ, რატომ არ დავამატო მეც ჩემი ოქრო ამ ჯვრისთვის, რათა მასთან ერთად მივიღო საზღაური ზეცაში?
    როგორც გადაწყვიტა, ისეც მოიქცა: დაუმატა ჯვარს თავისი უკანასკნელი ათი ოქრო და სამუშაოს დასრულების შემდეგ დიდებულს მიუტანა იგი, რათა აეწონა ოქრო და შემდეგ მასში ქვები ჩაესვათ.
    როგორ გაოცდა დიდებული, როდესააც დიანახა, რომ ჯვარი მის მიერ მიცემულ ოქროზე მეტს იწონიდა!
    -რას ნიშნავს ეს? - ბრაზით თქვა მან, - რასაკვირველია, შენ დამიმალე რამდენიმე ოქრო, შემდეგ კი მას დაუმატე და წონაში შეგეშალა? გამოტყდი, გამოუცდელო მატყუარავ!
    -გულთამხილავი ღმერთი მოწმეა, - უპასუხა ახალგაზრდა კაცმა, - შენი ოქროს ერთი მარცვალიც არ ამიღია, არამედ ჩემი დავამატე, რათა შენთან ერთად აღმესრულებინა კეთილი საქმე; ვიმედოვნებ, რომ ქრისტე ჩემგანაც მიიღებს იმ მცირეოდენ შეწირულობას, როგორც მიიღო ქვრივის ორი წვლილი.
    -მაგრამ მართლაც ამ განზრახვით მოიქეცი ასე? - შეეწინააღმდეგა გაოცებული დიდებული.
    -ვფიცავ ზეცასა და მიწას! - უპასუხა ახალგაზრდამ.
    მაშინ ღვთისმოშიში დიდებული მოეხვია ახალგაზრდას და უთხრა:
    -რადგან ასეთი კეთილშობილი განზრახვა გქონია, რომ ჩემთან ერთად ზეცაში გქონდეს წილი, მაშ ამ წუთიდან მიწაზეც გქონდეს წილი: მე გიშვილებ და ჩემი მამულების მემკვიდრედ გაგხდი. ერთად ვადიდოთ ღმერთი, რომელიც გვანიჭებს აქაც და მომავალ ცხოვრებაშიც მათ, ვინც მას თავის ნიჭს შესწირავს.
    ამის შემდეგ დიდებული და ახალგაზრდა განუყრელად ერთად ცხოვრობდნენ, როგორც მამა და შვილი. ასე აჯილდოვებს უფალი ყველას, რომლებიც გულმოდგინედ შესწირავენ მას თავის ნიჭს
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები