ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ლოცვა
ჭეშმარიტი ლოცვა არის ღვთის ძებნა; იგი არის მოძრაობა და მისწრაფება კაცის სულისა ზეციერისა მიმართ მამისა. ჭეშმარიტ ლოცვაში კაცის სული თითქმის გამოვა ხორცთაგან და შევა ცათა შინა. მაშინ იგი ცხადად ჰგრძნობს ღვთის სიახლოვეს და არათუ სიახლოვესა, არამედ მასთან ერთობას. როდესაც კაცის გულში გაჩნდება მადლი ჭეშმარიტისა ლოცვისა, მაშინ გული მისი ადუღდება და როგორც მშიერი კაცი პურისა და მწყურვალე სასმელისა, ეგრეთვე იგი ეძიებს მადლსა და ლხინებასა ღვთისადმი. ამ მდგომარეობაში იყო სული დავით წინასწარმეტყველისა, როდესაც მან ღაღად-ჰყო: "ვითარცა სახედ სურის ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო; მოსწყურდა სულსა ჩემსა ღვთისა მიმართ ცხოველისა, ოდესმე მივიდე და გამოვეცხადო პირსა შენსა, უფალო".