თემა: ლოცვა,  სასწაულები


უფალი შეიწირავს ლოცვას, მიუხედავად მლოცველის სახისა.

ოდესღაც კუნძულ კვიპროსზე იმდენად ხანგრძლივი გვალვა იყო, რომ მთელი ბალახი და ნაყოფი გახმა და ქვეყანას საშინელი შიმშილი ემუქრებოდა. ეპისკოპოსმა ხალხი შეკრიბა და საზეიმო ლოცვა აღავლინა უფლის წინაშე, რათა ჰაერისთვის ტენი მიენიჭებინა. შუა გალობისას ზეციური ხმა მოესმა:
    -მიდი ქალაქის ამა და ამ ჭიშკართან და ვისაც პირველს დაინახავ შემოსულს, მას სთხოვე ლოცვა. მისას შეისმენს ზეცა.
    დილის ლოცვის შემდეგ ეპისკოპოსი საეკლესიო ამალასთან ერთად გამოვიდა და ქალაქის კარიბჭესთან დაჯდა. უეცრად შემოვიდა ერთი ბერი, ტომით ეთიოპიელი, მხრებით შეშა მოჰქონდა, რათა ქალაქში გაეყიდა. ეპისკოპოსი ადგილიდან ადგა და შეაჩერა. ბერმა მხრებიდან ტვირთი მოიხსნა, წმიდანს მეტანია გაუკეთა და კურთხევა სთხოვა. მაგრამ ეპისკოპოსმა თვითონ სცა თაყვანი და უთხრა:
    -მამაო! უფლის სახელით გთხოვ, ვილოცოთ ღვთის წინაშე, რათა თავის ხალხზე წყალობა მოიღოს და დედამიწას ნამი მოუვლინოს.
    გაოცებულმა შეშის მზიდველმა აღარ იცოდა, რა ეპასუხა ეპისკოპოსისთვის, მაგრამ როდესაც მთელმა ამალამ იგივე გაუმეორა, თქვა:
    -მე ცოდვილი ვარ, როგორ შემიძლია ადამიანებისთვის ვილოცო?
    მაგრამ წმიდანი თავისაზე იდგა. ბოლოს ის უფლის სახელით აიძულეს; ბერმა მუხლი მოიყარა, ხელები ზეცად აღაპყრო; უეცრად ღრუბლები მოგროვდა და წვიმის ხმა გაისმა.
    ლოცვის დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა ბერს ჰკითხა:
    -მოყვასის სიყვარულისა და საერთო სიკეთისთვის გვითხარი, როგორ ატარებ შენს ცხოვრებას, რათა ჩვენც შენგან ავიღოთ მაგალითი და ასევე ვიცხოვროთ.
    -შემინდე, უფალო! - მიუგო თავმდაბალმა ბერმა, - მე ცოდვილი ადამიანი ვარ; იმისთვის დავიბადე, რომ ამაოებაში მეცხოვრა: ყოველ ღამე ქალაქიდან გამოვდივარ, დაჭრილი შეშა გამომაქვს, ვყიდი და მხოლოდ ამ შრომით მოვიპოვებ ლუკმა პურს. არც ნათესავები მყავს, არც სახლი მაქვს და ეკლესიასთან მძინავს. როდესაც ცივა ან წვიმს, ერთი-ორი დღე არ ვჭამ. შრომისგან თავისუფალ დროს ლოცვაში ვატარებ.
    ეპისკოპოსმა და მთელმა საეკლესიო ამალამ სულისთვის სარგებელი მიიღო და უფალი ადიდა.
    -შენ საკუთარი თავით დაამტკიცე წმიდა წერილის ჭეშმარიტება, - უთხრეს მათ ბერს, - რომელიც ბრძანებს: სტუმარი ვარ მიწაზე.
    შემდეგ ეპისკოპოსმა ის თავისთან წაიყვანა, მშვიდი და წყნარი სენაკი უბოძა და უზრუნველყოფდა მას, სანამ მარადიულ სოფელში არ გადავიდა.
    დაე, ეს ბერი გახდეს ჩვენთვის მაგალითი იმისა, რომ ადამიანის სათნოებანი მისი მდგომარეობის ან გარეგნობის მიხედვით არ განვსაჯოთ
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები