ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ლოცვა, მადლი
შინაგანი ცხოვრების ჩასახვამდე და ღმერთთან ურთიერთობის ან მადლის ზემოქმედების საგრძნობ განცხადებამდე, ადამიანი ხშირად თვითნებურად მოქმედებს და ძალისხმევას ამ საქმეს ახმარს, მაგრამ - უშედეგოდ. მალე ძალა გამოეცლება და მთელი სულით ნებდება მადლის ყოვლისშემძლეობას. მაშინ მას უფალი ეწევა და თავისი წყალობით მასში შინაგანი სულიერი ცხოვრების ცეცხლს აღანთებს. ამ დიადი გადატრიალების საქმეში ადამიანის ძალისხმევა რომ არაფერს ნიშნავს , ეს მან გამოცდილებით იცის. მეტნაკლებად ხშირი განშორებით ღვთის მადლი იბეჭდება მასში და გამოცდილებით არწმუნებს, რომ ამ ცეცხლის შენარჩუნებაც არაა მისი პირადი ძალისხმევის შედეგი. შემდგომში კეთილი აზრებისა და ქმედებების ხშირი მიგნება, ლოცვის განწყობის ხშირი სტუმრობა, იმის შეუცნობლად, თუ საიდან და როგორ მოეახლებიან ისინი, არწმუნებენ მას, რომ ყოველგვარი სიკეთე მხოლოს ღვთის მადლის ზემოქმედებითაა შესაძლებელი, რომელიც ღვთის წყალობით მუდამ იმასთანაა, ვინც მას მოუხმობს და ის ყველას ცხოვნებაზე ზრუნავს. ადამიანი ნებდება უფალს და უფალი ყოველმხრივ მოქმედებს მასში. გამოცდილებით რწმუნდება, რომ ყველაფერი სასიკეთოდ მაშინ წარიმართება, როდესაც ის, სწორედ ასეთი უფალზე სრული მინებების სურვილით განიმსჭვალება, უკან აღარ იხევს და ცდილობს ფხიზლად იყოს ამ მხრივ.
თეორიის მიმდევრებს ძალზედ აინტერესებთ მადლისა და თავისუფლების ურთიერთდამოკიდებულების საკითხი. ვინც მადლითაა შემოსილი, მისთვის ეს საკითხი თვით საქმითაა გადაჭრილი. მადლის მატარებელი თავს მადლის ყოვლისმოქმედებას განიცდის და მასში მადლი მოქმედებს.
ეს ჭეშმარიტება მისთვის არამარტო ყველანაირ მათემატიკურ ჭეშმარიტებაზე უცხადესია, არამედ ყოველგვარ გარეგან გამოცდილებაზეც აღმატებული, რამეთუ მან უკვე დაასრულა ცხოვრება გარეთ და მთლიანად შემოკრებილია შიგნით. საზრუნავი ერთიღა აქვს - მუდმუვად უერთგულოს მასში მყოფ მადლს. მადლისადმი, ანუ უფლისადმი თავის ერთგულებას ადამიანი იმით ამტკიცებს, რომ აზრში, გრძნობებში, საქმეებში, სიტყვებში ისეთს არაფერს დაუშვებს, რასაც ღვთისადმი საწინააღმდეგოდ შეიცნობს და პირიქით, არცერთ საქმესა და წამოწყებას არ დაუშვებს ხელიდან, სანამ არ აღასრულებს მას, თუ იცის, რომ ის ღვთის ნებითაა. ეს ზოგჯერ დიდ შრომას, საკუთარ თავთან ბრძოლასა და მტკივნეულ იძულებას ითხოვს, მაგრამ ის ხარობს, როცა ყველაფერს ღმერთს სწირავს, რამეთუ ასეთი მსხვერპლის ფასად ის შინაგან საზღაურს: სიმშვიდეს, სიხარულს და ლოცვაში განსაკუთრებულ სითამამეს იღებს.
მადლის მიმართ ასეთი ერთგულების გამო, მადლისმიერ ნიჭს სიმხურვალე იმ ლოცვის მეშვეობით ემატება, რომელიც ამ დროისათვის უკვე ფესვგადგმულია. ჰაერმა უნდა იმოძრაოს კოცონი რომ აენთოს და ცეცხლი მომძლავრდეს. სწორედ ასევე, როდესაც გულში მადლის ცეცხლი დაინთება, საჭიროა ლოცვა, რომელიც გულისათვის ერთგვარი მოძრავი სულიერი ჰაერია. რა არის ეს ლოცვა? ლოცვა გულში გონების უწყვეტი მიმართვაა ღვთისაკენ, ანუ მისი ხმობა, ან უამისოდ მხოლოდ მინდობა და გულში მისდამი შემუსვრილი შევრდომაა. ამ მოქმედებაში, ან უფრო აწორად, ამ განწყობაში შინაგანი სითბოს და მთელი შინაგანი წესრიგის შენარჩუნების, უკეთური და ფუჭი აზრების განდევნის, სასიკეთო აზრებისა და ზრეხვების მთავარი საშუალება იმალება. თუ კეთილი აზრები და ზრახვები ჩნდება, ლოცვაში ჩაღრმავებით. დააკვირდით, გტოვებენ ისინი ლოცვაში თუ თქვენთან არიან და აქედან გამომმდინარე, იოლად შეიტყობთ სათნონი არიან ისინი ღვთისათვის, თუ - არა. თუ უკეთური აზრები გეწვიათ და სული შეგიშფოთათ, ისევ ჩაღრმავდით ლოცვაში, არ მიაქციოთ ყურადღება შფოთის მიზეზს და ყველაფერი გაუჩინარდება. ასე რომ, გონიერი ლოცვა მთავარი მამოძრავებელი და სულიერი ცხოვრების წარმმართველია. ამიტომ, გასაკვირი როდია, რომ მამათა ნაწერებში ყველა დარიგება უპირატესად უფლისადმი გონიერი ლოცვის იმგვარი შესწავლისაკენაა მიმართული, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს