ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ლოცვა
ჭეშმარიტი ლოცვა არის პირველად თავის ცნობა, თავის სულიერი მდგომარეობის შეტყობა, როდესაც კაცი თვისითა ჰაზრითა და გონებითა მიბრუნდება თავის თავისკენ, გამოიკვლევს თვისის საკუთარის სულიერის ცხოვრების სახესა, შეიტყობს თვისსა შემცოდაობასა, ცხადად დაინახავს თვისსა სიგლახაკესა, შეშინდება თვისისა უღირსებისაგან, შეწუხდება და იურვის, უნებლივად მიმართავს ღვთისადმი, სული და გული მისი უნებლივად მიიქცევა ზეციერისა მამისა მიმართ. ვინც ესრეთ კეთილად გამოიკვლევს თავსა, მას აქვს სული შემუსვრილი და გული დამდაბლებული; იგი ლოცულობს არა ბაგითა და ენითა, არამედ გულითა და სულითა.