ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: ლოცვა, სახარების კითხვა, ყურადღება
გაღვიძებისას - მკვდრეთით აღდგომის სახედ, რომელიც ყოველ ადამიანს მოელის - აზრი ღმერთისკენ მიმართე, მსხვერპლად შესწირე მას გონების ახლად გამოღებული ნაყოფი, რომელსაც ამაო სოფლის შთაბეჭდილებები ჯერ არ შეხებია. ჩუმად, ძალიან ფრთხილად გააკეთე ყველაფერი, რაც ახლად გამოღვიძებულ სხეულს სჭირდება, მერე კი შენი პირადი ლოცვის კანონი შეასრულე, ოღონდ იმდენად ლოცვის რაოდენობაზე ნუ იფიქრებ, რამდენადაც მის ხარისხზე: ეცადე, ყურადღებით ილოცო, ყურადღების შედეგად კი გული ლმობიერებითა და ნუგეშინისცემით გაცოცხლდება. ლოცვის კანონის შემდეგ ახალი აღთქმა იკითხე, განსაკუთრებით კი სახარება - ისევ და ისევ ყურადღების თანხლებით. კითხვისას ეცადე კარგად შენიშნო ქრისტეს ყველა მცნება და დარიგება, რათა შენი საქმეების - ხილულის თუ უხილავის - მათ მიხედვით წარმართვა შეძლო.